2015 წელს ქართული ბანკების მოგებამ ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 537 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2014 წლის მაჩვენებელზე 63 მილიონი ლარით მეტია. 2014 წელს ბანკების წმინდა მოგება 475 მილიონი ლარი იყო.

კონკრეტულად 2015 წლის ბოლო თვეში – დეკემბერში, ბანკების მოგება 84.5 მილიონი ლარით გაიზარდა ნოემბერთან შედარებით.

იხილეთ გრაფიკიკომერციული ბანკების წმინდა მოგება, მილიონ ლარებში:

2015 წელს საბანკო სექტორის რეკორდული მოგების მაჩვენებელი დიდწილად ლარის კურსის ცვლილებამ გამოიწვია. გამომდინარე იქიდან, რომ ბანკების კრედიტების 70%–მდე უცხოურ ვალუტაშია გაცემული, ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ, ბანკებს დამატებითი მოგება მოუტანა. ამ ფაქტზე ნათლად მეტყველებს, ბანკების საკრედიტო პორტფელის ზრდა. 2015 წელს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა 33.7 პროცენტი შეადგინა. თუმცა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 10.4 პროცენტი იყო.

გასული ერთი წლის განმავლობაში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები – 24,7%-ით გაიზარდა და 24,4 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის წლიურმა რეალურმა ზრდამ 2015 წელს წინასწარი შეფასებით, 2,8 პროცენტი შეადგინა. ანუ, მარტივად, რომ ვთქვათ, საქართველოს ეკონომიკის წლიურმა ზრდამ 3%–იც ვერ შეადგინა, ხოლო საბანკო სფერო თითქმის 25%–ით გაიზარდა.

„ჩვენ დღეს გვაქვს საბანკო სისტემაზე ჩამოკიდებული ეკონომიკა, რომელიც მოქმედებს მოკლევადიანი ხედვებით. საბანკო სისტემა დღეს ორიენტირებულია ეკონომიკიდან ფულის ამოღებაზე, ეკონომიკა კი ვერ ქმნის ისეთ დოვლათს, რომ, ერთის მხრივ, საბანკო მომსახურების ღირებულება გადაიხადოს და მეორეს მხრივ, ქვეყანა გამოკვებოს.

თუნდაც ის ფაქტი, რომ 2015 წლის სექტემბრის მონაცემებით ბანკების ბალანსზე 155 მილიონი ლარის ჩამორთმეული ქონება იყო, ნიშნავს იმას, რომ ბანკების სტრატეგია არის ამოღება და არა განვითარება, შესაბამისად, ძალიან მალე ეს თავად საბანკო სისტემაშიც შექმნის პრობლემებს, უკვე გამოხატულად დგას ლიკვიდობის პრობლემა, რომელსაც კომერციული ბანკები მხოლოდ ეროვნული ბანკის ღია მხარდაჭერით უმკლავდებიან“, – აღნიშნავს გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ მთავარი რედაქტორი ზურაბ კუკულაძე.

ერთ წელიწადში თითქმის 1 მილიარდი ლარით გაიზარდა კომერციული ბანკების შემოსავალი და 3,148 მილიარდ ლარის მიაღწია. აქედან, 1,980 მილიარდი ლარი პროცენტებიდან მიღებულ შემოსავლებზე მოდის და ეს მაჩვენებელი 400 მილიონი ლარით აღემატება შარშანდელ პროცენტულ შემოსავლებს.

არსებული მონაცემებით, ასევე 1 მილიარდ დოლარზე მეტის შემოსავლები მიიღეს ბანკებმა ფიზიკური პირებიდან (2014 წელთან შედარებით 188 მილიონი ლარით მეტი), ხოლო იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების მაჩვენებელმა 730 მილიონი ლარი შეადგინა (150 მილიონ ლარით მეტი). საბანკო სექტორისთვის მთავარი შემოსავლის წყარო ისევ ფიზიკური პირები რჩება და მათთვის განსაკუთრებით მომგებიანი სამომხმარებლო სესხებია, მაღალი პროცენტითა და მოკლე ვადით. 2015 წლის დეკემბრის მონაცემებით, კომერციულ ბანკებს 2,5 მილიარდი ლარის სამომხმარებლო სესხები აქვთ გაცემული და ამ მიმართულებით ტენდენცია მუდმივად მზარდია. ერთ წელიწადში სამომხმარებლო სესხების მოცულობა ნახევარი მილიარდი ლარით გაიზარდა.

საკმაოდ სოლიდურ შემოსავლებს იღებენ ბანკები საკომისიოებიდან და გამონაკლისი არც 2015 წელი ყოფილა. მხოლოდ საბანკო მომსახურებებზე დარიცხული საკომისიოების სახით ბანკების შემოსავალმა 247 მილიონ ლარს მიაღწია.

საბანკო სფეროს მაღალი მოგებიდან გამომდინარე გასაკვირი არცაა, რომ საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი სწორედ ბანკირებს აქვთ. „საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო სექტორშია. თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ მთლიან საფინანსო სექტორში საბანკო სფეროს წილი 93%–ია, თამად შეიძლება ითქვას, რომ ეს მაჩვენებელი ბანკირების ანაზღაურებას აჩვენებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2015 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი საფინანსო სექტორში – 1500 ლარი დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა მშენებლობა – 1413 ლარით, ხოლო მესამეზე სახელმწიფო მმართველობაა – 1313 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი კი განათლების სფეროშია – თვეში საშუალოდ 470 ლარი.

მერაბ ჯანიაშვილი

შემთხვევითი სიახლე

უბედურ შემთხვევას რკინიგზის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა

თბილისი (BPI) – ქუთაისში, თაბუკაშილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის …