პრემიერი: უკრაინელ ბიზნესწრეებს საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის კომფორტულ პირობებს ვთავაზობთ

თბილისი (BPI) – საქართველო მზად არის უკრაინელ ბიზნესმენებს მიმზიდველი საინვესტიციო პირობები შესთავაზოს და უკრაინასთან ურთიერთობები კიდევ უფრო გააღრმავოს. საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმი საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ერთად გახსნეს.

ფორუმზე კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა დიდი გამოწვევების წინაშე დგას. მისი თქმით, რუსეთის ქმედებებმა ორივე ქვეყნის რეგიონების ოკუპაციამ და მილიტარიზაციამ დაარღვია ბალანსი და გააუარესა უსაფრთხოების გარემო სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. “დარწმუნებული ვარ, ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური და ურყევი თანადგომით, მივაღწევთ ჩვენი ქვეყნების დეოკუპაციას და გამთლიანებას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო და უკრაინა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ევროპული ინტეგრაციის გზაზეც და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, ორივე ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდს ევროპულ ოჯახს.

კვირიკაშვილის თქმით, უკრაინა საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია და იმედი გამოთქვა, რომ როგორც სავაჭრო, ისე საინვესტიციო და ერთობლივი საწარმოების შექმნის კუთხით, ორივე ქვეყანა მაქსიმალურად გამოიყენებს არსებულ შესაძლებლობებს.

„საქართველო ინვესტორებს სთავაზობს ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატს, რომელიც კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელსაც ხელი სულ ცოტა ხნის წინ მოეწერა. ეს შეთანხმება მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს უკრაინელ ინვესტორებს და გჯერა, რომ იგი დამატებით ბიძგს მისცემს ქართულ-უკრაინული საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებას… ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბიზნესსექტორთან თანამშრომლობას, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ ის არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა. დღეს ჩვენ მზად ვართ უკრაინულ ბიზნესწრეებს შევთავაზოთ საქართველოში არსებული მაქსიმალურად კომფორტული პირობები ბიზნესის განვითარებისთვის, ასევე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები თურქეთთან, ჩინეთთან, ჰონ კონგთან და მომავალი წლის ბოლოდან, დიდი ალბათობით, ინდოეთთან, რადგან უკვე არსებობს ორმხრივი დაინტერესება და კონსულტაციებიც დაწყებული გვაქვს,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პოროშენკომ აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილთან ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. უკრაინის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე, უკრაინაში შედგება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი.

შემთხვევითი სიახლე

Colliers International Georgia გარემოსდაცვითი სფეროს საკონსულტაციო მომსახურებას იწყებს

თბილისი (BPI) – Colliers International Georgia გარემოსდაცვითი სფეროს საკონსულტაციო მომსხურებას იწყებს. კომპანიის მიზანია გრძელვადიან პერსპექტივაში ხელი …