2021 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 11%-ით გაიზარდა

2021 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1 360.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13.9 პროცენტით მეტია.

2021 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 11.0 პროცენტით გაიზარდა და 1 221.8 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 13.5 პროცენტით გაიზარდა და 364.8 ლარს გაუტოლდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2021 წელს, გასულ წელთან შედარებით, 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 86.0 პროცენტი შეადგინა.
ქვეყნის მოსახლეობის ჯამური საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ქალაქის ტიპის დასახლებებში 12.7 პროცენტით გაიზარდა და 842.6 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 15.8 პროცენტით გაიზარდა და 517.6 მილიონი ლარი შეადგინა. 2021 წელს ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში კვლავ მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს, რომლის წილი გასული წლის ანალოგიურ მაჩვვენებელთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 45.9 პროცენტი შეადგინა. ასევე 0.8 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი და 10.2 პროცენტს უტოლდება. ამასთან, პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 22.6 პროცენტი შეადგინა.
2021 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1 289.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.4 პროცენტით მეტია.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 11.5 პროცენტით გაიზარდა და 1 158.3 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 14.0 პროცენტით გაიზარდა და 345.9 ლარს გაუტოლდა.
2021 წელს, წინა წელთან შედარებით შინამეურნეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში თითქმის უცვლელია და 70.1 პროცენტს შეადგენს.
ქვეყნის მოსახლეობის ჯამური ხარჯების მოცულობა ქალაქის ტიპის დასახლებებში 11.7 პროცენტით გაიზარდა და 798.3 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 19.0 პროცენტით გაიზარდა და 491.2 მილიონი ლარი შეადგინა. 2021 წლის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში კვლავ ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს და 43.7 პროცენტს შეადგენს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის ინიციატივით საქართველოში ენერგეტიკული კლუბი გაიხსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივითა და სემეკში მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული …