ჭავჭავაძის ნაწილი 16 სექტემბრიდან გაიხსნება

თბილისი (BPI) – ჭავჭავაძის გამზირზე, კეკელიძის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე, 16 სექტემბრიდან საავტომობილო მოძრაობა აღდგება.

ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო მონაკვეთის პირველ ნაწილზე, რომელიც მოიცავს კეკელიძის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთს, უკვე დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია და მიმდინარეობს საფუძვლის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად. მონაკვეთზე მოეწყო წყალარინების, სანიაღვრე და სასმელი წყლის ახალი ქსელი.

„კომპანია „ჯეო გრუპს“ ვალდებულება აქვს აღებული, რომ 16 სექტემბრისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომანქანებმა შეძლონ გადაადგილება. ასევე, ყველა ქუჩაზე, რომელიც ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე უკავშირდება ჭავჭავაძის გამზირს, ავტომანქანებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება. მოძრაობის სქემების შესახებ კი ეცნობება მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, სარეაბილიტაციო მონაკვეთის მეორე ნაწილში, რომელიც მოიცავს მირცხულავას ქუჩიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთს, თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია  სანიაღვრე კოლექტორის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარი მოპირკეთება ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე მოეწყობა საველოსიპედო სავალი ნაწილი, ტროტუარის გასწვრივ დამონტაჟდება ჭედური მოაჯირები და ბოძკინტები.

ჭავჭავაძის გამზირის შშმპ-ებისთვის ადაპტირება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოხდება. გარე განათების ქსელი სრულად შეიცვლება და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების და დიზაინის LED განათების სისტემა, ასევე, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები, ტროტუარებზე განთავსდება თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები, მოეწყობა ახალი გაჩერებები და საავტობუსე ზოლები.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 000 ლარი დაიხარჯება.

 

 

შემთხვევითი სიახლე

BioChimPharm-მა ინოვაციების სააგენტოსთან ₾650 000-იანი ხელშეკრულება გააფორმა

თბილისი (BPI) – ინოვაციების სააგენტოს 650 000 – ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანიამ …