EBRD-ის ხელშეწყობით თიბისი ლიზინგი მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას ზრდის

თბილისი (BPI) – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) “თიბისი ლიზინგს” 6 მილიონი ევროს მოცულობის სესხი გამოუყო მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების დასაფინანსებლად, რომელიც ძირითადად რეგიონულ პროექტებზე იქნება მიმართული.

თიბისი ლიზინგი ყველაზე მსხვილი სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, ის მთლიანად ეკუთვნის თიბისი ბანკს და EBRD-თან ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებს.

COVID-19-ის კრიზისის დროსაც, EBRD საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორი ქართული ეკონომიკის მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს და შესაბამისად ამ რთულ პერიოდში მისი მხარდაჭერა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრიორიტეტია.

“EBRD-ს სურს ხელი შეუწყოს სალიზინგო ბაზრის განვითარებას და ქართული კომპანიებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადოს დაფინანსება ალტერნატიული საკრედიტო არხების მეშვეობით. გამოყოფილი ფინანსური რესურსი ორიენტირებულია მცირე ბიზნესის წარმოებისკენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმ სექტორებში, სადაც ყველაზე მეტი დაფინანსებაა საჭირო, განსაკუთრებით კი რეგიონებში. თიბისი ლიზინგი ძალიან კარგადაა მომზადებული იმისთვის, რომ მოხერხდეს EBRD-ის სახსრების გადანაწილება იმ კომპანიებზე, რომლებიც ამ უპრეცედენტო არასტაბილურობის პერიოდს გადიან. ბიზნესებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა და უწყვეტი ფინანსური რესუსრის მიწოდება კი არსებითად მნიშვნელოვანია ეკონომიკის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის.” – განაცხადა EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

“მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა ვითანამშრომლოთ EBRD-თან ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით, რათა გავზარდოთ წვდომა დაფინანსების ისეთ ალტერნატიული საშუალებებზე, როგორიცაა ლიზინგი, რომელიც უნდა ითქვას, რომ საქართველოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ჩვენი, როგორც წამყვანი სალიზინგო კომპანიის მიზანია ხელი შევუწყოთ აღნიშნულ პროცესს და შევქმნათ პროდუქტების ფართო არჩევანი, რაც ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებს გაუზრდის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას და დაეხმარება მათ ბიზნეს საქმიანობის გაფართოებაში. EBRD-ის აქტიური მხარდაჭერის წყალობით კი შესაძლებელი ხდება ჩვენი მიზნების განხორციელება და ქართულ სალიზინგო ბაზარზე არსებული პოტენციალის უკეთ ათვისება” – განაცხადა ნუგზარ ლოლაძემ, თიბისი ლიზინგის ფინანსურმა დირექტორმა.

EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. მისი საქმიანობა მიმართულია ფინანსურ სექტორში სტაბილურობის და პროდუქტების მრავალფეროვნების ზრდის მხარდასაჭერად, ისევე როგორც კერძო სექტორის მეტი ჩართულობის ხელშეწყობისკენ ინფრასტრუქტურის განმტკიცებისა და ეფექტურობის ზრდის თვალსაზრისით, ასევე ენერგო სექტორის განახლებისკენ, ენერგოეფექტურობის ზრდის და მისი მდგრადობის შენარჩუნების მიმართულებით.

საქართველოში საქმიანობის დაწყების შემდეგ, EBRD-ის ინვესტიციამ ჯამში 4,2 მილიარდ ევროზე მეტი შეადგინა და 258 პროექტი მოიცვა საფინანსო, კორპორაციული, ინფრასტრუქტურული და ენერგო სექტორებიდან; ინვესტიციების 80% კი კერძო სექტორშია განხორციელებული.

შემთხვევითი სიახლე

თიბისი ბიზნესკლუბის წევრებისთვის ბიზნესსაუბრების პროექტს იწყებს

თბილისი (BPI) – თიბისის ბიზნესკლუბის წევრებისთვის ბიზნესსაუბრების პროექტი იწყება. საუბრების პრემიერა 15 იანვარს, 11:00 საათზე, …