„შებრუნებული საკლასო ოთახი“ – საქართველოში სწავლების ინოვაციური მეთოდი ინერგება

თბილისი (BPI) – წარმოგიდგენიათ საშინაო დავალება კლასში შეასრულოთ, ახალი მასალა კი სახლში ახსნათ ? ეს ინოვაციური მეთოდი „შებრუნებული საკლასო ოთახის“ სახელით არის ცნობილი და საქართველოს საგანმანათლებო დაწესებულებებში უკვე გამოიყენება.

2017 სასწავლო წლის შემოდგომაზე პედაგოგების ნაწილმა თავიანთი საგნები „შეაბრუნეს“. სწავლა და სწავლება უფრო საინტერესო, სახალისო, ინტერაქტიული და მართვადი გახდა. პირველადი მონაცემებით, გაიზარდა მოსწავლეებისა და სტუდენტების ენთუზიაზმი და გაუმჯობესდა მათი აკადემიური მოსწრება.

საკონსულტაციო კომპანიამ „მაინდვორქსიმ“ მეთოდოლოგიის დანერგვა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მცირე საგრანტო კონკურსის ფარგებში შეძლო.  პროექტმა  $ 17,500 ოდენობის გრანტი მოიპოვა.

შებრუნებული კლასი სწავლების ინოვაციური მოდელია, რომელიც ტრადიციულ სასწავლო გარემოს ცვლის, ისე, რომ სტუდენტებს ახალი სასწავლო მასალა, კლასში შეხვედრამდე  მიეწოდებათ, ხოლო კლასში შეხვედრები კი აქტიური სწავლების პრაქტიკული სავარჯიშოებისთვის გამოიყენება.

„გრანტის ფარგლებში შეიქმნა 68 სასწავლო ვიდეო და 60–მდე სტუდენტს ახალი მეთოდოლოგიით მიეცა  სწავლის საშუალება. შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდოლოგიის დანერგვას გარკვეული შედეგები, მაგ: სტუდენტების დაინტერესება, ჩართულობის  ზრდა, მყისიერად აქვს.  თუმცა, სწავლა-სწავლების ხარისხის ზრდა ამ მეთოდოლოგიის დინამიკაში გამოყენების შემდეგ  კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება.

ამის მიუხედავად, უკვე შეგვიძლია კონკრეტულ წარმატების ისტორიებზეც ვისაუბროთ. პროექტის დანერგვის პროცესში, ერთ–ერთმა პედაგოგმა, ვლად ახიმენკომ, ამ მეთოდოლოგიის  აჭარაში პოპულარიზაცია გადაწყვიტადა საკუთარ სასწავლო ცენტრში, სკოლის და სხვა პროფესიული დაწესებულებების პედაგოგებისთვის, სასწავლო კურსი შეიმუშავა.

გვჯერა, რომ შებრუნებული საკლასო ოთახი ჩვენს ქვეყანაშიც განათლების ხარისხის ნიშანი გახდება.“ – აღნიშნავს ნინო ანდრიაძე, პროექტის მენეჯერი.

ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას აქვს შესაძლებლობა 5 000 აშშ დოლარიდან – 25 000 აშშ დოლარამდე მოცულობის გრანტის მფლობელი გახდეს. ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, საგრანტო კონკურსის III რაუნდი უკვე გამოაცხადა.

მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას, მათ შორის: საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კერძო კომპანიებს, პროფესიულ ასოციაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ვებგვერდზე (http://www.iswd.ge/eng/documents/2/).
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 11 აპრილი.

შემთხვევითი სიახლე

მობილბანკი მობილური ინტერნეტის გარეშე – უნიკალური სერვისი საქართველოს ბანკისგან

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი აგრძელებს ვირუსის წინააღმდეგ საპრევენციო ზომების განხორციელებას და მომხმარებელს უნიკალურ სერვისს …