ლაშა პაპაშვილი მთავრობას ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ურჩევს

თბილისი (BPI) – 2016 წლის ბიზნესი იმედიანად იწყებს, თუმცა არსებული პრობლემები მათ გეგმებს აფერხებს.

საინვესტიციო გეგმების და კონკრეტული პროექტების შესახებ ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი GBC-ს ესაუბრა.

1.2015 წელს ლარის გაუფასურების გამო, ბიზნესმენები რამდენიმე მილიონიან ზარალზე საუბრობდენ, რა სიტუაციაა თქვენს შემთხვევაში?

-ჩვენთან ვითარება ნორმალურია, ლარის კურსის დასტაბილურებამ კარგი გავლენა იქონია ბიზნესზე, მაკროეკონომიკური პარამეტრებიც ნორმალურია რაც კარგია იმისთვის, რომ უკეთესი 2016 წელი გვქონდეს. ზარალს რაც შეეხება ეს უკვე წარსულია, ზარალიანი საბალანსო უწყისები აქვს ბევრ ბიზნესს, მაგრამ ეს უკვე 2015 წელს მომხდარი ფაქტია. 3-4 თვეა უკვე დასტაბილურდა ლარი.

2.აღნიშნული დასტაბილურების ფონზე რამდენად ოპტიმისტური მოლოდინები გაქვთ, იმ ფონზეც, რომ ქვეყანას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს?

-ოპტიმიზმი ყოველთვის გვაქვს. როგორც ავღნიშნე, მაკროეკონომიკური პარამეტრებიც კარგია, არ ემუქრება ლარს ისეთი რყევა, ეს კი იმპორტის შემცირებამ განაპირობა. რამდენად იაქტიურებს მთავრობა ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული.  რაც შეეხება ახალ პრემიერს, მე ვფიქრობ, რომ გიორგი კვირიკაშვილი თავად ბიზნესიდან მოდის,  ვიცი მისი ხედვები, ძალიან დიდი იმედია, რომ ის იმ აუცილებელ ნაბიჯებს გადადგამს, რაც საჭიროა.

3.კონკრეტულ პროექტებზე მინდა გკითხოთ, აბასთუმანში სასტუმროს პროექტი რა პროცესშია, თუ შედგა მოლაპარაკებები ფრანგულ ბანკთან და საპარტნიორო ფონდი რა წილობრივი მონაწილეობით შემოვიდა პროექტში?

– ჩვენ ხელი მოვაწერეთ „საპარტნიორო ფონდთან“ ურთიერთშეთანხმებას, რომ ის მიიღებს პროექტში მონაწილეობას ჩვენთან ერთად. დეკემბერში მიწის სამუშაოები დასრულდა, ცუდი ამინდების დადგომამდე, რაც დაახლოებით $1 მილიონის ღირებულების იყო. პროექტს უცხოელი არქიტექტორები აკეთებენ. სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო, ხოლო გაზაფხულზე ბეტონის სამუშაოები დაიწყება.

ფრანგულ ბანკი ჯერ-ჯერობით თავს იკავებს, რადგანაც გარკვეულ რისკებს ხედავენ. სხვა დამფინანსებლებთან გვაქვს მოალაპრაკებები, ისევ კლასიკურად განვაახლეთ IFC-სთან, ასევე არ გამოვრიცხავ, რომ EBRD-ც ჩაერთოს პროექტში და რისკიდან გამომდინარე არ გამოვრიცხავთ ასევე, რომ სესხი ჯგუფზე ავიღოთ და პროექტი ისე განვახორციელოთ.

პროექტში  $28 მილიონის ინვესტირებაა დაგეგმილი, საიდანაც $14 მილიონი მობილიზებულია უკვე, „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად, ხოლო 50%-ის დაფინანსებაზე ვეძებთ კრედიტორს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩვენ ვალდებულება გვაქვს სახელმწიფოსთან აღებული, 7 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო მშენებლობა 2018 წლის პირველ კვარტალში უნდა დავასრულოთ და ასეც ვგეგმავთ. ეს იქნება 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო

4. „ყვარლის ბაგის“ განვითარების მიმართულებით რა გეგმები გაქვთ, ხომ არ იგეგმება ისევ IFC-სგან ამ კუთხით დამატებითი სახსრების მოძიება?

-„ყვარლის ბაგის“ შემთხვევაში IFC -მ მხოლოდ $2 მილიონით დაგვაფინანსა. გვინდა გავაფართოვოთ ფერმა,  თუმცა, აქაც ლარის კურსის გამო შევაჩერეთ გეგმა, რადგან აშშ დოლარში გვქონდა ნომინირებული 1 ლიტრი რძის ფასი. ეხლა უკვე ადგილობრივი მომხმარებლები, რძის გადამამუშავებლები, ვერ იხდიან ამ თანხებს, საცალო ვაჭრობაში ასეთი მნიშვნელოვანი ფასთა ზრდა არ მომხდარა და მნიშვნელოვნად შემცირდა ჩვენი შემოსავლები. ამიტომ გარკვეული პერიოდით თავს ვიკავებთ,  ფერმის გაფართოებისგან.

თუმცა IFC ფერმის გაფართოვების მესამე, მეოთხე ფაზაზე, მზად იყო წამოსულიყო ჩვენს დაფინანსებაზე და უკვე $6 მილიონზე იყო საუბარი, საიდანაც კორპორაცია $4 მილიონს დააფინანსებდა. გაზაფხულზე ვგეგმავდით ამ პროცესების დაწყებას, თუმცა ვნახოთ, ჯერ ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არაა.

5. რაც შეეხება დეველოპერულ სფეროს, სხვა პროექტების კუთხით როგორი ვითარება, როდის დასრულდება ეს პროექტები?

-იცით რომ თავისუფლებაზე დაახლოებით მაისში გავხსნით ახალ ბიზნეს ცენტრს, რომელიც $20 მილიონიანი პროექტია. აღვადგინეთ ისტორიული შენობა, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს, 6000 კვ.მ-ზე მეტი ტერიტორიაა და პირველი კლასის ბიზნეს კლასის ოფისებია.

ასევე, ჭავჭავაძეზე მიმდინარეობს ჩვენი სასტუმროს და საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და მის გახსნას უკვე 2017 წლის ბოლოს ვფიქრობთ.

სხვა პროექტებს რაც შეეხება, ჯერჯერობით ინტენსიურ ფაზაში არაა. ძველ თბილისში ლერმონტოვის ქუჩაზე 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას ვგეგმავთ და სავარაუდოდ ამ წელს დავიწყებთ პროექტირებას. ძალიან მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობაა და ძალიან დიდი ინვესტიცია იქნება- $36 მილიონამდე. ამ შემთხვევაში ჩვენ მინიმალურ კაპიტალს მოვაგროვებთ და დავიწყებთ მოლაპარაკებებს დაფინანსებაზე. ბანკები მთელი პროექტის ღირებულების 50-60%-ზე მეტს არ აფინანსებენ, შესაბამისად იგივე სიტუაცია იქნება ამ პროექტშიც. ასეთი მსხვილი პროექტის პროექტირებას დაახლოებით ერთი წელი სჭირდება, ამიტომ მოსალოდნელია, რომ მშენებლობას 2017 წელს დავიწყებთ.

6. მთავრობის სხდომაზე პარასკევს გაცხადდა, რომ იმ კომპანიების მიმართ ვინც ვალდებულებებს ვერ ასრულებენ სანქციები უნდა იყოს გამოყენებული, ხოლო ისინი ვინც ვალდებულებებს ჯეროვნად ასრულებენ, წახალისებულნი უნდა იყვნენ. თქვენი ხედვა როგორია ამ კუთხით?

-წახალისება ჩვენთვის ძალიან კარგი იქნებოდა და ამასთან, თუ ქვეყნის ინფრასტრუქტურას დაეხმარებიან ესეც ძალიან კარგი იქნება.  იგივე აბასთუმანში ინფრასტრუქტურა, ძალიან კრიტიკულია და პრობლემას წარმოადგენს, ამიტომაც არ მოდიან დამფინანსებლები. მაგალითად, გზა არის, თუმცა წყალმომარაგება, კანალიზაცია, ელექტროენერგია ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ასევე არ არის შეყვანილი ბუნებრივი აირი.  დაახლეობით 30 მილიონია საჭირო, რომ იქ შეიყვანონ გაზი, ამას არც ველოდები, თუმცა წყალმომარაგებას და ელექტროენერგიის პრობლემას მაინც თუ მოაგვარებენ კარგი იქნება. სანქციებს რაც შეეხება, ყველა სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, რაც არსებობს იქედან უნდა გამოდიოდნენ, სხვას ვერაფერს დაუწესებენ, რადგან ისედაც საკმაოდ მკაცრი სანქციებია ხელშეკრულებებში ჩადებული.

gbc.ge

შემთხვევითი სიახლე

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო ოფიცერს იანვარში წარადგენს

თბილისი (BPI) – საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო იანვრის ბოლოს შეიკრიბება. იმ დროისთვის საინვესტიციო  ოფიცერიც დანიშნული …