რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გაღრმავება ქართულ ეკონომიკაზეც პირდაპირ და ირიბ გავლენა იქონიებს

თბილისი (BPI) – მას შემდეგ, რაც 25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტეში ორი უკრაინული კატერი და ბუქსირი დააკავეს, ხოლო კიევმა 60 დღით სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა, ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების ახალი ფაზა დაიწყო. ამით  თავისთავად ცხადია საქართველოს ეკონომიკაც ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. მიზეზი გასაგებია — რუსეთი და უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. შესაბამისად, იქ მიმდინარე მოვლენები გამოძახილს ჰპოვებს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკაზე. საქართველოსთვის უკრაინა იქცა ძირითად საექსპორტო ბაზრად, განსაკუთრებით იმ წლებში, როცა რუსეთმა ქართულ პროდუქციას საზღვრები ჩაუკეტა.

რუსეთ-უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება გავლენას ახდენს როგორც ქვეყნის შიგნით შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე მის სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორებზე, მათ შორის, საქართველოზე. როგორც ექსპერტები აცხადებენ, შედეგები ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი. შესაბამისად, ექსპერტულ წრეებში ჯერჯერობით მხოლოდ რუსეთ-უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე პოლიტიკურ – ეკონომიკური პროცესების დაკვირვებით შემოიფარგლებიან.

ეკონომიკის დოქტორი, რატი აბულაძე აცხადებს, რომ აზოვისა და შავი ზღვის აკვატორიაში მომხდარი რუსეთ-უკარინას საზღვაო კონფლიქტი, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მხრიდან შეფასდა როგორც სახიფათო ესკალაცია, საერთაშორისო ნორმების დარღვევა, რეგიონის დესტაბილიზაცია, უკრაინის ტერიტორიული სუვერენიტეტის დარღვევა. რუსეთის მხრიდან კი განხილული იქნა, როგორც უკრაინის პროვოკაციული ქმედება და სახიფათო ინციდენტი. ამასთან, პრობლემის გადაჭრისათვის დასახელდა დეესკალაციისა და დიალოგის აუცილებლობა.

მისი შეფასებით, ბუნებრივია, ესკალაციისა და აგრესიის ფასი მაღალია, როგორც კონფლიქტური რეგიონებისათვის, ისე მეზობელი ქვეყნებისთვისაც, მათ შორის საქართველოსთვის. სამწუხაროდ, რადგან ქართული ეკონომიკა მოწყვლადია რეგიონული გამოწვევებისადმი, ამიტომ, კონფლიქტის გაღრმავება პირდაპირ და ირიბ გავლენა იქონიებს ქართულ ეკონომიკაზეც.

რეგიონული კონფლიქტების (გამწვავების შემთხვევაში) თანმდევი ეკონომიკური გავლენებიდან შეიძლება აღვნიშნოთ შემდეგი პრობლემები: ინვესტიციების,  საგარეო სავაჭრო ბრუნვის, სამომხმარებლო და საქმიანის აქტივობის, ტურისტებისა და კაპიტალის ნაკადების შემცირება. ასევე, რყევები ფინანსურ ბაზრებზე (პრობლემების პირველი ინდიკატორია).

„დღეს, საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს წარმოადგენს უკრაინა და რუსეთი (ასევე, უმსხვილესი ქვეყნების სია მოიცავს თურქეთს, ჩინეთს, აზერბაიჯანს, გერმანიას, აშშ-ს, სომხეთს, საფრანგეთს და იტალიას). საქართველო აქტიურად ითვისებს აღნიშნული ქვეყნების საექსპორტო და საიმპორტო პოტენციალს.

ფაქტოლოგია ადასტურებს, რომ 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, უკრაინასთან და რუსეთთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1.675 მლრდ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, უკრაინიდან და რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობამ 1.12 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო უკრაინასა და რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობამ – 486.9 მლნ დოლარი.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ რადგანაც უკრაინის პროდუქციის ექსპორტის 80% ხორციელდება ზღვებით (აზოვის და შავი ზღვის გავლით), ესკალაციისა და დესტაბილიზაციის პროცესები  საქართველოს სავაჭრო გარემოს ერთ-ერთ გამოწვევად შეიძლება იქცეს.

თვალსაჩინოა საქართველოში, რუსეთისა და უკრაინის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაც. კერძოდ, 2017 წელს რუსეთის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ 47.7 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო უკრაინის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ – 5.3 მლნ დოლარი.

ყოველწლიურად იზრდება უკრაინიდან და რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობაც. თუ 2017 წელს, რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 1.3 მლნ-ს აღწევდა,  2018 წლის 10 თვეში, აღნიშნული ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ 1.4 მლნ-ს გადააჭარბა.

სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონული კონფლიქტების ფონზე, საქართველოს კვლავ რჩება  გეოსტრატეგიული „მიდრეკილებების“ მქონე ქვეყნის პირისპირ, პოლიტიკური გამოწვევებით, გაყინული კონფლიქტებისა და ბორდერიზაციის პრობლემით, რომლის გადაჭრის რესურსი ქართულ პოლიტიკაში კვლავ არ არის (იქნება, როდესაც ახალი  პოლიტიკური ძალა მოვა).

ჯამში აღვნიშნავ, რომ რადგანაც მოკლევადიან პერსპექტივაში, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის გადაწყვეტა არ მოხდება, ამიტომ საქართველომ მოსალოდნელი ესკალაციის რისკების ფონზე, ქვეყნის მზაობა უნდა ამაღლდეს ფინანსური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მიმართულებით”, – აცხადებს რატი აბულაძე.

ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭუმბურიძე აცხადებს, რომ  უკრაინაში სიტუაცია დაიძაბა და ქვეყანამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური  მდგომარეობა ამ რეგიონსა და მის მიმდებარედ (შავი ზღვის აუზთან დაკავშირებული ტვირთბრუნვა) შესაძლებელია გართულდეს, რომელიც ასევე შესაძლებელია, აისახოს საქართველოზეც.

როგორც ჭუმბურიძე აღნიშნავს, მოცემული მდგომარეობიდან გამომდინარე საბანკო დაწესებულებები კონფლიქტის ახლო ზონებში შეწყვიტავს თანხების გაცემას. როგორც ვიცით, ასევე მსოფლიო ბანკი ქვეყნებისთვის, სადაც მსგავსი მდგომარეობა ცხადდება, რისკ ფაქტორებიდან გამომდინარე კონფლიქტის მოგვარებამდე და სიტუაციის დეესკალაციამდე დახმარებებს არ გამოყოფს.

„აქვე საგულისხმოა, რომ როდესაც უკრაინამ მხოლოდ 4 თვით გამოაცხადა ანტიტერორისტული ოპერაცია კონფლიქტურ რეგიონებში, ეს იყო დაკავშირებული იმ  დახმარებების მიღებაზე, რასაც უკრაინა ამ ბოლო წლების განმავლობაში იღებს და ასევე ვიზალიბერალიზაციაზე. როგორც ვნახეთ, 4-თვიანი საგანგებო მდგომარეობა ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით უკვე მეოთხე წელია, გრძელდება, ვფიქრობ, არსებობს საშიშროება, რომ ეს 30 დღიანი გამოცხადებული მდგომარეობა შესაძლოა, უკრაინაში დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს“-აცხადებს ჭუმბურიძე.

კითხვაზე, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ყველაფერმა საქართველოზე, ჭუმბურიძე  განმარტავს, რომ  უკრაინა ზუსტად იმავე მდგომარეობაშია რუსეთის აგრესიის კუთხით, როგორც საქართველო, ორივე ქვეყნის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია. არსებობს საფრთხე, რომ თუ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა მიიღებს უკრაინის მხარდაჭერ რეზოლუციას, შესაძლოა, რუსეთმა იგივე იერიში ან სხვა სახის აგრესიული ქმედებები განახორციელოს საქართველოსთან მიმართებაშიც.

„აქვე უახლოეს ფაქტს გეტყვით – როდესაც თუშეთში საზღვრის გადმოწევის ფაქტის პარალეულად ინგუშეთში მოსახლეობის პროტესტი მიმდინარეობდა, რაც იყო გარკვეულწილად რუსულ პროვოკაციასთან დაკავშირებული.

რაც შეეხება ეკონომიკურ სიტუაციას, თუ რუსეთმა მოახდინა შავი ზღვის აუზის ბლოკადა, ტვირთბრუნვის შემცირება მოხდება ჩვენს ნაწილშიც, რადგან ფოთისა და ბათუმის პორტები გარკვეულწილად ოდესის პორტთან არის დაკავშირებული, სადაც მიმღები და გამანაწილებელი დერეფანი ოდესის და ილიჩევიჩის პორტებია. ვფიქრობ, საქართველოს უნდა ჰქონდეს ფრთხილი პოზიცია. პოლიტიკური, ეკონომიკური მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, თუ ოდნავი მაპროვოცირებელი ფაქტორები წარმოიშვება რუსეთიდან, ნიშნავს, რომ ეს ჩვენი ეკონომიკისათვის აღმოჩნდება სავალალო“-აცხადებს ჭუმბურიძე.

ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში წინასაკრიზისო სიტუაციაა. ნებისმიერ საომარი მოქმედებები და პოლიტიკური დაძაბულობა კი ეკონომიკურ აქტივობაზე მოქმედებს. როგორც ხომიზურაშვილი აღნიშნავს, შესაძლოა ამ ვითარებაში გარკვეული რისკებიც კი არსებობდეს. მათ შორის, საუბარია, ექსპორტიორებზე. იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინა და რუსეთი ჩვენი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია, გადახდები უკვე სარისკო გახდება.

მისი შეფასებით, უკრაინის ძალიან ბევრმა პარტნიორმა შეიძლება ვერ შეასრულოს თავისი ვალდებულებები, შემცირდეს უკრაინის მიმართულებით ექსპორტის მოცულობა ,რაც ნეგატიურად იმოქმედებს სავალუტო ნაკადებზე.

კითხვაზე იმ შემთხვევაში თუ დასავლეთი რუსეთს მორიგ სანქციებს დაუწესებს და მას შეუერთდება საქართველოც,რა შედეგი დადგება, ხომიზურაშვილი აღნიშნავს, რომ ექსპორტის ძირითადი ნაწილი, 60-70 პროცენტი რუსეთის ბაზარზეა ორიეტირებული.აქედან გამომდინარე, ეკონომიკური მიმართულებით, ნეგატიური შედეგი იქნება.

„მანამ, სანამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენი მთავრობა, უნდა აწონ-დაწონოს, თუ რა შედეგით შეიძლება დამთავრდეს ეს პოლიტიკური ნაბიჯი. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ეს პოლიტიკური მომენტები ღრმად გაანალიზებული უნდა იყოს შესაძლო შედეგების თვალსაზრისით. ნეგატიური ნიშნავს იმას, რომ შემცირდება სავალუტო ნაკადები, თავისთავად ეს იმოქმედებს და ზედმეტი წნეხი იქნება ლარზე, აქედან გამომდინარე შეიძლება ლარის კურსი უკონტროლო გახდეს,“ — აღნიშნავს ხომიზურაშვილი.

შეგახსენებთ, რუსეთიც და უკრაინაც საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალშია. რუსეთი საქართველოსთვის აზერბაიჯანის შემდეგ რიგით მეორე სავაჭრო ქვეყანაა. მიმდინარე წლის 10 თვეში რუსეთში საქართველოდან 351 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ექსპორტი განხორციელდა.მზარდია უკრაინის ბაზარიც. მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოდან უკრაინაში 135 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე.

იმპორტის მიხედვითაც რუსეთიც და უკრაინაც საქართველოსთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ხუთეულშია. რაც შეეხება იმ ძირითად სასაქონლო ჯგუფებს, რომლის ექსპორტი ბოლო 10 თვეში განხორციელდა რუსეთიდან საქართველოში, ჩამონათვალში პირველ ადგილზეა ფეროშენადნობები, მეორე ადგილს იკავებს ღვინო და მინერალური და მტკნარი წყლები.

მზარდია რუსეთიდან იმპორტირეული სასაქონლო ჯგუფებიც. რუსეთიდან საქართველოში საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა. რაც შეეხება უკრაინას. საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან უკრაინაში მიმიდნარე წლის და გასული წლის 10 თვეში ავტომობილების ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტირებული სასაქონლო ჯგუფების ხუთელში შედის სპირტიანი სასმელები, ღვინო და მინერალური წყლები.

იმპორტის მაჩვენებლებს რომ გადავხედოთ, უკრაინიდან საქართველოში ძირითადად სიგარები და თამბაქოს ნაწარმი შემოდის. საიმპორტო საქონლის ჩამონათვალშია ასევე ფოლადის წნელები, კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები.

cbw.ge

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბაზარზე Mexel-ი შემოდის

თბილისი (BPI) – საქართველოს ბაზარზე ფრანგული კომპანია შემოდის. Mexel-ის პრეზენტაცია სასტუმრო რედისონ  ბლუ ივერიაში 19 …