აჭარაში კერძო პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 33 %-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – აჭარაში ინვესტიციების მოცულობას ისევ მზარდი ტენდენცია აქვს. 2015 წელს 2014 წელთან შედარებით, აჭარაში კერძო პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 33 %-ითა არის გაზრდილი.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს რეგიონში 366 მლნ აშშ დოლარის კერძო პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 87 მლნ აშშ დოლარი ადგილობრივი წარმოშობისაა, ხოლო 279 მლნ აშშ დოლარი უცხოური პირდაპირი ინვესტიციებია.
2014 წელს აჭარაში სულ 276 მლნ დოლარის კერძო პირდაპირი ინვესტიციის შემოდინება დაფიქსირდა. უწყებაში განმარტავენ, რომ , 2015 წელს აჭარაში ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა, რომელზეც რეგიონში განხორციელებული კერძო პირდაპირი ინვესტიციების 41%-ი მოდის. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ენერგეტიკის შემდეგ ინვესტორებისთვის მიმზიდველი ტურიზმია (33%), მშენებლობის სექტორზე 23%-ი, სოფლის მეურნეობაზე – 1%-ი, მრეწველობაზე – 1%-ი, ხოლო ეკონომიკის სხვა სექტორებზე მთლიანი პირდაპირი ინვესტიციების – 1%-ი მოდის.
რაც შეეხება კერძო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სექტორულ განაწილებას, აღნიშნული თვალსაზრისით ყველაზე მსხვილი უცხოური საინვესტიციო ნაკადები მოდის ენერგეტიკაზე (53%) ტურიზმსა (39%) და მშენებლობაზე (7%).
როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, საინვეტიციო საქმიანობის შეფასების მნიშნელოვან ცვლადებად განიხილება ასევე განხორციელებული ინვეტიციების მოცულობა რეგიონში შექმნილ მთლიან დამატებულ ღირებულებასთან მიმართებით და მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით. ინვესტიციების მოცულობა ნომინალურ მთლიან დამატებულ ღირებულებასთან მიმართებით ბოლო წლებში შეადგენს დაახლოებით 15-25%-ს, ხოლო რეგიონის მოსახლეობის ერთ სულზე კერძო პირდაპირი ინვესტიციების ოდენობამ 2015 წელს შეადგინა 1 087 აშშ დოლარი.

შემთხვევითი სიახლე

ვის დაუწესდება ₾200 000 ლიმიტი – მსესხებელი კლასებად დაიყოფა

თბილისი (BPI) – სავალუტო სესხზე ₾200 000 ჭერის, $33 800 -მდე  დაწევაზე, 2020 ბიუჯეტის საპარლამენტო …