2022 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვნად არის შემცირებული ვალის მოცულობა და გვაქვს შესაბამისი სტრატეგიაც როგორ უნდა ჩამოვიდეთ კიდევ უფრო მეტად უსაფრთხო ნიშნულამდე – ლაშა ხუციშვილი

2022 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვნად არის შემცირებული ვალის მოცულობა და გვაქვს შესაბამისი სტრატეგიაც როგორ უნდა ჩამოვიდეთ კიდევ უფრო მეტად უსაფრთხო ნიშნულამდე, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაზე საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი დაფუძნებულია ეკონომიკური აღდგენის იმ ტენდენციებზე, რაც არის ქვეყანაში. მისი თქმით, განახლებული პროგნოზით, 2021 წელს იქნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

„როგორც იცით, 30 ნოემბერს, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ოქტომბრის და ჯამური, 10 თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემები, რომლის მიხედვითაც ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ 6,9%, ხოლო წლის პირველი 10 თვის ეკონომიკურმა ზრდამ 10,5% შეადგინა. შესაბამისად, გადაიხედა 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში ნაცვლად 9,5%-ისა განისაზღვრა 10,0%-ის ოდენობით. წელს 10%-იანი ზრდის შემდგომ, მომდევნო წელსაც საკმაოდ მაღალი, 6%-იანი ეკონომიკური ზრდაა დაგეგმილი. 2022-2025 წლებში საშუალოდ – 5,5% და ჩვენი ნაბიჯები მიმართული იქნება იმისკენ, რომ ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს”, – განაცხადა მან.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მომავალ წელს მცირდება საბიუჯეტო დეფიციტის მოცულობაც და იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის 4,2%. რაც შეეხება მთავრობის ვალის მოცულობას – იგი შემცირებულია თითქმის 9%-ით, 60%-იდან 51.1%-იან ნიშნულზე მშპ-სთან მიმართებით.

ბიუჯეტის საბოლოო პროექტის მიხედვით, საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 336,2 მლნ ლარით და განისაზღვრება 19 362,6 მლნ ლარის ოდენობით.

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა შეადგენს 19 171.1 მლნ ლარს, რაც ბიუჯეტის პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, გაზრდილია 332.0 მლნ ლარით.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოდან 18.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 16 იანვრის ჩათვლით  საქართველოდან 18.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი …