ბიზნეს კონსულტანტი დავით კენჭაძე: დღეს საქართველოში უმუშევრობის პრობლემა არ არის

თბილისი (BPI)  – ინტერვიუ ბიზნეს კონსულტანტ დავით კენჭაძესთან

– თქვენ საკონსულტაციო მომსახურების კომპანიას მართავთ. თუ შეგიძლიათ, უფრო კონკრეტულად, რას ითვალისწინებს თქვენი  მომსახურება?

– ჩემი კომპანიის მიზანი და მისია ძალიან მარტივია – კომპანიების და ადამიანებისთვის წარმატების მიღწევაში დახმარება. ჩვენ საკონსულტაციო მომსახურებას ვეწევით, რომელიც ბევრ სხვადასხვა ფორმაში გამოიხატება. ის კლიენტის საჭიროებაზეა მორგებული. ჩვენ ვარკვევთ რა სურს კლიენტს და შემდეგ უკვე იმის შესაბამის პროდუქტს ვამზადებთ.

– ყველაზე მეტად ქართული კომპანიები რა პრობლემებით მოგმართავენ?

– ყველაზე ხშირად გაყიდვების პრობლემებით მოგვმართავენ. კომპანიებს უნდათ ბევრი გაყიდონ, თუმცა, ამას ვერ აკეთებენ. არ იციან რა როგორ გააკეთონ. არიან კომპანიები, რომლებსაც ჰყავთ კლიენტები, საზოგადოებას აქვს მათი პროდუქტის შეძენის სურვილი, თუმცა, მათი გაყიდვების გუნდი ამას რეალურად ვერ ახორციელებს. ამის მიზეზია ის, რომ მათ გაყიდვების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, არ აქვთ შესაბამისი ცოდნა. ეს ძალიან ვიწრო მიმართულების სპეციალობაა, ამიტომ ადამიანები ამ სფეროში ძალიან ნაკლებად არიან გათვითცნობიერებულები.

 

– მიღებული შეფასებაა, რომ ქვეყანაში სისტემური უმუშევრობაა – ანუ არის კვალიფიციური კადრების დეფიციტი. როდესაც ქვეყანაში ამდენი დასაქმების საიტია, რატომ გვაქვს საქმე ამ პრობლემასთან?

– რეალურად, დღეს საქართველოში დასაქმების პრობლემა არ არის და თუ არის, ეს კომპანიების მიზეზით არ ხდება. კერძო სექტორს ძალიან ბევრი ვაკანსია აქვს, თუმცა, კვალიფიციური კადრის მოძიება ჭირს. მათ უჭირთ მაღალი დონის პროფესიონალის ნახვა. მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს პასუხი იმაზე, თუ რა პროფესიისაა. ადამიანები მუშაობენ, აკეთებენ რაღაცეებს, თუმცა, რომ კითხონ, რას აკეთებენ, რაში არიან კარგები და განუმეორებლები, ამაზე პასუხი არ აქვთ. შესაბამისად, შრომის ბაზარზე ეს არის პროდუქტი, რომელიც დაუმუშავებელია. ეს არის ერთგვარად ნახევარფაბრიკატი პროდუქტი, რომლის პოტენციური მყიდველი ვერ იგებს, რაში უნდა გამოიყენოს. მთავარი პრობლემაა ის, რომ ბაზარზე ძალიან ბევრი მსგავსი ნახევარფაბრიკატი კადრია, რომლებიც ბოლომდე არ არიან ჩამოყალიბებული რა სურთ. ასეთი ხალხი არ არიან ისე განვითარებული, რომ დამსაქმებლისთვის სრულყოფილი პროდუქტები იყვნენ.

– გამოსავალს რაში ხედავთ, განათლების სისტემის დახვეწასა და ამაღლებაში?

– გამოსავალი ცალსახაა, ეს არის ნახევარფაბრიკატის პროდუქტად გარდაქმნა. რეალურად, ამ ცხოვრებაში ის ადამიანი იმარჯვებს, ვინც უფრო ძლიერია. შესაბამისად, ამ კონკურენტულ ფონზე ადამიანებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომ გახდნენ უფრო ძლიერი პროფესიონალები, სრულყოფილი, ჩამოყალიბებული პროდუქტები. ასეთ შემთხვევაში მათთვის მარტივი იქნება იმ სამსახურის მოძიება, რაც მათ სურთ. განათლების სისტემა ამას ვერ მოაგვარებს იმიტომ, რომ თვითონ ადამიანებმა უნდა მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს გაცნობიერებული ეს ყველაფერი. ხშირ შემთხვევაში, ისინი უბრალოდ ოცნებობენ და არ აკეთებენ რაღაც კონკრეტულს. ეს მარტო საქართველოს არ ეხება. ყველა ქვეყანაში ასეა. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ადამიანები ელოდებიან იმას, რომ რაღაცას მარტივად მიიღებენ. სამწუხარო რეალობაა, რომ ცხოვრებაში ასეთი რამ არ ხდება. ცხოვრებაში რაღაცას რომ მიაღწიო, უნდა გაინძრე და სხვებზე მეტი გააკეთო.

– „კომერსანტი” აქტიურად აშუქებს სტუდენტების დასაქმების პრობლემებს. ჩვენთან საუბრისას ახალგაზრდები ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად ასახელებენ იმას, რომ მათგან ითხოვენ 2-3- წლიან გამოცდილებას, რაც არალოგიკურია. თუ დგას რეალურად ეს პრობლემა და რა უნდა გაკეთდეს, რომ სიტუაცია გამოსწორდეს?

– კომპანიების მხრიდან მსგავსი მოთხოვნა ლოგიკურია. ყველა ქვეყანაში ასეა, შესაბამისად, ამ მოთხოვნას ჩვენ ვერ შევცვლით. ვერცერთი სტუდენტი და ვერცერთი სტუდენტური გაერთიანება ამას ვერ გააკეთებს, რადგან ამ მოთხოვნას აწესებს ბიზნესი და ის ამაში ვერ ჩაერევა. ასეთ ვითარებას უნდა მოერგო. ისმის კითხვა, თუ შენ არ გაქვს სამუშაო სტაჟი, მაშინ რა უნდა გააკეთო? უნდა გააკეთო ის, რომ გადადგა პირველი ნაბიჯი და გაიარო სტაჟირება, რომელიც სრულიად უფასოა. სწორედ ეს მისცემს სტუდენტს საშუალებას, „მოვიდეს აზრზე“ და გააცნობიეროს რა სურს, ან მეორე შემთხვევაში, დაუმტკიცო დამსაქმებელს, რომ მიუხედავად შენი სამუშაო სტაჟის არ ქონისა, შენ გაქვს ის თვისებები, რაც საჭიროა კარიერის განვითარებისთვის.

– თქვენ რომ ბიზნესმენი იყოთ, სტაჟირება გავლილ, გამოცდილების არმქონე სტუდენტს დაასაქმებდით?

– მარტივად გეტყვით, დღევანდელი უმაღლესი სასწავლებლები სრულყოფილ პროფესიონალს არ უშვებენ. ამიტომ, როდესაც სტუდენტი სამსახურში აგყავს, მასში რამდენიმე პიროვნული თვისება უნდა დაინახო. ეს არის მონდომება, ენთუზიაზმი და დიდი სურვილი იმისა, რომ ისწავლოს და განვითარდეს. ახალგაზრდას თუ ეს თვისებები გააჩნია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მის გამოცდილებას. მთავარი ეს არის. მე ყოველთვის ვაკეთებდი მაგას და ძალიან ბევრი კადრი იყო, რომელიც ჩემს წინა მაგ კრიტერიუმით ავიყვანე და დავასაქმე.

 

– დღეს ყველაზე მეტად პერსპექტიული რომელი პროფესიაა?

– მე ცალსახა პასუხი მაქვს, დღეს ყველაზე პერსპექტიული პროფესია გაყიდვების სფეროშია. მისი დაუფლება ბევრად უფრო ადვილია. თან ამ სფეროში სხვებისგან განსხვავებით, არ არის დიდი განახლებები, არის ძალიან დიდი კრეატივი და იმ შემთხვევაში თუ ადამიანი მოინდომებს, შესაძლებელია ძალიან სწრაფი ზრდის განხორციელება როგორც კარიერული, ისე ფინანსური თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მაქვს შექმნილი გაყიდვების კლუბი, სადაც ამ ეტაპზე 300-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. ამ ადამიანებმა გამოთქვეს სურვილი, გახდნენ ძალიან კარგი გაყიდვების მენეჯერები

commersant.ge

შემთხვევითი სიახლე

ისტორიული აბრეშუმის გზის მარშრუტს მალე „ვიკინგის მატარებელი” დაემატება

თბილისი (BPI) – ისტორიული აბრეშუმის გზის მარშრუტს, რომელიც ევრაზიის კონტინენტის აღმოსავლეთსა და დასავლეთს აერთებს და …