2021 წელს რუსეთიდან იმპორტირებულმა ხორბალმა მთლიანი იმპორტის 92.1%-ი შეადგინა, რაც ერთ ბაზარზე დამოკიდებულებას ნიშნავს

დარგში გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვანია კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეყილებების მიღება.  ამ მიზნით  საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ანალიტიკისა და კვლევის დეპარტამენტმა ჩაატარა  ცალკეული  სექტორების სიღრმისეული ანალიზი და ხორბლის ბაზრის კვლევის შედეგები გამოაყვეყნა.

კოვიდპანდემიამ, შემდეგ კი  უკრაინის ომმა,  მკაფიოდ აჩვენა სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელობა.  ასევე, რუსეთის მხრიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებული კვოტებისა და მზარდი საბაჟო ტარიფების გამო, საქართველოს ხორბლის ბაზარი გამოწვევების წინაშე დადგა.   ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევა  ხორბლის იმპორტის ფქვილის იმპორტით ჩანაცვლების ტენდენციებს ასახავს.

“ეს კვლევა აქცენტს ძირითად სტატისტიკურ მაჩვენებლებზე აკეთებს და მათზე  დაყრდნობით გვაწვდის ინფორმაციას თუ რა მდგომარეობა გვაქვს ხორბლის ბაზარზე, რამდენია ქვეყნის ჯამური წარმოება, რამდენად ვართ დამოკიდებული ამა თუ იმ ქვეყანაზე, როგორია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, ვისგან შემოგვაქვს ხორბალი, ფქვილი და ასე შემდეგ.  მთავარი, რამაც ამ კვლევის ჩატარება გადაგვაწყვეტინა, გახლავთ კონკრეტული რეკომენდაციების მომზადება, რადგან ხორბალი და ხორბლის პოროდუქტები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და ყველას დიდი ძალისხმევა გვმართებს, არ შეიქმნას დეფიციტი.  სიტუაცია განსაკუთრებით საყურადღებოა დღეს, როდესაც რეგიონში რთული ვითარებაა და ომშია ჩართული ხორბლის მწარმოებელი ორი უდიდესი ქვეყანა.  ვფიქრობ, ის მცირე შეჯამება რეკომენდაციების სახით, რაც კვლევაშია ასახული, დაეხმარება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორს“, – აღნიშნა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილმა.

სასურსათო უსაფრთხოების  ერთ-ერთი პირველი განმაპირობებელი ფაქტორია ხორბალსა და ხორბლის პროდუქტებზე შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა. ფერმერთა ასოციაციის მკვლევარების განმარტებით, საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის გაზრდა და საიმპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია.

„პროცესში სახლემწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა აუცილებელია, რათა ფქვილის მიერ ხორბლის ჩანაცვლებამ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება რისკის ქვეშ არ დააყენოს.  დეფიციტზე ცალსახად ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ხორბლის მიმართულებით უკვე არის გარკვეული ნიშნები.  მართალია, ფქვილი შემოდის და სასურსათო დანიშნულებით დეფიციტი არ გვაქვს, მაგრამ არის ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ხორბლის საფურაჟე დანიშნულებით გამოყენებას გულისხმობს,ლევან მიქელაძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ანალიტიკისა და კვლევის დეპარტამენტის უფროსი მკვლევარი.

2021 წელს რუსეთიდან იმპორტირებულმა ხორბალმა მთლიანი იმპორტის 92.1%-ი შეადგინა, რაც ერთ ბაზარზე დამოკიდებულებას ნიშნავს.  ხორბლის იმპორტი შედარებით დივერსიფიცირებული იყო 2013 წლამდე, როდესაც ხორბლის დიდი წილი ყაზახეთიდან და უკრაინიდან შემოდიოდა.

შემთხვევითი სიახლე

რეგიონებში ვიწყებთ ბიზნეს ჰაბების განვითარების პროექტს – მიხეილ ხიდურელი

UNDP-ის და USAID-ის მხარდაჭერით ვიწყებთ ბიზნეს ჰაბების კონცეფციის განვითარებას, რომელიც რეგიონებში ადგილობრივი ბიზნესების პროექტების მხარდაჭერას …