რუსეთის მთავრობა მეღვინეობის განვითარებას ქართული მოდელით გეგმავს

თბილისი (BPI) -რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ალექსანდრე ტკაჩოვი რუსეთში მეღვინეობის განვითარებას ქართული მოდელით გეგმავს და აღიარებს, რომ რუსულმა ემბარგომ საქართველოში ღვინის წარმოების ტექნოლოგიების გაუმჯობესებას და ახალი ბაზრების განვითარებას შეუწყო ხელი.

ტკაჩოვი მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის აუცილებელია ღვინის ქარხნების მშენებლობა.

„ჩვენ განვავითარებთ, ლობირებას გავუწევთ არა მხოლოდ ვაზის წარმოების სუბსიდირებას და ახალი ტერიტორიების ათვისებას, არამედ ღვინის ქარხნების მშენებლობასაც – ახალი, ტექნოლოგიური, თანამედროვე ქარხნების,“ – განაცხადა ტკაჩოვმა სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ თათბირზე.

მისი თქმით, რუბლის დევალვაციამ სიტუაცია იქამდე მიიყვანა, რომ ხარისხიანი რუსული ღვინო ბაზარზე უფრო მოთხოვნადი გახდა.

„ამიტომ, მხოლოდ კარგი ნედლეულისა და კარგი ქარხნების ერთობლიობით შესაძლოა შედეგის მიღწევა,“ – განაცხადა მინისტრმა და მაგალითად საქართველო მოიყვანა, რომელმაც, მისივე თქმით, რუსეთში ღვინის შეტანის აკრძალვის პერიოდში (2006–2014 წლები) ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ საწარმოები გადაეიარაღებინა, განეახლებინა მეღვინეობის მატერიალური ბაზა და ახალი ბაზრები აეთვისებინა.

კრასნოდარის ოლქის გუბერნატორობიდან სოფლის მეურნეობის მინისტრად ტკაჩოვის გადაყვანისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მას დაუსახა ამოცანა – სწრაფად შეავსოს ბაზარი ადგილობრივი წარმოების პროდუქციით, რათა სურსათის ბაზარზე დაძაბულობა შერბილდეს და ფასები შემცირდეს.

commersant.ge

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დაბა ოჩხამურში 1,5 ჰა-ზე მოცვის პლანტაცია გაშენდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი აგროსექტორის წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკის და  კოოპერატივი „ხუცუბნის აგრო-სამრეწველო კომბინატის“ …