“ხარისხის პრობლემა ყველაზე მწვავედ ღვინის მწარმოებელ მსხვილ კომპანიებში დგას“

თბილისი (BPI) – ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე დღის წინ ქართული ღვინის ხარისზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არ შეიძლება ქართული ღვინო ბორჯომის ფასად იყიდებოდეს. ჟურნალანაკლიასთან” მიცემულ ინტერვიუში ის განმარტავს, რომ  ქართული ღვინის ხარისხი უნდა აღდგეს.

ღვინის ხარისხი უნდა აღვადგინოთ. კარგია, რომ უამრავი მარანი გააქტიურდა. მაგრამ ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ ვთქვათ: ქართული ღვინო არის მაღალხარისხიანი. და შორს ვართ მისი სწორად პოზიციონირებისგანაც. არ შეიძლება, ქართული ღვინო 2 დოლარი ღირდეს. თუ არ მეშლება, შარშან, დაახლოებით 70 მლნ ბოთლი გაიყიდა და ეს დაახლობით 120 მლნ დოლარია. არ შეიძლება, იყო ღვინის 8000-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანა, როგორიც მეორე არ არის მსოფლიოში და ღვინოს ბორჯომის ფასად ყიდდე. ძვირად გაყიდული ღვინო მატერიალურად ქართველი გლეხის ფეხზე დაყენებაა. თითქოს არაფერი, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯიაროგორც კი ხარისხის და უნიკალურობის მიმართულებას აიღებ, როცა აქ მაღალი კლასის ღვინის მოყვარულებს ჩამოიყვანდა ამ ინფრასტრუქტურაში ჩადებ ინვესტიციას, საქართველო გახდება უნიკალური ქვეყანა, სადაც შეგეძლება ისეთი ღვინო დააგემოვნო, რომელსაც მსოფლიოში სხვაგან ვერსად ნახავ“, – ამბობს ხაზარაძე.

Caucasus business week-ი დაინტერესდა, როგორ აფასებენ ბიზნესმენის შეფასებას ქართველი მეღვინეები და რეალურად, დგას თუ არა ქართული ღვინის ხარისხის პრობლემა?

„ქართული ღვინის ხარისხის პრობლემა ყველაზე მწვავედ ღვინის მწარმოებელ მსხვილ კომპანიებში დგას”, – ასე ეხმაურება „რუისპირის ბიოდინამიური მეღვინეობის“  ხელმძღვანელი გიორგი ალადაშვილი ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მაღალხარისხიანი ღვინო ნაკლებად იწარმოება.

ალადაშვილის შეფასებით, ქართულ ღვინოს ხარისხის და შესაბამისად, ფასის პრობლემა ნამდვილად აქვს. ამის მიზეზად კი მეღვინე სფეროში არსებულ განათლების დაბალ დონეს და ყურძნის დაბალ ხარისხს ასახელებს.როგორც ალადაშვილი აცხადებს, მევენახეობაში არ არის შესაბამისი განათლება, ღვინის ხარისხი კი მევენახეობდან იწყება.

„არ იციან ვინ რა წამლით და როდის უნდა შეწამლოს ვენახი. აქედან გამომდინარე, ხარისხი დაბლა ვარდება,“ – აცხადებს ალადაშვილი.

მისი განცხადებით, ხარისხის პრობლემა ყველაზე მწვავედ ღვინის მწარმოებელ მსხვილ კომპანიებში დგას, რადგან ამ დროს აქცენტი რაოდენობაზე კეთდება და არა ხარისხზე.

„პატარა მარნები გადასული ვართ იმაზე, რომ ვაწარმოოთ ძირითადად მაღალხარისხიანი ღვინო, ბიოდინამიკის მიდგომაც სწორედ ეს არის. მაგალითად, ჩემი ღვინის მინიმალური ფასი 115 ლარიდან იწყება. ვთვლი, რომ ქართულ ყურძენს თუ სწორად მოუვლი, აქვს იმის პოტენციალი რომ ხარისხიან პროდუქტად იქცეს და მისგან წარმოებული ღვინო მაღალსეგმენტში იქნას რეალიზებული. ზუსტად დიდი კომპანიების მიერ წარმოებული ღვინოები იყიდება 2 დოლარად, თორემ მარნების ღვინოები 10 დოლარად მაინც იყიდება-აცხადებს ალადაშვილი.

როგორც „რუისპირის ბიოდინამიური მეღვინეობის“ ხელმძღვანელი განმარტავს, საერთაშორისო ბაზრებზე არის ქართული ღვინოები, რომელიც დაბალ ფასად, მაგალითად, 10 დოლარად იყიდება. ეს ფასი კი 1 ბოთლი ღვინისთვის ძალიან დაბალია. ასევე არის ღვინოები, რომელიც 2 დოლარად იყიდება. „ასეთი ღვინოები არ მიმაჩნია მე ღვინოდ,“ – აცხადებს ალადაშვილი.

თელავის ღვინის მარნისდამფუძნებელმა, ზურაბ რამაზაშვილმა  განუცხადა, რომ ღვინის ფასს ძალიან ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, აქედან ერთ-ერთი  კი ვენახია.

“რომ ავიღოთ ძვირადღირებული ფრანგული ღვინოები, ყველა ეს ღვინო მოდის მისთვის განსაზღვრულ კონკრეტულ ვენახში, რომელსაც ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. ყველაფრის ყიდვა შეიძლება, შეგიძლია იყიდო ყველა ტექნოლოგია, კარგი მანქანა-დანადგარი, კარგი კასრი, დაიქირავო ძალიან გამოცდილი, ყველაზე ძვირადღირებული მეღვინე, მაგრამ, თუ არ გაქვს კონკრეტული ვენახი, რომელსაც თავისი ისტორია აქვს, ძვირადღირებულ ღვინოს ვერ შექმნი“ – განაცხადა ზურაბ რამაზაშვილმა.

როგორც ის აცხადებს, ძალიან მაღალი ხარისხის ღვინის საწარმოებლად, ვენახის საშუალო ასაკი 70 წელი მაინც უნდა იყოს.

“მაგალითისთვის, რომ ავიღოთ საფრანგეთში ,,შატო მარგო“, რატომ ღირს ეს ღვინო ყველაზე ძვირი? იმიტომ, რომ შატო მარგოს ვენახები 200 წელია არსებობს. ჩვენთან, საბჭოთა კავშირის დროს, ვაზის სიცოცხლის ხანგრძლივობა 30-40 წელი იყო, ამის შემდეგ ეს ვაზი იჩეხებოდა, რადგან კომერციულად ვაზი ყველაზე პროდუქტიული ამ ასაკამდეა, მაგრამ სამაგიეროდ ის ყველაზე ხარისხიან ღვინოს ამ ასაკის შემდეგ იძლევა. ასე, რომ საშუალო ვაზის ასაკი 70 წელია“ – აცხადებს მეღვინე.

მისივე განცხადებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მეღვინეობის სფეროში მოსახლეობისა და საზოგადოების ცოდნის ამაღლება, ასვე თავად მეღვინეებისაც.

 

„დღესდღეობით ბევრი ადამიანი რომ გააჩერო ქუჩაში, ვერ გეტყვის რა განსხვავებაა ქინძმარაულსა და მუკუზანს შორის, ან შესაძლოა გითხრას რომ წინანდალი წითელიც შეიძლება არსებობდეს, ან ქინძმარაული თეთრი, ასეთი სისულელეც შეიძლება მოისმინოთ საქართველოში, საფრანგეთში კი ასეთ რამეს ვერ შეხვდებით. ანუ, ხალხიც მზადაა თვითონვე მისცენ შეფასება თავიანთ ისტორიულ მიღწევას“ – აცხადებს ზურაბ რამაზაშვილი.

მისი თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ისიც არის, რომ ახალი მეწარმე-სუბიექტების ცოდნა, რომლებიც ღვინის წარმოებაში მისი მომგებიანობის გამო ჩაერთვნენ, ხშირ შემთხვევაში ელემენტარულ კრიტიკასაც ვერ უძლებს. ზოგიერთ შემთხვევაში, მათ მიერ ხდება ბაზარზე ღვინის ძვირად წარდგენა, მაგრამ აბსოულუტურად დაუსაბუთებლად.

შემთხვევითი სიახლე

WB საქართველოს ენერგეტიკაში 62 მლნ-ის ინვესტიციას ახორციელებს

თბილისი (BPI) – საქართველო მსოფლიო ბანკისგან 62 მლნ დოლარის ფინანსურ რესურსს მიიზიდავს, თანხას ფინანსური ინსტიტუტი …