თბილისის გერმანული სკოლა ახალი შენობის მშენებლობაში 4,5 მლნ ევროს ინვესტიციას ჩადებს

თბილისი (BPI) – 2016 წლის პირველი დიდი გერმანული ინვესტიცია საქართველოში განათლების სფეროში ჩაიდება: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა ახლო მომავალში 4,5 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს ბაგებში სკოლის ახალი შენობის ასაშენებლად.

გერმანიის ფედერალური მთავრობა მშენებლობისათვის 3,2 მილიონ ევროს გამოჰყოფს. გერმანიის ელჩმა ბეტინა კადენბახმა და თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ 2016 წლის 3 მარტს საზეიმო ცერემონიის ფარგლებში ელჩის რეზიდენციაში შესაბამის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა 2010 წელს დაარსდა და მას ამჟამად ექვსი კლასი აქვს. სკოლასა და მის ბაღში დღესდღეობით 109 ბავშვი სწავლობს.

სკოლის კავშირს დაგეგმილი აქვს, 2022 წლამდე სკოლა აქციოს სრულყოფილ გერმანულ საზღვარგარეთის სკოლად, რომელსაც ექნება 12 კლასი და რომელშიც სამასამდე ბავშვი ისწავლის. საბავშვო ბაღში კი სამოცამდე ადგილი იქნება. სკოლის ახალი შენობის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი 2014 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობამ სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადასცა სკოლას. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების თანდასწრებით. გერმანიის ფედერალური მთავრობის გარდა სკოლის შენობის მშენებლობას კრედიტით ხელს უწყობს ასევე პროკრედიტ ბანკიც.

„თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა არაჩვეულებრივი მაგალითია განათლების სფეროში ჩამოყალიბებული გერმანულ-ქართული ურთიერთობებისა“, აღნიშნა გერმანიის ელჩმა ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით.

„გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ 3,2 მილიონი ევროს გამოყოფა სკოლის ახალი შენობის მშენებლობისთვის მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვენდობით საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას და ქვეყნის ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციას. სკოლისათვის გაწეული დახმარებით ჩვენ შეგვაქვს წვლილი საქართველოს განათლების სფეროს შემდგომ განვითარებასა და გერმანელი ინვესტორებისათვის საქართველოს მიმზიდველობის გაზრდაში.“ სკოლის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ, ბატონმა საშა ტერნესმა მადლობა გადაუხადა ელჩს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა საზღვარგარეთის გერმანული სკოლის მუდმივი მხარდაჭერისათვის. ამავე დროს მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას ბაგებში გამოყოფილი ნაკვეთისათვის, რამაც შესაძლებელი გახადა სკოლის ახალი შენობის მშენებლობის დაწყება. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ თანამედროვე გერმანული სტანდარტების მიხედვით აშენებული სკოლის ახალი შენობა იქნება ეკოლოგიური და ენერგოეფექტური, რათა რაც შეიძლება ნაკლები ზემოქმედება მოხდეს გარემოზე. ასე მაგალითად შენობის კომპლექსი ფერდობიან ნაკვეთზე ისე დაიგეგმა, რომ არ იქნება აუცილებელი დიდი ცვლილებების შეტანა ლანდშაფტში. მშენებლობის დაწყება დაგეგმილია გერმანული ენის თვის ფარგლებში 2016 წლის მაისში.

შემთხვევითი სიახლე

შრომის კოდექსში შრომის ინსპექციის უფლებების შესაძლო გაფართოებაზე BAG ბიზნესის პოზიციას განმარტავს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ განვლილი ერთი წლის განმავლობაში არაერთ სატელევიზიო და რადიო ეთერში, …