ირაკლი მენაბდე: Brexit-ის მიუხედავად, საქართველომ უნდა გააგრძელოს ევროინტეგრაცია

თბილისი (BPI) – საინვესტიციო ფონდის ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის საინვესტიციო მიმართულების მმართველი დირექტორი ირაკლი მენაბდე მიიჩნევს, რომ საქართველომ აქტიურად უნდა გააგრძელოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და ეს უნდა მოხდეს იმის მიუხედავად, რომ ბრიტანეთმა გაერთიანება დატოვა.

„ევროკავშირთან საინტერესო ურთიერთობები გვაქვს. დარწმუნებული ვარ, საქართველო აქტიურად გააგრძელებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (DCFTA) ასოცირების შეთანხმების უნიკალური კომპონენტია, რომელიც ევროკავშირთან განსაკუთრებული პარტნიორობის საშუალებას გვაძლევს. შეთანხმების შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფო ახორციელებს ყველა საჭირო სტრუქტურულ რეფორმას, რათა მაქსიმალურად თანხვედრაში ვიყოთ ევროკავშირის რეგულაციებთან”, – განაცხადა მენაბდემ CNBC-თან საუბრისას.

მისივე თქმით, ეს არის სწორი გზა ქვეყნის განვითარებისთვის და საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებისთვის, განსაკუთრებით პოსტ-საბჭოთა ქვეყნისთვის, რათა მოხდეს პროდუქციის და მომსახურების ექსპორტისთვის შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.

“რაც მთავარია ეს პარტნიორობა გვაძლევს გადასახადებისგან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას მრავალი ქვეყნისგან შემდგარ ბაზართან, რომელიც ჩვენთვის DCFTA-ს წყალობით ერთიან სავაჭრო სივრცედ იქცა,“ – განაცხადა მენაბდემ.

მენაბდეს განცხადებით, დიდი ბრიტანეთის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატზე გავლენა არ ჰქონია.
„აღნიშნულ თემაზე საუბრისას ვფიქრობ ორ ძირითად საკითხს უნდა შევეხოთ. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო უცხოელ ინვესტორთათვის მიმზიდველ ქვეყნად რჩება. ამაზე მიუთითებს 2016 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით გაორმაგებულია.

რაც შეეხება უშუალოდ BREXIT-ის ფაქტორს, მოგახსენებთ, რომ საქართველოში ბრიტანული ბიზნესები მრავალი წელია წარმატებით ოპერირებენ და ვფიქრობ, ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ რეფერენდუმს არანაირი გავლენა არ ექნება არც ხსენებულ ბიზნესებზე და არც ბრიტანეთისა და საქართველოს ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე. თუმცა რასაკვირველია, საქართველოდან ვაკვირდებით პროცესის განვითარებას და ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ურთიერთობის ის ოპტიმალური პლატფორმა, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ჩამოყალიბდება.“ – განმარტა მენაბდემ.

შემთხვევითი სიახლე

თეიმურაზ ლეჟავა პირველი ქართველია, რომელსაც იაპონელებმა ჰიგაში კუნინომიას საერთაშორისო კულტურული ჯილდო მიანიჭეს

თბილისი (BPI) – 14 ოქტომბერს, საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავას დამსახურებული დიპლომატიური …