ისტორიული აბრეშუმის გზის მარშრუტს მალე „ვიკინგის მატარებელი” დაემატება

თბილისი (BPI) – ისტორიული აბრეშუმის გზის მარშრუტს, რომელიც ევრაზიის კონტინენტის აღმოსავლეთსა და დასავლეთს აერთებს და თანამედროვე ტერმინით „ტრასეკას“ მარშრუტი ეწოდება, მალე „ვიკინგის მატარებლის” სახელწოდებით ცნობილი კონტინენტის ჩრდილოეთისა და სამხრეთის შემაერთებელი მონაკვეთიც დაემატება. ახალი სარკინიგზო მარშრუტის პერსპექტივები, თბილისში სატრანზიტო პროექტ ვიკინგის მონაწილე სარკინიგზო ადმინისტრაციებისა და ცნობილი ლოჯისტიკური კომპანიების ორდღიან სამუშაო თათბირზე განიხილეს.

რა ახალ პერსპექტივებს ხსნის ვიკინგისა და ტრასეკას გადაკვეთის წერტილში ყოფნა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალისთვის და რამდენად მზადა არის ქვეყანა ახალი შესაძლებლობების გამოყენებისთვის? თემაზე გადაცემა „ეკონომეტრის” სტუმარია საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე:

– საზოგადოებისთვის ვიკინგის პროექტი ჯერჯერობით ნაკლებად არის ცნობილი, თუმცა, ცხადია, რომ „ტრასეკას“ მარშრუტს სწორედ საქართველოში გადაკვეთს, რაც ახალ სატრანზიტო შესაძლებლობებს აჩენს. კონკრეტულად, რაში მდგომარეობს პროექტის იდეა და რა სარგებელს მიიღებს ქვეყანა?

– საქართველოში ვიკინგის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ არსებობდა. თუმცა, ევროპის სატრანსპორტო სისტემისთვის ის ერთერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად ითვლება. მისი არსი მდგომარეობს ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ჩრდილოეთ ევროპის დაკავშირებაში შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან და შემდეგ უკვე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ჩვენი სატრანსპორტო სისტემების გამოყენებით ინტეგრირებას შუა აზიის ქვეყნებთან. ეს მნიშვნელოვანი პროექტია და მნიშვნელოვანწილად გააძლიერებს ჩვენ არსებულ სტრატეგიას, რომელიც აბრეშუმის გზის გაფართოებას და მისი პოტენციის ზრდას გულისხმობს.

– პროექტში 8 ქვეყანა მონაწილეობს, რა კრიტერიუმით შეირჩა თბილისი შეხვედრისთვის და რა კონკრეტული საკითხები განიხილეთ 11-12 ნოემბრის შეხვედრაზე?

 

– თბილისი და ზოგადად, საქართველო, აბრეშუმის გზის ფორუმის ჩატარების შემდეგ პოპულარული ადგილია სატრანსპორტო კომპანიებისთვის. სწორედ ამ პრინციპით შეირჩა. ჩვენზე გამავალი დერეფნით ინტერესდება უფრო და უფრო მეტი და მსხვილი მოთამაშე. ჩვენ შევთანხმდით ისეთ საკითხებზე, როგორიც არის გამჭოლი ტარიფი. გარდა ამისა, საკითხები, რომელიც ეხება ტექნოლოგიურ ორგანიზებას. ასევე ის თარიღები, რისი მიხედვითაც 2016 წელს უნდა ვიმოქმედოთ.

ტრასეკას მარშრუტისთვის საქართველოზე გამავალი მონაკვეთი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც უმოკლესი მანძილია ევროპასა და აზიას შორის. რაც შეეხება ვიკინგის მარშრუტს, რამდენადაც ცნობილია, მისი უპირატესობა არის ის, რომ ევროპისკენ მიმავალ საზღვაო გზას ხმელეთით ამოკლებს. ეს ორი მარშრუტი კონკურენციაში ხომ არ შევა ერთმანეთთან, ტრასეკას და ვიკინგს ვგულისხმობ.

– არა, პირიქით, ჩვენ ამაში ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ სინერგიას. აბრეშუმის გზის მარშრუტი უკავშირდება დერეფანს, რომელიც არის აღმოსავლეთ და დასავლეთს შორის. ის ძირითადად მოემსახურება ვაჭრობას ჩინეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის. ძირითადად, ეს არიან ხმელთაშუა ზღვის და შავი ზღვის აუზის ქვეყნები. რაც შეეხება პროექტ ვიკინგს, აქ ჩვენ ვსაუბრობთ ჩრდილოეთ ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნების დაკავშირებას შუა აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან. ჩვენ ვსაუბრობთ დამატებითი ღირებულების შექმნაზე და ძალიან მნიშვნელოვან სინერგიაზე.

– იქნებ დავაკონკრეტოთ, რომელი 8 ქვეყანა მონაწილეობს ამ პროექტში?

 

– ეს არის ქვეყნები, რომლებიც მიუერთდნენ სხვადასხვა დროს აღნიშნულ პროექტს. ის ქვეყნები, რომლებიც ჩართულნი არიან საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენი მარშრუტი დაიწყება პორტ კლაიპედაში (ლიტვა), შემდეგ უკვე ბელორუსიისა და უკრაინის გავლით მოხვდება საკონტეინერო გზავნილები ჩვენს პორტებში. ძირითადად, ფოთსა და ბათუმში, შემდეგ უკვე ამ ტვრითს გადავამისამართებთ აზერბაიჯანისა და შუა აზიის მიმართულებით.

 

– რამდენადაც ცნობილია, ვიკინგის პირველი მატარებელი 2016 წელს გაივლის. რა მიმართულებებიდან ელოდებით ტვირთებს და რამდენად გაიზრდება ტვირთბრუნვა?

– ნებისმიერი ახალი სატრანსპორტო მარშრუტის დამკვიდრებას ჭირდება გარკვეული დრო და პრომოუშენი. თუმცა, ჩვენ პირველ საკონტეინერო მატარებელს ველოდებით 2016 წლის პირველ კვარტალში. სავარაუდოდ, ეს იქნება ელექტრო საქონელი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. რაც შეეხება ტვირთბრუნვას, ჩვენ ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვიპოვოთ მაქსიმალური გადაკვეთის წერტილები მსხვილ სატრანსპორტო პროექტებს შორის. ამ შემთხვევაში ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ აბრეშუმის გზაზე. რაც შეეხება ვიკინგის პროექტს, ის დაეხმარება აბრეშუმის გზას უფრო მეტი უპირატესობის მოპოვებას სხვა დერეფნებთან შედარებით.

აბრეშუმის გზის პოტენციალი იცით, რომ შეფასებულია ძალიან სერიოზული ციფრებით. სავარაუდოდ, შეგვიძლია ვისაუბროთ 3 000 კონტეინერზე, მას შემდეგ, რაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ამუშავდება.

– რამდენად მზადაა საქართველო გაზრდილი სიმძლავრეების მისაღებად?

 

– ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამ მიმართულებით მინდა აღვნიშნო მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის სამჯერ ზრდას ყველაზე რთულ მონაკვეთზე. ამ შემთხვევაში საუბარია, ხაშური-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე. გარდა ამისა, ჩვენი პარტნიორები აზერბაიჯანსა და ყაზახეთში ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ. ასე რომ, ჩვენი აზრით, ინფრასტრუქტურულად დერეფანი სრულად მზადაა იმისათვის, რომ აღნიშნულ ტვირთებს მოემსახუროს.

– განიხილება პროექტში აზერბაიჯანის ჩართვის საკითხიც. რამდენად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის მიერთება და დაახლოებით როდისთვის გახდება ცნობილი გადაწყვეტილება?

-აზერბაიჯანის მიერთება ვიკინგის პროექტზე მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს ჩვენი კოლეგები აზერბაიჯანიდან ამ პროექტს ოფიციალურად მიუერთდებიან.

– ვიკინგის პროექტში ჩართვის შედეგად, გაძლიერდება ჩრდილოეთ-სამხრეთის ტრანზიტის შესაძლებლობა, რაც აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ შეჩერებული მარშრუტია. მალე დაგვემატება ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზა, ამას ემატება ტრადიციული ბაქო-შავი ზღვის პორტების მონაკვეთი. თუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო უკვე ყალიბდება, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბი?

– ეს არის ჩვენი სტრატეგია და ამოცანა. ეს პროექტები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზანს, რომ საქართველო იქცეს რეგიონის სატრანსპორტო ჰაბად. ამას ბუნებრივია დრო სჭირდება. ეს პროექტები მოკლევადიანი არ არის, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ვდგავართ სწორ გზაზე და ამ პროექტების წარმატებულად რეალიზების შემთხვევაში, საქართველო მთელი რეგიონისთვის სრულფასოვან სატრანსპორტო ჰაბად იქცევა.

– რკინიგზის და პორტების ტვრითბრუნვაც ბოლო წლებში მცირდება გაზრდილი კონკურენციის გამო. ამის მიზეზად დარგის ანალიტიკოსები მაღალ ტარიფებს ასახელებენ, როგორც პორტებში ისე რკინიგზაზე. არადა კონკურენცია საკმაოდ დიდია. რამდენადაც ცნობილია, ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან მიდის მუშაობა, ტრასეკას დერეფნის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე და გამჭოლ ტარიფებზე, რამდენად წარმატებულია ეს პროცესი?

 

– რაც შეეხება ტვირთბრუნვას, მინდა მნიშვნელოვანი განმარტება გავაკეთო. ტვირთბრუნვის შემცირება ძირითადად ხელშესახებია ნავთობის გადაზიდვის თვალსაზრისით, ამას ობიექტური მიზეზი აქვს. ამ ნავთობის დიდი ნაწილი გადავიდა ბაქო -თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში. ეს მილსადენი კი ისეთივე ნაწილია საქართველოზე გამავალი ტრანზიტული დერეფნის, როგორც საქართველოს რკინიგზა. ასე რომ, ვერ დავეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ სატრანსპორტო დერეფანში ამ კუთხით შემცირდა ნავთობის გადაზიდვა. სხვა მიმართულებით ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. მაგალითად, ნავთობპროდუქტების თვალსაზრისით თითქმის გაორმაგებულია გადაზიდვა გვაქვს. ეს დადებითად აისახა ჩვენი კომპანიის ფინანსურ სიტუაციაზე.

– საუბარია, რომ აზერბაიჯანს საკმაოდ მაღალი ტარიფები აქვს. თუ მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა?

 

– ამ საკითხზე მუშაობა მიდის როგორც აზერბაიჯანთან, ისე ყაზახეთთან. ჩვენ უკვე გვაქვს გამჭოლი ტარიფები. ესენია: ყაზახურ მაზუთზე, ნავთობზე, საკონტეინერო გადაზიდვებზე. ასევე გვაქვს გამჭოლი ტარიფი თურქმენულ ტარიფზე, რომელიც პირველად მოვიზიდეთ საქართველოს რკინიგზის არსებობის ისტორიაში. გამჭოლი ტარიფებია ქიმიურ ტვირთებზეც. გამჭოლი ტარიფი მოქმედებს უზბეკურ ბამბაზე, რომელიც 15 წელი დერეფანში არ იყო. ამ კუთხით, რა თქმა უნდა ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი კოლეგები აზერბაიჯანიდან ასეთი რაკურსით აფასებენ ამ თემას.

– რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ყარსს, ცნობილია, რომ თურქეთის მონაკვეთი გვიანდება და წელს ვერ დაიწყება. თუ არის უკვე ცნობილი ზუსტი თარიღი როდის შევა ძალაში?

– თურქული მხრიდან ობიექტური მიზეზების გამო შეფერხებები იყო. დღევანდელი მონაცემებით, მშენებლობის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარებულია. ვიმედოვნებთ, რომ პირველ სატვირთო მატარებელს 2016 წელს ახალი მარშრუტით დავგეგმავთ და გავუშვებთ.

commersant.ge

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკაში ინვესტიციები მცირდება – 2015 წელს ინვესტიციები 23%-ით შემცირდა

თბილისი (BPI) – 2015 წელს ქვეყანაში 1 მილიარდ 351 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. სტატისტიკის …