S&P-მა ნავთობისა და გაზის კორპორაციას რეიტინგი გაუუმჯობესა

თბილისი (BPI) – საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global -მა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ („კორპორაცია“) გრძელვადიანი რეიტინგი „B+“-დან „BB -“-მდე გააუმჯობესა, პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.
სააგენტო აღნიშნავს, რომ მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კორპორაციის როლს ენერგეტიკული პოლიტიკის მიზნებისათვის და კორპორაცია მთავარი ინსტრუმენტია ბუნებრივი გაზის მოწოდების საიმედოობის უზრუნველყოფისთვის. “კორპორაცია არის საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ნავთობისა და გაზის უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო პროექტებში და ნავთობის ეროვნული კომპანია, რომელიც პროდუქციის განაწილების ხელშეკრულებებში სახელმწიფოს ინტერესებს წარმოდგენს”, – აღნიშნავს სააგენტო.
კორპორაცია აქტიურად ახორციელებს ბიზნესის დივერსიფიკაციის პოლიტიკას ბუნებრივ გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურების მშენებლობისა და ოპერირების გზით.
სარეიტინგო სააგენტო ასევე აღნიშნავს გარდაბანი-2 თბოსადგურის პროექტის მნიშვნელობას, რომლის დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში. თბოსადგურის ექსპლოატაცია დაიწყება მიმდინარე წლის ბოლოს და ის მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კორპორაციის ფინანსურ მდგომარეობას და გაზრდის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას. კორპორაციის მომგებიანობაზე სარეიტინგოს შეფასებით აგრეთვე დადებით გავლენას იქონიებს შაჰ-დენიზის მეორე ფაზის განხორციელების შედეგად გაზრდილი გაზის ტრანზიტი, რაც შესაბამისად ზრდის კორპორაციის მიერ კონსორციუმისგან შესყიდული გაზის მოცულობებს.
S&P Global-ის შეფასებით მოსალოდნელია კორპორაციის 2019 წლის საკრედიტო მაჩვენებლების დროებითი გაუარესება შესასყიდი გაზის გაზრდილი ფასისა და პიკური კაპიტალური დანახარჯების გამო. სარეიტინგო სააგენტო მიიჩნევს, რომ მაჩვენებლები გაუმჯობესდება მომავალ წლებში გარდაბანი 2-ის თბოელექტროსადგურის დასრულების შედეგად, რომელიც კორპორაციის EBITDA-ში შეიტანს დამატებით 70 მილიონ ლარს, დაწყებული 2020 წლიდან.

შემთხვევითი სიახლე

ვის დაუწესდება ₾200 000 ლიმიტი – მსესხებელი კლასებად დაიყოფა

თბილისი (BPI) – სავალუტო სესხზე ₾200 000 ჭერის, $33 800 -მდე  დაწევაზე, 2020 ბიუჯეტის საპარლამენტო …