სად მიდის რუსული მილიარდები

თბილისი (BPI) – 2015 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან 32,6 მილიარდი დოლარის ოდენობის კაპიტალი გავიდა. ამის შესახებ EurasiaNet.org-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი. რუსეთის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, წლის ბოლომდე აღნიშნულმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 131 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. როგორც ფინანსური ექსპერტები აცხადებენ, რუსეთიდან გასული ფული ძირითადად ოფშორულ ანგარიშებზე ხვდება. აღნიშნულის გამო, რუსეთის ეკონომიკას სერიოზული ზარალი ელოდება.
როგორც რუსეთის დუმის ბიუჯეტისა და საგადასახადო სისტემის კომიტეტის ხელმძღვანელი, ანდრეი მაკაროვი აცხადებს, 2013 წელს, როდესაც რუსეთიდან კაპიტალის გადინების დონე გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე დღეს, ქვეყნის ხაზინას 22 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიადგა.
ეკონომისტ მიხაილ გელვანოვსკისა და ვლადისლავ ოვჩინსკის თქმით, ქვეყნიდან კაპიტალის გადინება ეკონომიკის შესუსტებას და ინვესტიციების შემცირებას გამოიწვევს. რუსეთში ინვესტიციების კლება უკვე შეინიშნება. 2015 წლის პირველ კვარტლის მონაცემების მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინვესტიციების რაოდენობამ რუსეთში 20 პროცენტით იკლო.
ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა გაკოტრებულმა კომპანიებმაც. 2015 წლის პირველ კვარტალში გაკოტრებული კომპანიების რიცხვმა 2008-2009 წლების კრიზისის დროს დაფიქსირებულ მაჩვენებელს მიაღწია. მათი დიდი ნაწილი ინდუსტრიულ და სოფლის მეურნების სექტორს წარმოადგენს. ყველაზე მეტად კი ეკონომიკურმა დაღმასვლამ სამშენებლო, სატრანსპორტო, სავაჭრო და კომუნიკაციების სექტორები დააზარალა.
რუსეთის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დასავლეთის მიერ დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა, ნავთობზე ფასის კლებამ და ყირიმის მიერთებამ იქონია.

bpn.ge

შემთხვევითი სიახლე

HUAWEI Nova 5T, Kirin 980-ით სრულიად ახალ სამყაროს გთავაზობთ

თბილისი (BPI) – სმარტფონი თითოეული ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მას უკვე დიდი ხანია, რაც მხოლოდ …