Bloomberg : Turkcell–ის აღმასრულებელი დირექტორი „ჯეოსელის“ შეძენის გეგმებს ადასტურებს

თბილისი (BPI) – თურქეთის უდიდესი მობილური ოპერატორი კომპანია TeliaSonera-ს მფლობელობაში არსებული აქციების შეძენას გეგმავს.

Turkcell Iletisim Hizmetleri-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კაან თერზიოღლუმ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ კომპანია Fintur Holdings-ის 58.55%-იანი წილის შეძენას შეეცდება. ამჯერად კომპანია Fintur-ის  41.45%-ს ფლობს, რომელიც საქართველოში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და მოლდოვაში მუშაობს. უფრო კონკრეტულ დეტალებზე თერზიოღლუს არ უსაუბრია.

თურქეთის სატელეკომუნიკაციო ორგანოსთან სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რომელიც 4.5G სისწრაფის მობილურ ინტერნეტის გავრცელებას ითვალისწინებდა, თერზიოღლუმ აღნიშნა, რომ კომპანიის აქციების შესახებ მსჯელობა მუდმივად მიმდინარეობს.

Turkcell-მა Fintur-ის აქციების შესახებ რეკომენდაციებისა და რჩევების მისაცემად  Citigroup Inc. და HSBC Holdings Plc დაიქირავა. ამის შესახებ Bloomberg-ს ორმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია. პარალელურად, Pareto Securities-მა TeliaSonera-ს Fintur-ის წილი დაახლოებით $430 მილიონად შეაფასა.

უდიდესი შვედური სატელეკომუნიკაციო კომპანია, TeliaSonera, Turkcell-ის აქციების 38%-ს ფლობს, რითიც მისი უდიდესი მეწილეა. Turkcell-ის სხვა მეწილეებს შორის აღსანიშნავია რუსი მილიარდერის, მიხაილ ფრიდმანის საინვესტიციო კომპანია და Cukurova Holding-ი.

Turkcell-მა გაფართოება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც წლების განმავლობაში სამ მთავარ მეწილეს შორის მიმდინარე განხილვები დასრულდა. გამოუვალი მდგომარეობა 2014 წელს დასრულდა, როდესაც Cukurova Holding-მა ფრიდმანის კომპანიას $1.6 მილიარდის ღირებულების ვალი დაუბრუნა, რამაც ურთიერთობა მეწილეებს შორის მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

Fintur-ს ეკუთვნის მობილური ოპერატორები აზერბაიჯანში (Azercell), მოლდოვაში  (Moldcell), ყაზახეთში (Kcell) და საქართველოში (Geocell).

გასული წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჯეოსელის” მფლობელი „თელიასონერა” აქტივების გაყიდვის შესახებ Turkcell-თან მოლაპარაკებებს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ მოლაპარაკებები სხვა კომპანიებთანაც მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. რამდენიმე კვირის წინ გაჩნდა ცნობა, რომ ევრაზიის რეგიონიდან „თელიასონერას” გასვლის პროცესი შესაძლოა გაჭიანურდეს

იმის შესახებ, რომ ჯეოსელის მფლობელი „თელიასონერა” საქართველოდან, უზბეკეთიდან, მოლდოვადან, ყაზახეთიდან,  აზერბაიჯანიდან და ტაჯიკეთიდან გადის, გასული წლის სექტემბერში გახდა ცნობილი.

commersant.ge

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi-სგან $50 მლნ-ის რესურსი მოიზიდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მლნ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა. ტრანზაქცია …