2 კვირაში უკვე შემოვა უმაღლესი ხარისხის თურქული მედიკამენტების პირველი პარტია – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ როდესაც შევისწავლეთ მედიკამენტების საკითხი, დავინახე გამოსავალი და გავაკეთე – გავხსენი სხვა ბაზრები, გავაჩინე უფრო მეტი კონკურენცია, ახლა ჩვენ დავიწყებთ ელექტრონული რეცეპტების შემოღებას; ალბათ მკითხავთ, რა კავშირი აქვს ამას ფასებთან, მაგრამ გეტყვით, რომ აქვს და დიდი კავშირი აქვს, იმიტომ, რომ ის მანკიერი სისტემა, მე ვიტყოდი ის მაფიოზური სქემები, რომელიც დღეს არის შექმნილი, უნდა დამთავრდეს და მე ამას დავასრულებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოსახლეობას უნდა გაუნახევრდეს და შეუმცირდეს გადასახადები მედიკამენტებზე და სამედიცინო სერვისებზე.

„ეს ძალიან მალე მოხდება, ჩემი ინფორმაციით, 2 კვირაში უკვე შემოვა პირველი პარტია თურქული მედიკამენტების და აქვე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს იქნება უმაღლესი ხარისხის, GMP-სტანდარტის მედიკამენტები. ე.წ გენერიკები, რომელიც ასევე იყო კონკურენციის სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია. მოსახლეობისთვის განვმარტავ, რას ნიშნავს ეს – მაგალითად „იბუპროფენის“ მწარმოებელი შეიძლება იყოს რამდენიმე კომპანია და მათი ფასები, ბრენდების მიხედვით, იყოს უფრო ძვირი, მაგრამ შემადგენლობა და მოქმედი ნივთიერება შეიძლება იყოს გენერიკი და აქ, რა თქმა უნდა, კონკურენციაც იზრდება, უფრო ფართო არჩევანი ექნება ჩვენს მოსახლეობას და უფრო ნაკლებს გადაიხდიან ჯიბიდან მედიკამენტებზე. ამასაც ძალიან მალე ვაპირებთ, ამ ინიციატივით წარდგება ჯანდაცვის მინისტრი და განვახორციელებთ ყველა იმ ცვლილებას, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. ეს ძალიან მალე მოხდება. 2-3 კვირაში უკვე გაჩნდება აფთიაქებში თურქული მედიკამენტები, ამას ყოველკვირეულად ვაკონტროლებ, ვამოწმებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, 200 მილიონი ლარი იხარჯება ვერტიკალურ სერვისებზე, კერძოდ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სავალდებულო შესყიდვებზე, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება და მოსახლეობას უფასოდ გადაეცემა.

„მანამდე, წინა ხელისუფლების დროს ეს იყო 18 მილიონი. 20 მილიონს ხარჯავდნენ მოსახლეობისთვის უფასო მედიკამენტებზე, ჩვენ 200-225 მილიონს ვხარჯავთ ყოველწლიურად. ვაპირებთ, კიდევ უფრო გავაფართოოთ სერვისები სხვა ქრონიკული დაავადებებისთვის, რომ უფასოდ გავცეთ მედიკამენტები. ამ მედიკამენტების ხარისხიც იქნება მაღალი და ყველაფერი უმაღლეს დონეზე გაკონტროლდება“, – აღნიშნა პრემიერმა.

 

შემთხვევითი სიახლე

მსხვილი კომპანიები რუსეთიდან შემოტანილ საწვავს მაღალი ფასნამატით ყიდდნენ – ლექვინაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივ ბაზარზე საწვავის მაღალი ფასების გამო, მაისის დასაწყისში კონკურენციის სააგენტოს საწვავის …