სადაზღვევო ბაზარზე ევროპული კომპანია შემოვიდა – “აისი ჯგუფი” “ევროინსის ჯგუფის” წევრი გახდა

თბილისი (BPI) – სადაზღვევო კომპანია „აისი ჯგუფი“ ევროპული კომპანია EuroinsGroup-ის წევრი გახდა და ბაზარზე ოპერირებას „ევროინსის“ სახელით განაგრძობს. რებრენდინგი მალე დასრულდება და კომპანია ახალ წელს განახლებული ლოგოთი შეხვდება.

ლურჯი ფერის, სადა დიზაინის ლოგოს ადაპტაციაზე კომპანია „ლაივ ბრენდინგმა“ იმუშავა. დიზაინი გაქართულებული ვერსიაა იმ ლოგოსი, რომელსაც „ევროინსი“ ყველა თავის კომპანიაში იყენებს.

შეიცვლება აქციონერთა სტრუქტურაც, საკონტროლო პაკეტის, 51%-ის მფლობელი Euroins Group-ი იქნება, 49%-ის – ქართული მხარე. Euroins Group-ის წევრები კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორთა საბჭოში დაიკავებენ ადგილს.

აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გეორგი მარკოვი საქართველოში სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივებს ხედავს, მოსწონს სანდო პარტნიორთა გუნდი, მზაობა ცვლილებებისთვის, ცოდნაზე ორიენტირებული კადრები და ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო. „ჩვენი მიზანია,  მაღალი ხარისხის მომსახურების, მომხმარებელთა კმაყოფილების და მაღალი ნდობის მოპოვების ფონზე, განვავითაროთ დაზღვევა და სადაზღვევო პროდუქტები საქართველოში,“ – ამბობს გეორგი მარკოვი.

მარკოვი გნხორციელებული ინვესტიციის ზუსტ მოცულობას არ ასახელებს, არც გარიგების დეტალებს ააშკარავებს. მხოლოდ ამბობს, რომ გარიგების მოცულობა რამდენიმე მილიონი ლარია და უტოლდება იმ გარიგებების საფასურს, რომელიც მათ ჰქონდათ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

„ევროინსის“ გენერალური დირექტორი თენგიზ მეზურნიშვილი ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანიის საწესდებო კაპიტალი  2,2 მლნ ლარიდან 7 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

მისივე თქმით, ევროპულიო ჯახის წევრობა სარგებელს მოუტანს მომხმარებელს, რადგან ბაზარზე „ევროინსი“ დანერგავს იმ პროდუქტებს, რომელსაც ევროპელი მომხმარებლები იღებენ.

ერთობლივი გეგმები გულისხმობს სერვისცენტრების გაფართოებას, ჯანდაცვის სექტორში ახალი პროდუქტების შეთავაზებას, სადაზღვევო პროდუქტში გამონაკლისების მინიმალიზებას, ასევე ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევისა და სხვა მიმართულებების განვითარებას. 2019 წლიდან ამოქმედდება ანაზღაურების ინოვაციური, ონლაინ სერვისის დანერგვა და სხვა.

დაგეგმილია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ევროინს ჯგუფში შემავალ სადაზღვევო კომპანიებსა და ტრეინინგ ცენტრებში კომპანიის თანაშრომელთა როტაცია, იგეგმება უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა, რაც კომპანიას ცოდნის და გამოცდილების გაზიარების საშუალებას მისცემს.

ევროინს ჯგუფი ერთ-ერთ უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიაა და ოპერირებს ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე. კომპანია ბულგარეთშია დაფუძნებული, ოპერირებს ევროპის 8 ქვეყანაში და შვილობილ კომპანიებს ფლობს ბულგარეთში, რუმინეთში, მაკედონიასა და უკრაინაში. 2014 წლიდან ევროინს ჯგუფმა ფუნქციონირება დაიწყო საბერძნეთში. კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 1600-ს აღწევს, მომხმარებელთა რაოდენობა 2.5 მილიონზე მეტს შეადგენს. კომპანიის წლიური ბრუნვა ნახევარი მილიარდი ევროა.

საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის სააგენტო Fitch-მა 2017 წელს ევროინს რუმინეთს (ევროინს ჯგუფის უმსხვილესი შვილობილი კომპანია) მიანიჭა დამზღვევის ფინანსური სიძლიერის (IFS) რეიტინგით“BB-“. ევროინს ჯგუფი არის ევროჰოლდ ბულგარეთის შვილობილი კომპანია, რომლის აქციებიც განთავსებულია BSE-Sofia და WSE საფონდო ბირჟაზე. ევროჰოლდ ბულგარეთი ორიენტირებულია არასაბანკო ფინანსური მომსახურებისა და აქტივების მართვაზე.

“აისი ჯგუფი“  დაარსდა 2005 წლის 10 ნოემბერს და მას შემდეგ მომხმარებელს სადაზღვეევო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია აქტიურად არის ჩართული დაზღვევის სფეროს საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებაში, როგორც სავაჭრო და სამრეწველო პალატის (საფრანგეთი, საქართველო), საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და  საქართელოს სადაზღვევო ასოციაციის წევრი.ამჟამად კომპანიაში 100-ზე მეტი მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომელია დასაქმებული, ზოგ მათგანს დაზღვევის სფეროში 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. 

შემთხვევითი სიახლე

კახა კალაძე მოადგილეებისა და ვიცე-მერისთვის ხელფასების გაზრდას უარყოფს

თბილისი (BPI) – დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ის ინფორმაცია, თითქოს, თბილისის …