გამოიწვევს თუ არა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი საქართველოდან ინტელექტუალური რესურსის გადინებას?!

თბილისი (BPI) – რას გულისხმობს ვიზა-ლიბერალიზაცია, ან ევროპაში გასამგზავრებლად ვიზის მიღების გამარტივება გამოიწვევს თუ არა ქვეყნიდან ადამიანური რესურსის გადინებას, ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა ჟღენტი განმარტავს:

– საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს აუცილებლად მიიღებს. ლაპარაკია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოხდება ეს. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი მოქმედი და, ძირითადად, აწ უკვე ყოფილი წარმომადგენლები, მინისტრები, საზოგადოებაში ქმნიდნენ დაუსაბუთებელ მოლოდინს, როდესაც აცხადებდნენ, რომ შესაძლებელი იყო უვიზო რეჟიმის მიღწევა ევროკავშირის აღმოსავლეთპარტნიორობის ჯერ ვილნიუსის, შემდეგ კი რიგის სამიტებზე. თუ საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა და მიაღწია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას 2016 წლის შემოდგომაზე დანიშნულ არჩევნებამდე, ეს იქნება, ერთი მხრივ, რეალისტური და, მეორე მხრივ, წარმატებული შედეგი.

მართალია, ევროკავშირის ინსტიტუტებშიც და მით უმეტეს, წევრი სახელმწიფოების კულუარებში არიან სკეპტიკოსები, ვინც არ ემხრობიან საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას, მაგრამ საქართველოს მოსახლეობამ ბევრად მეტი დაიმსახურა, ვიდრე თუნდაც უვიზო რეჟიმია და ეს კარგად აქვთ გათვითცნობიერებული მათ, ვინც დღეს ევროკავშირში გადაწყვეტილებებს იღებენ.

– საზოგადოების ნაწილს არა აქვს სრულყოფილი ინფორმაცია, რას გულისხმობს ვიზა-ლიბერალიზაცია და რა შესაძლებლობებს აძლევს ის საქართველოს მოსახლეობას. ისიც ითქვა, რომ მხოლოდ ფორმალურად ხდება ვიზის გამარტივება ევროპასთან, რეალურად კი, პროცედურები არ იცვლება.

– საქართველოში საინფორმაციო კამპანია მოიკოჭლებს. მართალია, ევროკავშირის დახმარებით უკვე დაიწყო, მაგრამ საკმაოდ გვიან და გარდა ამისა, კამპანია სასურველია იყოს უფრო პროაქტიური და შედეგიანი. მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ვიზა-ლიბერალიზაცია არ გულისხმობს ევროკავშირის ტერიტორიაზე ხანგრძლივი ცხოვრების უფლების მიღებას. ის გვანიჭებს საშუალებას, ყოველ 6 თვეში სამი თვე ვიმოგზაუროთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.

ამ პირობის დამრღვევებს საქართველოში დააბრუნებენ და მომავალში ევროკავშირის ტერიტორიაზე შეღწევაზე სანქციებიც დაეკისრებათ. უვიზო რეჟიმი არ გვანიჭებს ევროკავშირში მუშაობის საშუალებასაც. სამაგიეროდ, ის ქმნის შესაძლებლობას, მოკლევადიანი ვიზიტის ან ვიზიტების შედეგად, პირმა მოიძიოს სამუშაო და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სხვადასხვა პროცედურის გავლის, კანონიერი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, სამუშაოდ წავიდეს.

უვიზო რეჟიმით სარგებლობისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ პასპორტისა და სამგზავრო ბილეთის აღება. ევროკავშირის საზღვარზე ჩვენი მოქალაქეები ვალდებულნი იქნებიან, მოთხოვნის შემთხვევაში წარადგინონ ყველა ის საბუთი და დააკმაყოფილონ ყველა ის პირობა, რასაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საკონსულოები ითხოვენ ვიზის გასაცემად. ევროკავშირის მესაზღვრეს ყოველთვის აქვს უფლება, უარი გვითხრას ტერიტორიაზე შეღწევაზე.

– ექსპერტების ნაწილის აზრით, მას შემდეგ, რაც მოლდავეთმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობის უფლება მიიღო, ქვეყნიდან ევროპაში მოსახლეობის მასობრივად გადინება დაიწყო. ხომ შეიძLლება ჩვენთანაც იგივე მოხდეს?
– მოლდავეთიდან, ისევე როგორც საქართველოდან, მოსახლეობის გადინება დაიწყო ბევრად ადრე, ვიდრე მოლდავეთსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმი შევიდოდა ძალაში. შესაბამისად, ემიგრაციასა და ევროკავშირთან სავიზო ურთიერთობების ლიბერალიზაციას შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირი არ არსებობს. თითქმის გაორმაგდა მოლდავეთის მოქალაქეების ხანმოკლე ვიზიტები ევროკავშირის სახელმწიფოებში. საქართველოსთვის ეფექტი ბევრად ხელშესახები იქნება. არაოფიციალური მონაცემებით, მოლდავეთის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს ჯერ კიდევ უვიზო რეჟიმის შემოღებამდე ჰქონდა მეორე, რუმინული პასპორტი. ცნობილია, რომ მოლდაველებს, ვინც შეძლებს იმის დადასტურებას, რომ მათი წინაპრები გასული

საუკუნის 30-50-იან წლებში ცხოვრობდნენ დღევანდელი მოლდავეთის ტერიტორიაზე, გამარტივებული წესით შეუძლიათ მიიღონ რუმინეთის მოქალაქეობა. მოლდავეთის კანონმდებლობა უშვებს ორმაგ მოქალაქეობას, რის შედეგადაც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ეს შესაძლებლობა გამოიყენა. გამომდინარე აქედან, ბევრ მოლდაველს ჯერ კიდევ უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე შეეძლო რუმინეთის, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს, მოქალაქეობით ესარგებლა. ეს კი უფლებების თვალსაზრისით ბევრად აღემატება უვიზო რეჟიმით სარგებლობის უფლებას. შესაბამისად, საქართველოს შემთხვევაში ეფექტი უფრო ხელშესახები იქნება. ქვეყნის დატოვების სურვილი, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია სახელმწიფოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარებით, უმუშევრობით, თვით­რეალიზაციის შესაძლებლობების ნაკლებობით ან ხშირ შემთხვევაში, არარსებობით. ევროკავშირთან სავიზო ურთიერთობების ლიბერალიზაცია ემიგრაციას არ უწყობს ხელს, ის ახდენს აღნიშნულის რეგულირებას. ის კანონმდებლობა, რაც საქართველომ მიიღო, ის შეთანხმებები ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებთან, რაც გაფორმდა, მათ შორის რეადმისიის თაობაზე, ჩარჩოებში აქცევს ზემოაღნიშნულ პრობლემას. თუ დღემდე ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი უკანონოდ იმყოფებოდა ევროკავშირის ტერიტორიაზე და იღებდა ე. წ. აზულანტის (ლტოლვილის) სტატუსს, უვიზო რეჟიმის შემოღება რადიკალურად განსხვავებულ ჭრილში გადაიყვანს ამ პრობლემატიკას. უდავოა, რომ ნაწილობრივ იქნება ევროკავშირის სახელმწიფოებში თავშესაფრის მოთხოვნის პრეცედენტები, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რასაც დღემდე ჰქონდა ადგილი. უფრო მეტიც, როდესაც ჩვენს მოქალაქეს მიეცემა საშუალება, ჯერ თავშესაფრის და შემდეგ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის­ მიღების (რაც იწვევს საქარ­თველოს მოქალაქეობის დაკარგვას) გარეშე კანონი­ე­რად გააფორმოს სამუშაო­ კონტრაქტი ან მიიღოს უც­ხოეთში სწავლის უფლება, ავტომატურად შემცირდება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის სტატისტიკა.

ამასთან, ეს პირები საქართველოსთან შეინარჩუნებენ არა მხოლოდ ემოციურ-პატრიოტულ განცდებს, არამედ კონკრეტულ სამართლებრივ-ფორმალურ ურთიერთობებსაც. ეს კი თავისთავად შეამცირებს ჩვენი ადამიანური და ინტელექტუალური რესურსის ქვეყნიდან სამუდამოდ გადინების საფრთხეს.

წყარო: გაზეთი “კვირის პალიტრა”

შემთხვევითი სიახლე

ანტიდემპინგურ კანონპროექტზე მუშაობა დასრულებულია

თბილისისი (BPI) – ანტიდემპინგურ კანონპროექტზე მუშაობა დასრულებულია. ამის შესახებ „კომერსანტს” პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური …