ანტიდემპინგურ კანონპროექტზე მუშაობა დასრულებულია

თბილისისი (BPI) – ანტიდემპინგურ კანონპროექტზე მუშაობა დასრულებულია. ამის შესახებ „კომერსანტს” პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, კანინპროექტი შეთანხმებულია როგორც მთავრობასთან, ისე პარლამენტთან. მაისურაძის თქმით, ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ ხდება იმ რისკების გათვლა, კანონის ამოქმედებას ბიზნესზე რა გავლენის მოტანა შეუძლია.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში კანონი პარლამენტში შევა, მისი დამტკიცება კი სავარაუდოდ 2015 წლის ბოლომდე მოხდება.

 

მაისურაძე აცხადებს, რომ ანტიდემპინგური კანონის მიღებას ბიზნესმენთა ნაწილი ეწინააღმდეგება. კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესმენების ნაწილი კანონის მიღებას მოკლე დროში ეთანხმება, რასაც ვერ ვიტყვით მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებზე.

მაისურაძის განმარტებით, მსხვილი ბიზნესმენების ნაწილი აცხადებს, რომ მათ აღნიშნული კანონის წელს მიღება დააზარალებს. რომელი ბიზნესმენები არიან ანდიტემპინგური კანონის მიღების წინააღმდეგი, ამის დაკონკრეტებისგან მაისურაძე თავს იკავებს. მისი ინფორმაციით, კერძო სექტორს ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტრო ესაუბრება.

ანტიდემპინგური კანონი იმპორტიორებს უკრძალავს პროდუქციაზე შიდა ბაზრის ფასებთან შედარებით მკვეთრად დაბალი ფასების დაწესებას, რადგანაც ასეთი ქმედების მიზანი ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი კომპანიების ჩაძირვაა.

კანონის შემოღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია 2014 წლის იანვარში ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააჟღერა. კვირიკაშვილის თქმით, კანონის მიზანი ადგილობრივი წარმოების არასამართლიანი კონკურენციისგან დაცვაა. ვიცეპრემიერი აცხადებდა, რომ კანონმდებლობა ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნება და შეიძლება იმპორტიორისთვის მიუღებელი, ხოლო ადგილობრივი მწარმოებლისთვის მოსაწონი იყოს.

 

მოგვიანებით კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძემ გააკეთა.

როგორც მან „კომერსანტთან” განაცხადა, კანონპროექტი მომზადებული იყო და მისი განხილვა 2015 წლის საგაზაფხულო სესიაზე იგეგმებოდა, თუმცა, პროექტი არ განხილულა. პარლამენტარი აცხადებდა, რომ პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს პასუხს ელოდებოდა.

commersant.ge

შემთხვევითი სიახლე

ბიზნეს კონსულტანტი დავით კენჭაძე: დღეს საქართველოში უმუშევრობის პრობლემა არ არის

თბილისი (BPI)  – ინტერვიუ ბიზნეს კონსულტანტ დავით კენჭაძესთან – თქვენ საკონსულტაციო მომსახურების კომპანიას მართავთ. თუ …