მარგველაშვილი: ჩემი ოჯახის წევრზეც იყო, გარკვეული ზეწოლის მცდელობა

თბილისი (BPI) – პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა.

„პირველ რიგში, მსურს საზოგადოებას გავუზიარო ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებებზე პოლიტიკოსების გამოხმაურებები, რბილად რომ ვთქვათ, როგორც მინიმუმ, იყო გაუგებარი.

როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი აცხადებს ასეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტზე ზეწოლის შესახებ, ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა იყოს პოლიტიკოსების შეშფოთება და, ბუნებრივია, უნდა იყოს მცდელობა ამ საქმეში დეტალურად გარკვევის.

მეორე, დღეს ვესაუბრე გიორგი პაპუაშვილს და მან მე, კონკრეტული ფაქტები დამისახელა. ეს კონკრეტული ფაქტები, გამომდინარე იქიდან, რომ ეხება ისეთ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ ინსტიტუტს, როგორიცაა საკონსტიტუციო სასამართლო და ისეთ თანამდებობის პირებს, როგორებიც არიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რომელთაც ჩვენი კონსტიტუციით უმაღლესი დაცვის ხარისხი აქვთ, თავისთავად შემაშფოთებელია იმიტომ, რომ ვსაუბრობთ ჩვენი სახელმწიფოს დაცულობაზე, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების დაცულობაზე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სახელმწიფოს მეთაურმა ზეწოლის ფაქტებზე საუბრისას, ასევე საკუთარი ოჯახის მაგალითი მოიყვანა.

„სამწუხაროდ, მინდა მოგახსენოთ, რომ ამ [ზეწოლის] ფაქტებმა მე არ გამაოცა. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, ახალი არ არის.

დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩემი ოჯახის წევრზეც იყო, გარკვეული ზეწოლის მცდელობა სამართალდამცავების ჩართვით. ეს იყო რეალურად იმიტაცია და აქიდან გამომდინარე, რაც მე მითხრა გიორგი პაპუაშვილმა, ჩემთვის გასაოცარი არ არის.

ეს იყო ზეწოლა ჩემი ოჯახის წევრზე, რომელიც გააჩერეს ქუჩაში და შემდგომ, სასამართლოს ყოველგვარი დადგენილების გარეშე, მის სახლში ჩააატარეს ჩხრეკა იმედით, რომ ამას რაღაც მოყვებოდა. ბუნებრივია, აბსოლუტურად სუფთა იყო ყველაფერი და არანაირი სამართალდარღვევა არ დაფიქსირდა, მაგრამ იქ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის სწორედ ამ პიროვნებაზე, ასე ვთქვათ, ზეწოლის მცდელობა.

მე ამის თაობაზე საზოგადოება არ შევაწუხე იმიტომ, რომ ბუნებრივია ახლა ჩემთვის ასეთი ტიპის ზეწოლა ბუნებრივია სასაცილოა.  მე გამოვლილი მაქვს სააკაშვილის პერიოდი და ეს მე ვერანაირად შემეხებოდა, მაგრამ როდესაც ვნახე, რომ ასეთი ტიპის ტენდენციები ღრმავდება, თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, მე ეს თემა გამოვიტანე საჯაროდ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნულ მანკიერ ტენდენციაზე საუბრისას, აღნიშნულ ფაქტებში საქართველოს პრემიერმინისტრის ჩართულობა გამორიცხა.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი აბსოლუტურად არ არის ჩართული ამ საქმეებში.

მაგრამ, აგრეთვე, ჩნდება ტენდენციები უფრო დაბალ დონეზე, რაღაც კავშირების ჩამოყალიბების. ლაპარაკი არის სამართალდამცავი სისტემის და პოლიტიკოსების ერთობლივ მოქმედებებზე.

საშიში ტენდენცია მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც პოლიტიკურ ჯგუფებს უჩნდებათ გარკვეული, არაფორმალური კავშირები სამართალდამცავ ან სხვა ტიპის სტრუქტურებთან და ეს კავშირები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები ამაში ჩართული არ არიან, მაგრამ ეს ტენდენციები გამოჩნდა.

მოდით ერთი წამით შევხედოთ, ეს იყო მართლა უცნაური შემთხვევა. ასეთი მაღალი თანამდებობის პირი, როდესაც აკეთებს განცხადებას, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება, შეიძლება გაჩნდეს კითხვა: ეს შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, შეიძლება იყოს ბიზნესი, შეიძლება იყოს კრიმინალი? ბუნებრივია ,რომ ყველას ერთი რეაქცია უნდა გვქონდეს, რომ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, დავიცვათ მოსამართლეები. ამის მაგივრად ჩვენ ვნახეთ მთელი კასკადი განცხადებების, რომ ეს თურმე ტყუილია. რაღაც უცნაური ტენდენცია იყო, რომ ტყუილია და გაუგებარია, საიდან მტკიცდება, რომ ეს ტყუილია.

აქიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ჩვენ არჩევნების პროცესში გვქონდეს სამართლებრივი, მშვიდი, დემოკრატიული პროცესი; იმისათვის, რომ დავიცვათ არჩევნები; იმისთვის, რომ დავიცვათ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტები, მე მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ შევხვდე საქართველოს პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ამ საშიშ ტენდენციებს, რომლებიც ჩნდება ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, გავცეთ სწრაფი, ადეკვატური და აზრიანი პასუხი“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი წინასაარჩევნო გარემოში მსგავს ფაქტებზე, მათ შორის კორცხელის შემთხვევაზე არასათანადო რეაგირების, დაუშვებლობას და განაცხადა, რომ აუცილებელია გაეცეს ძალიან ნათელი პასუხი, როდესაც პოლიტიკურ ძალებს და, ასე ვთქვათ, რაღაც ჯგუფებს შორის შეთანხმებული მოქმედება ხდება.

შემთხვევითი სიახლე

თეიმურაზ ლეჟავა პირველი ქართველია, რომელსაც იაპონელებმა ჰიგაში კუნინომიას საერთაშორისო კულტურული ჯილდო მიანიჭეს

თბილისი (BPI) – 14 ოქტომბერს, საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავას დამსახურებული დიპლომატიური …