ბიზნესი მცირე მასშტაბის მთავრობას ითხოვს

თბილისი (BPI) – პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ, დღეს საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე მთავრობის ოპტიმიზაციის გეგმა წარმოადგინა:

„მცირე მთავრობის კონცეფცია არ გულისხმობს მხოლოდ სამინისტროების რაოდენობის შემცირებას. ეს არის კონცეფცია, თუ რა წილი უნდა ჰქონდეს მას მთლიან შიდა პროდუქტში, მთლიან ეკონომიკაში. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. წელს საორიენტაციოდ ხარჯები ამ მიმართულებით გვექნება მთლიანი შიდა პროდუქტის 4,2 – 4,3 %. მცირე მთავრობის კონცეფცია გულისხმობს მთავრობის ზომის შემცირებას ეკონომიკასთან მიმართებაში ისე, რომ ის არ აღემატებოდეს 3, 9 %-ს. თანხაში ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მომავალში საშუალება მოგვეცემა საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა – 100-120 მილიონი ლარის ფარგლებში მივმართოთ სხვა მნიშვნელოვან სოციალურ პროგრამებზე. მე მინდა ხაზი გავუსვა, რადგან გარკვეულწილად არის არასწორი სტერეოტიპი დანერგილი, რომ მცირე ზომის მთავრობა აუცილებლად ნიშნავს მხოლოდ მცირე რაოდენობის სამინისტროებს. ეს უპირველესად ნიშნავს ეკონომიკაში ხარჯების წილს. შესაბამისად, ჩვენი პროგრამის ფარგლებში ამას დავაფიქსირებთ, თუ რა უნდა იყოს ზედა ზღვარი, რომელიც იქნება ხარჯების ნაწილში გათვალისწინებული და გამოთავისუფლებული თანხები რა მიმართულებებით დაიხარჯება. ეს ჩვენი შეხედულებით, პირველ რგიში უნდა მოიცავდეს სოციალურ მიმართულებებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 Caucasus business week-დაინტერესდა, როგორ აფასებენ მამუკა ბახტაძის  ინიციატივას ბიზნეს და ექსპერტულ წრეებში?

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი:  “14 სამინისტროდან 11-ზე ჩამოვალთ და 120 მლნ ლარი დაიზოგებაო. თითოეული ლარით ბიუჯეტის შემცირება კარგია; ეს შემცირება არის სასაცილო, რადგან დაახლოებით 0.7% იზოგება; სხვა ხარჯების გაზრდას აპირებენ თუ არა არ ვიცით და რეალურად დაზოგვა ან გამოვა ან არა;- სამინისტროების გადაჯგუფებას აზრი არ აქვს თუ მეტი ფული არ დაიზოგება;- ბიუროკრატია და მთავრობის სიმცირე სამინისტროების სახელებში კი არა მათ მიერ დახარჯულ-გაფლანგულ ფულში გაოიხატება; ოცდამეჩვიდმეტეათასედ მცდარ მოლოდინებზე არ უნდა წამოვეგოთ ”

ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ სამინისტროების შემცირება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა. მისი შეფასებით, არსებობს საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ხელოვნური სამინისტროების არსებობას სრულად გამორიცხავს.

ხუხაშვილის განცხადებით, კარგია, რომ ქვეყანა ამ მიმართულებით წავიდა, თუმცა, ეს პირველი ეტაპია.  რაოდენობის შემცირება არ არის პრობლემის გადაწყვეტის ფორმულა. ექსპერტის შეფასებით, მეორე ეტაპზე სამინისტროებში უნდა დაიწყოს შიდა ოპტიმიზაცია, რაც რაც უფრო რთული და შრომატევადი საქმეა.  საუბარია, სსიპ-ებში (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) და აიპ-ებში (არასამეწარმეო იურიდიული პირი)  კადრების ოპტიმიზაციაზე.

„სამწუხაროდ, მხოლოდ სამინისტროებში არ გვაქვს ეს პრობლემები.მაგალითად, თბილისის მერიაში საშინლად გაბერილია ყველაფერი. თუ ადგილობრივი თვითმმართველობები, მათ შორის თბილისის მერიაც ამ ხაზს გაატარებს, ქვეყანაში მმართველობითი სისტემები უფრო მარტივი გახდება. ეს საჭიროა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ ოპტიმალური და ადვილად სამართავი სახელმწიფო მმართველობითი სისტემა“-აცხადებს ხუხაშვილი.

მისივე განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს მთავარი პრობლემა მმართველობითი სისტემის სერიოზული კრიზისი იყო.  „ვინ რა გადაწყვეტილებას იღებდა, როგორ ჯდებოდა ეს ვერტიკალში, აბსოლუტურად გაუგებარი იყო“-აცხადებს ხუხაშვილი. მისი განცხადებით,ეს ბუნდოვანება უნდა გაქრეს. შესაბამისად, ბახტაძის ეს განაცხადი სწორია, რეალურად რა მოხდება, რა გაკეთება, ეს უნდა მოქმედებაში ვნახოთ.

კითხვაზე,  ხომ არ იყო ეს გადაწყევტილება პერსონალიების ჩამოსაშორებლად, ხუხაშვილი განმარტავს, რომ ნებისმიერი პერსონი „მოშორება“ არაფერი პრობლემა არ იყო. ამიტომ, ეს  ვერსია ნაკლებ სავარაუდოა. ხუხაშვილი იმედოვნებს, რომ პრემიერ-მინ-სტრს ნამდვილად უნდა გასაგები და მართვადი გახადოს სახელწმიფო მანქანა. შედეგად, ეს გადაწყვეტილებები აქედან გამომდინარეობს.

რაც შეეხება იმას, თუ  იქნება მიმართული გამოთავიოსუფლებული ხარჯები, ხუხაშვილი აცხადებს, რომ ეს არის ბიუჯეტის მიღების პერიოდში შესაბამისი საპარლამენტო განხლვის საგანი და მთავრობის მისაღები  გადაწყვეტილება.

“ვისოლ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე მიესალმება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა  ბახტაძის მიერ დაანონსებულ რეფორმებს, რომელიც ამ შემთხვევაში სამინისტროების შემცირებაში გამოიხატება. როგორც ფხაკაძე აღნიშნავს, ეს ხელს შეუწყობს ეფექტურობის ზრდას და ხარჯების შემდგომ შემცირებას.

მისი განცხადებით, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დადებითი ნაბიჯია ყევლასთვის,. მათ შორის ბიზნსისთვის, რამეთუ ნაკლები სამინისტრო ნიშნავს იმას, რომ უფრო მცირე დროში  მოხდება ბიზნესისთვის გადაწყვეტილებების მიღება, ეს კი ეკონომიკის განვითარებს შეუწყობს ხელს.

ფხაკაძის განცხადებით,  კარგი იქნება,თუ ოპტიმიზაცია სსიპ-ებში (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) და აიპ-ებშიც (არასამეწარმეო იურიდიული პირი)  განხორციელდება, რადგან საქართველო პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყანაა და მას რაც უფრო მაღალპროფესიული კადრებით დაკომპლექტებული მცირე მასშტაბის მთავრობა ეყოლება, ეს ქვეყნის განვითარებას უფრო წაადგება.

ბიზნესმენი თემურ ჭყონია მთავრობას სამინისტროების პარალელურად, ოპტიმიზაციას ადგილობრივ თვითმმართველობებშიც ურჩევს. მისი განცხადებით, რამდენიმე სახელმწიფო უწყება გასაუქმებელია, რადგან ამით ხარჯები შემცირდება.

როგორც ჭყონიამ „ განაცხადა, კარგი იქნება თუ მართლაც გაერთიანდება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები, ასევე როგორც დაანონსდა სასჯელაღსრულების და იუსტიციის სამინისტროები. თუმცა, როგორც ჭყონია აღნიშნავს, ოპტიმიზაციას კიდევ რამდენიმე სახელმწიფო უწყება უნდა დაექვემდებაროს. საუბარია, ლოტოლვითა და განსახლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შერწყმაზე.

„,მარტო სამინისტროების გაერთიანება საკმარისი არ არის. გუბერნატორების და ზოგადად, გუბერნიების აპარატები უნდა გადაიხედოს. დაბებში, სოფლებში რაიონებში არსებული ადგილობრივი თვითმმართველობები უნდა შემცირდეს. არასწორია ასეთი აპარატი, ბევრი ფუნციის გარეშეა .თუმცა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სიტყვა შემცირება და გაერთანება დასაბუთებული უნდა იყოს. უნდა ვიცოდეთ, ამას რისთვის ვაკეთებთ და რა ხარჯების დაზოგვა ხდება. უნდა ვიცოდეთ რა მოცულობის თანხა გამოთავისუფლდება. პატარა ქვეყანაა და ერთეულებად ამდენი დაყოფა არასწორია. სახელმწიფოს არ შეუძლია. პერსონალიების წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ, ჩვენი ქვეყანა არ არის იმისთვის მზად, რომ ამხელა სამთავრობო აპარატი შეინახოს,“— აცხადებს ჭყონია.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ აუცილებლად უნდა შემცირდეს სამთავრობო მანქანების რაოდენობაც.

„ჩვენ ძალიან ფეხი ფეხზე გადადებული ვცხოვრობთ, ეს კი სწორი არ არის,“ — აცხადებს ჭყონია.

 

შემთხვევითი სიახლე

eutoday: ყარაბაღის კონფლიქტი – ბრძოლა საერთაშორისო სამართლისთვის და არა რელიგიისთვის

თბილისი (BPI) – საერთაშორისო მედიასაშუალება eutoday ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, სადაც 27 სექტემბრის შემდეგ …