სადაზღვევო ინდუსტრია – სახელმწიფოს პროგრამების გარეშე ევროპულ სტანდარტებამდე

თბილისი (BPI) – 2015 წელი სადაზღვევო ინდუსტრიისთვის რისკებით დახუნძლული გამოდგა. თბილისის სტიქიამ სადაზღვევო კომპანიებს, სახელმწიფოსა და მოქალაქეებს კიდევ ერთხელ  შეახსენა, რომ ქვეყანაში სადაზღვევო კულტურა არ არსებობს და გარკვეული სტიმულირება, თუნდაც საკანონმდებლო დონეზე, აუცილებელია.

2016 წელს კომპანიებს ახალ გამოწვევებთან მოუწევთ გამკლავება. უკვე ერთი წელია ინდუსტრია სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამების გარეშეა, ახლა კი უკვე ევროპულ სტანდარტებზე მოუწევს მორგება და გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება. ასოცირების ხეკშეკრულების ხელმოწერის შემდგ, ქვეყანამ გარკვეული დირექტივები უნდა გაითვალისწინოს, რაც სადაზღვევო ბაზარსაც შეეხება.

ამ დროისთვის ბაზარზე 15 ლიცენზირებული კომპანიაა. როგორც ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, კონკურენცია საკმაოდ მაღალია, რის შედეგადაც მომხმარებელი სხვადასხვა სახის სადაზღვევო პროდუქტსა და სერვისს იღებს.

ამ დროისთვის 2015 წლის საბოლოო ფინანსური შედეგები უცნობია, თუმცა თუ 2015 წლის 9 თვის მაჩვენებლების მიხედვით, სადაზღვევო ბაზარი 1 წელიწადში 29,4 %-ით (66,4 მლნ ლარი) გაიზარდა და კომპანიებმა 292 მილიონ ლარზე მეტი სადაზღვევო პრემია მიიზიდა, გაიცა 126 მილიონ ლარზე მეტი ანაზღაურება. კომპანიათა შორის ჯიპიაი ჰოლდინგი ლიდერობს (57,14 მლნ ლარი), ალდაგი მეორე ადგილზე მოხვდა (55,67 მლნ ლარი, მესამეზე – იმედი L (54,16 მლნ ლარი), საკმაოდ დაწინაურებულია უნისონი (27,59 მლნ ლარი) და ირაო (23,94 მლნ ლარი). სადაზღვევო პროდუქტებს შორის კი კვლავინდებურად ჯანმრთელობის დაზღვევან ლიდერობს.

სადაზღვევო ბაზარს რეგულირებას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური უწევს. მისი მიზანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, ბაზრის ფინანსური სტაბილურობის და გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფა, ფინანსური სტაბილურობისათვის ხელშეწყობა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა.

სადაზღვევო კომპანიები მოქალაქეების სამსახურში

იოსებ გოგოლაშვილი, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი: 2015 წელი ქვეყნისთვის სტიქიურმა მოვლენამ ფორს მაჟორულ სიტუაციაში ჩააყენა, სადაზღვევო კომპანიებმა ოპერატიულად აღწერეს ზარალი და მათი ნებისა და სოლიდარობის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ზარალის ასეთი მაშტაბების უმოკლეს დროში ანაზღაურება. დაზიანებული და განადგურებული მანქანები ფრანშიზის გარეშე ანაზღაურდა, დროულად ანაზღაურდა ასევე სტიქიის დროს დატბორილი კერძო ბიზნეს ობიექტები. ინდუსტრიამ აჩვენა რომ ოპერატიულად შეუძლიათ  მოახდინონ რეაგირება და ადამიანების დახმარება კრიტიკულ სიტუაციაში, ეს იყო სადაზღვევო კომპანიების ყველაზე უპრეცედენტო სოლიდარობისა და პროფესიონალიზმის გამოვლინება.

მნიშვნელოვანი მოვლენა იყო აგრო დაზღვევის საპილოტე პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს  სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა რისკებისგან დაზღვევას. პროექტის ფარგლებში მოხდა დიდი თუ მცირე მოცულობის არაერთი ზარალის ანაზღაურება.

2016 წლისთვის იგეგმება ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღება, ეს ერთ–ერთი წამყვანი  სავალდებულო დაზღვევის სახეობაა მსოფლიოში. პირველ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა  კანონპროექტზე „სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა“. კანონპროექტის მოთხოვნებით დაზღვევის შეძენის ვალდებულება გავრცელდება მხოლოდ საქართველოს ფარგელებს გარეთ, სხვა ქვეყანაში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებზე, რომლებიც გადაადგილდებიან საქართველოს ტერიტორიაზედა მონაწილეობას იღებენ საგზაო მოძრაობაში. შედეგად ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გამოწვეული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევისას დაზარალებულის (მესამე მხარის) ჯანმრთელობის, სიცოცხლის და/ან ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოხდება იმ ფარგლებში, რომელიც გათვალისწინებული იქნება კანონით.

კომპანიების ფინანსური სტაბილურობისათვის იგეგმება გადახდისუნარიანობის მარჟის დაწესება, ასევე საზედამხედველო კაპიტალის განსაზღვრა, რომელიც უნდა გამყარდეს არა მხოლოდ კანონქვემდებარე აქტებით, არამედ საკანონმდებლო აქტებითაც. ეს არის მსოფლიოში აღიარებული სტანდარტი და აუცილებლად უნდა დაინერგოს ჩვენს ქვეყანაშიც. სამომავლოდ იგეგმება კომპანიების მინიმალური კაპიტალის ეტაპობრივად ზრდა, დაზღვევის კლასის და ფორმის მიხედვით. პირველი ეტაპი უკვე შესრულებულია, სამომავლოდ კი ნაბიჯები გადაიდგმება. ვგეგმავთ კომპანიებში შიდა აუდიტის სტანდარტების დანერგვას, რათა გამკაცრდეს და გამყარდეს შიდა კონტროლის სისტემები და პროცესი გახდეს უფრო გამჭვირვალე და დახვეწილი.

2016 წლიდან დაზღვევის შუამავლები (ბროკერები) მოექცევიან  ერთიან სარეგულაციო ჩარჩოში, მათ დაევალებათ სამსახურისადმი პერიოდული ანგარიშების წარმოდგენა გაწეული საქმიანობის ირგვლივ, ასევე გაფართოვდა მათი რეგისტრაციისთვის აუცილებელი მოთხოვნები.

სადაზღვევო ინდუსტრია გაჯანსაღებისკენ მიდის

გიორგი გიგოლაშვილი, საქართველოს სადაზღვევო ინსტუტუტის პრეზიდენტი: საქართველომ მიუკაკუნა ევროპას და მან კარი გაგვიღო, თუმცა ვიდრე შემოხვალთ ფეხები გაიწმინდეთო და ევროკავშირის დირექტივები გამოგვიგზავნა. სწორედ ევროდირექტივებმა დააჩქარა 2015 წელს შემდეგი პროცესები: დაწყებულია მუშაობა გადახდისუნარიანობის მარჟაზე, ეს არის ისეთი მოთხოვნები სადაზღვევო კომპანიების კაპიტალისა და მისი სტრუქტურისადმი, რომლებიც კიდევ უფრო აამაღლებს სადაზღვევო კომპანიებისა და სადაზღვევო ბაზრის ფინანსურ მდგრადობას ისე როგორც ეს ევროკავშირის ქვეყნებშია. გაწერილი გრაფიკით ეს იდრექტივები უნდა შესრულდეს 2018 წლამდე. საუბარია სადაზღვევო კომპანიების კაპიტალის ეტაპობრივ ზრდაზე. ეს მნიშვნელოვანია, რადგან დაზღვეულს და თავად ინდუსტრიას არ შეექმნას რაიმე პრობლემები. ამავდროულად მიდის მუშაობა ავტომფლობელების მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღებაზე, პირველ ეტაპზე ეს ნორმა შეეხება უცხოეთში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს.

მნიშვნელოვანია, რომ დაიწყო სადაზღვევო კომპანიების ე. წ. კორპორატიული მართვის ფორმაზე გადასვლასთან დაკავშირებით ღონისძიებები. დღეს სადაზღვევო კომპანია შესაძლოა იყოს როგორც სააქციო საზოგადოება ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და თუ კომპანია აკმაყოფილებს სალიცენზიო პირობებს, შეუძლია ჰყავდეს ერთი დამფუძნებელი, რომელიც თვითონვე ასრულებს დირექტორის, გადაწყვეტილების მიმღების ფუნქციას, იგი შესაძლოა შეცდეს და ბევრი ადამიანის ინტერესი გადაიყოლოს. ეს ადამიანური შეცდომა მაქსიმალურად რომ იყოს მინიმალიზებული, საქართველოში შემოდის სამართლებრივ ორგანიზაციული ფორმა სადაზღვევო კომპანიებისთვის და ეს ფორმა იქნება სააქციო საზოგადოება. მას ეყოლება აქციონერები და აქციონერთა საერთო კრება მართავს, მას ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო, დირექტორატი და მიღებული გადაწყვეტილებების შემთხვევაში გაცილებით უფრო მცირდება შეცდომების ალბათობაც. ეს ხელს შეუწყობს კომპანიების მართვის გაუმჯობესებას და სადაზღვევო ინდუსტრიის გაჯანსაღებას.

ცვლილებები შეეხება სადაზღვევო ბროკერებსაც, აქამდე მათი რეგულირება არ ხორციელდებოდა, ახლა კი ისინი კონტროლს დაექვემდებარებიან.

მნიშვნელოვანია, რომ 2007 წლის შემდგომ 2015 წელი პირველი წელია, როდესაც საქართველოში აღარ ხორციელდება სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამები, 2014 წლის სექტემბერში შეწყდა ასეთი პროგრამა და ახლა უკვე დაზღვევა არის არა ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხები, არამედ კომერციულად მოზიდული თანხები. მიმაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებით სადაზღვევო ბაზარზე მდგომარეობა გაჯანსაღებისკენ მიდის.

რაც შეეხება ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, კონკურენცია საკმაოდ მაღალია, ავტომობილების დაზღვევის თვალსაზრისით 10-15 000-ით არის გაზრდილი, ასევეა ქონების დაზღვევაც. ბაზარზე რყევები არ არის, არავინ კოტრდება და არავინ ფიქრობს, რომ როცა უნდა კომპანიას დააფუძნებს და მას პასუხს არავინ მოსთხოვს.

ბაზარზე ახალი ნორმების ჩამოყალიბებამ შესაძლოა გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს და კომპანიები გაერთიანდეს, ან მსხვილმა პატარა კომპანია შეისყიდოს. ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოღებამ კი შესაძლოა, გარკვეული უცხოური ან ადგილობრივი ჯგუფები შეემატოს კიდეც ბაზარს.

ნიკოლოზ გამყრელიძე, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის დირექტორი: საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფისთვის 2015 წელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წელი იყო, ვინაიდან განვახორციელეთ IPO და კომპანია გავიდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ეს პირველი კომპანია არასაბანკო სექტორიდან, რომელმაც ეს მოახერხა ქვეყანაში. შედეგად მოვიზიდეთ 100 მლნ დოლარის დამატებითი კაპიტალი ჩვენი ჯგუფის განვითარებისთვის, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, როგორც დარგისთვის, ასევე ჯგუფისთვის, ასევე ჯანდაცვისა და სადაზღვევო სექტორისთვის და ქართული ეკონომიკისთვის, რადგან ეს არის პირდაპირი უცხოური ინვეტიცია, რომელიც საქართველოში დაიხარჯება და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ეს არის ის რითაც გამოირჩეოდა 2015 წელი ჩვენთვის.

2015 წელს გამოწვევები დაზღვევის მხრივ საკმაოდ დიდი იყო, რამდენადაც ის გადავიდა სრულად კერძო რელსებზე, 2014 წლის ბოლოდან შეწყდა ე. წ. სოციალური დაზღვევა, როდესაც სახელმწიფო აფინანსებდა ტარგეტირებულად მოსახლეობას, რამაც დიდი მოცულობის შემოსავლები დააკარგვინა სადაზღვევო ინდუსტრიას და ინდუსტრია გამოწვევის წინაშე დადგა, ანუ შეძლებდა თუ არა ამ დანაკარგის ანაზღაურებას. დარგმა ეს შეძლო, თუმცა რამდენად წარმატებულად, ამას მომავალი დაგვანახებს.

დარგი ვითარდება, არც თუ ისე სწრაფად, მაგრამ მაინც იზრდება, რაც მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ უფრო სწრაფად გაიზრდება. რაც შეეხება ”იმედი ელისა” და ”ალდაგის” გაერთიანებას, ”ალდაგმა” ”იმედი L” 2012 წელს იყიდა და ეს კომპანია შევაერთეთ ”ალდაგთან”. იმის გამო, რომ ვგეგმავდით ჯანდაცვის ბიზნესის  ლონდონის საფონდო ბირჟაზე გატანას, გადავწყვიტეთ გაგვეყო ეს კომპანიები ჯანმრთელობისა და არაჯანმრთელობის დაზღვევად. ჯანმრთელობის დაზღვევა წამოვიღეთ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში, სადაც ის უფრო სინერგიულია ჩვენი ჯანდაცვის ბიზნესისთვის, ”ალდაგს” კი პოზიციონირება გავუკეთეთ ”იმედი ელის” ბრენდის სახით, თავად ”ალდაგი” კი ”საქართველო ბანკის” ქვეშ დარჩა, რადგან ის უფრო სინერგიულია საბანკო ბიზნესისთვის. 2016 წლისთვის  იგეგმება კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შემოღება. ჩვენ ამას მივესალმებით, რადგან ჩვენი კომპანია ყოველთვის მაღალი კაპიტალიზაციით გამოირჩეოდა და რაც მთავარია, ჩვენ არასდროს ვართ დაკავებული დემპინგით და მარკეტინგული ხრიკებით. რაც შეეხება პროდუქტებს მუდმივად ვახდენთ მის განახლებას მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენმა კომპანიამ წელს შექმნა ვარსკვლავებიანი პროდუქტები, რომელიც გამოირჩევა სერვისის ხარისხით.

პაატა ლომიძე, ”ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი: 2015 წელს სადაზღვევო ბაზარზე რამე ძირეული ძვრები დადებითისკენ არ უარყოფითისკენ არ მომხდარა. სამი კვარტლის მონაცემებით, მცირე ზრდა დაფიქსირდა, რაც სავალუტო კურსის ცვლილებასთანაა დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ ბაზრის განვითარება იმ ტემპით არ მიმდინარეობს, რასაც ვისურვებდით – ცხადია, ბევრი რამ ეკონომიკურ აქტივობასთან და ინვესტიციებთანაცაა დაკავშირებული, თუმცა საკანონმდებლო დონზეც შეიძლება გარკვეული ცვლილებები. რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს სახელმწიფოს ჩართულობით – მაგალითისთვის, აგროდაზღვევის საპილოტე პროექტი. ეს მნიშვნელვანია თითოეული ფერმერისთვის, რომლისთვისაც ხელმისაწდვომი გახდა აგროდაზღვევა. 2015 წელს 3 კვარტლის განმავლობაში ჩვენ 7 მილიონ ლარზე მეტი ავუნაზღაურეთ 2,000-მდე ფერმერს.

2015 წელი მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ სადაზღვევო სექტორმა უპრეცედენტო პროფესიონალიზმი გამოავლინა 13 ივნისის სტიქიის დროს. მსოფლიოში მსგავსი მასშტაბური მოვლენების დროს სადაზღვევო ინდუსტრიაზე მოდის ზარალის კომპენსაციის 50% – ეს იმას ნიშნავს , რომ სახელმწიფოს არ აწვება მთელი ტვირთი ზარალის ანაზღაურების. ეს იმიტომ ხდება, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ჩართულია სადაზღვევო სისტემაში. ჩვენ შემთხვევაში კი, მხოლოდ 2% აანაზღაურა სადაზღვევო ინდუსტრიამ დამდაგრი ზარალიდან, რადგან დაზღვეული პირების თუ ბიზნესების რაოდენობა ძალიან მცირეა. ვისაც დაზღვეული ჰქონდა სახლი ან ავტომობილი, მათთვის ანაზღაურება უსწრაფესად მოხდა. სადაზღვევო კომპანიებმა დაახლოებით 4,300,000 ლარი დაზღვეულებს სტიქიიდან უმოკლეს ვადაში აუნაზღაურა.

ამ მოვლენების კვალდაკვალ, აგვისტოში ჩავუშვით ჩვენი სოციალური პროექტი, რაც სტიქიისგან ავტომობილების უფასო დაზღვევას ითვალისწინებს. ჩვენი მიზანია, ამ სოციალური პროექტით რაც შეიძლება მეტი ხალხი ჩავრთოთ სადაზღვევო სისტემაში და ხელი შევუწყოთ დაზღვევის კულტურის ამაღლებას საქართველოში.

არანაკლებ მნიშვნელვანია ის სიახლეები, რაც ჩვენი მომსახურების გამუჯებესის კუთხით განვახორციელეთ – კერძოდ, ავტოდაზღვევის ზარალების აპლიკაცია, რომელიც ყველა დაზღვეულს საშუალებას აძლევს ონლაინ მიიღეოს ანაზღაურება სადაზღვევო შემთხვევისას. ჩვენი პრიორიტეტი ყოველთვის არის მომსახურების გამარტივება და გაუმჯობესება. ამ მიმართულებით ჩვენ მომავალ წელსაც გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რომ დაზღვევა უფრო მარტივი, ხელმისაწვდომი და კომფორტული გავხადოთ.

იმედი მაქვს, რომ 2016 წელს რამდენიმე მსხვილი პროექტი აქტიურ ფაზაში შევა – როგორიცაა ავტომფლობელის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონი და აგროდაზღვევის პროექტი.

საქართველო იმ თითზე ჩამოსათვლელ ქვეყანათა შორისაა, სადაც არ მოქმედებს არც ერთი სახეობის სავალდებულო დაზღვევა და ბაზარი არ იმსახურებს ინვესტორების ყურადღებას სწროედ ამის გამო. ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ბერკეტი ბაზრის განვთარებისთვის სწორედ სავალდებულო დაზღვევების შემოღებაა და საქართველო არ არის პირველი ქვეყანა , სადაც ეს უბრალოდ აუცილებელია სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვისაც.

თენგიზ მეზურნიშვილი, ”აისი ჯგუფის” გენერალური დირექტორი: ეკონომიკური პროცესებიდან გამომდინარე 2015 წელს კომპანიისთვის სადაზღვევოს მომსახურების შესყიდვები უმეტესად შემცირდა. მთლიანად ინდუსტრია და ”აისი ჯგუფი” მცირე მოგებაზე წავა, ზოგადად ბაზარზე იყო ბევრი სირთულე, მათ შორის, ლარის კურსის დაცემამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

”აისი ჯგუფმა” ბაზარზე რამდენიმე ახალი პროდუქტი გამოიტანა, მათ შორის საცალო ჯანმრთელობის დაზღვევა, აქამდე კომპანია მხოლოდ კოლექტიურ დაზღვევას სთავაზობდა მომხმარებელს, 4 სხვადასხვა პროდუქტი შეიქმნა და ტარიფი 15 ლარიდან იწყება; ასევე შევთავაზეთ მომხმარებელს მობილური ტელეფონების დაზღვევა გატეხვის, დაკარგვისა და სხვა რისკებისგან, რომელიც ვრცდელება ასევე უცხოეთში მომხდარ შემთხვევებზე; ჩვენთვის წელი იმით იყო განსხვევებული, რომ ჰიბრიდული ავტომობილების დაზღვევა გამოვიტანეთ უპრეცედენტოდ დაბალ ფასად, ამ ტიპის ავტომობილების რაოდენობა საკმაოდ მცირეა და ახლა აქტიურდება, საინტერესო იყო ასევე პლასტიკური ბარეთების მფლობელთათვის  არასანქცირებული გამოყენების რისკებისგან დაზღვევა; ასევე მეიჯარის ქონების დაზღვევა, სასტუმროების დაზღვევა, რომელიც აქტუალურია ბრენდული სასტუმროების შემთხვევაში და ახლა უკვე ინტერესდებიან მცირე სასტუმრობიც. შესაბამისად, ვცდილობთ მაქსიმალურად იქნეს კლიენტზე მორგებული და მრავალფეროვანი ჩვენი პროდუქტები.

2016 წელი იქნება უმნიშვნელოვანესი იმით, რომ შემოღებული იქნება ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის სატრანზიტო ავტომობილებისათვის, საქართველო ერთადერთია, სადაც არ არის სავალდებულო ეს წლების განმავლობაში ტაბუდადებული თემა იყო, რაც ეს უდიდესი მოვლენაა კომპანიების განვიათრებისთვის, მაგრამ ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე იქნება დაზღვეული, რომ ნებისმიერი ზარალი იქნება ანაზღაურებული.

ვლადიმერ ბეჟაშვილი, ”პსპ დაზღვევის” გენერალური დირექტორი: სადაზღვევო ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მძაფრია. საქართველოს სადაზღვევო ბაზარი რთული და სპეციფიური, არცერთ ქვეყანაში ჯანმრთელობის ბაზარი არ არის მოწინავე პოზიციაზე, საქართველოში კი მთლიანი პორტფელის 65-70% ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის. რაც შეეხება ჩვენს კომპანიას, რა მიზნებიც ჰქონდა დასახული 2015 წლისთვის შევასრულეთ. ვართ ჯანმრთელობის დაზღვევის კორპორატიულ სეგმენტში და ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია გვიკავია ბაზარზე. კომპანიამ განახორციელა უნიკალური, ახალი სისტემა ხარისხის მონიტორინგის, რამაც ის გამოიწვია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მომსახურება გვაქვს, რასაც კვლევებიც ადასტურებს. რაც შეეხება 2016 წელს, წლის ბოლოსთვის რამდენიმე მსხვილი კონტრაქტი მოვიზიდეთ და იმის ვარაუდს გვაძლევს, რომ დაახლოებით 2-ჯერ გავიზრდებით. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება ჩვენთვის და ჩამოვიტოვებთ ისეთ მსხვილ სადაზღვევო კომაპნიებს, რომლებიც დიდი ხანია ბაზარზე ოპერირებენ, ჩვენ კი მხოლოდ 2010 წლიდან ვოპერირებთ ბაზარზე. 2016 წელი იქნება საინტერესო და რთული წელი იქედან გამომდინარე, რომ საკურსო სხვაობა და მსოფლიოში არსებული ეკონომიკური გავლენა ჩვენზეც აისახება, შესაბამისად იქნება რთული, თუმცა ჩვენ მზადყოფნა გვაქვს მასთან გამკლავებას. ჩვენ 2016 წლის მეორე ნახევრისთვის ვგეგმავთ ქონების დაზღვევის პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებელს, თუმცა ჩვენ არ გვექნება აგრესიული პოლიტიკა ამ თვალსაზრისით და ბაზარზე ჩვენს ნიშას შევინარჩუნებთ და დავრჩებით ამ სეგმენტში, 2017 წლიდან კი აქტიურ კამპანიას განვახორციელოთ სხვა მიმართულებითაც. მნიშვნელოვანია, რომ 2015 წელს მოზიდული პრემია გაიზარდა, თუმცა არ არის გაზრდილი პოლისების გაყიდვის მაჩვენებელი.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “მზა მზარეული“ ფართოვდება

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკის ჩართულობით მზა …