წელს მილიარდ 500 მილიონიდან 2 მილიარდამდე გვექნება შესათავაზებელი კომპანიებისთვის – ირაკლი ღარიბაშვილი

სამშენებლო სექტორს შევთავაზეთ, მოიზიდონ დამატებითი ფინანსური რესურსი საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით გარანტირებული დაკვეთის მისაღებად, წელს მილიარდ 500 მილიონიდან 2 მილიარდამდე გვექნება შესათავაზებელი კომპანიებისთვის-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის ამოცანაა, რომ წელსვე დაიწყოს იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით მუშაობა დავიწყეთ. სამშენებლო სექტორს შევთავაზეთ, მოიზიდონ დამატებითი ფინანსური რესურსი გარანტირებული დაკვეთის მისაღებად საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით. ამ საკითხზე ბატონი ლევანის ხელმძღვანელობით არაერთი შეხვედრა გაიმართა უკვე, ყველა სამინისტრომ გამოაგზავნა სია, იმ ობიექტების ნუსხა, რომელიც იქნება ასაშენებელი ან გასარემონტებელი. საკმაოდ მასშტაბური მოცულობა მივიღეთ. წელს დაახლოებით, მინიმუმ მილიარდ 500 მილიონიდან 2 მილიარდამდე გვექნება შესათავაზებელი კომპანიებისთვის. პროექტები წარმოადგინეს ისეთმა უწყებებმა, როგორებიც არის: თავდაცვა, ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყველა მიმართულებით, აღარ ჩამოვთვლი. ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ეს სამუშაოები, რომელიც უნდა განხორციელებულიყო რამდენიმე წლის განმავლობაში, ვთქვათ, 3 დან 5 წლამდე, გადმოვწიოთ ეს ვადა და წელსვე დავიწყოთ ამ პროექტების განხორციელება. მაგალითად, ბატონ მიხეილს 800 სკოლა აქვს გასარემონტებელი, ერთიან სტანდარტში რომ მოვაქციოთ ყველა სკოლა და ევროპული სტანდარტების მიხედვით რომ გავარემონტოთ. კულტურა, სპორტი, ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან ბევრი სამუშაო, აღარ ვსაუბრობ ბატონი ირაკლი ქარსელაძის მიმართულებაზე. მაგალითისთვის, გეტყვით, რომ ჩვენი დაპირება იყო, რომ 2025 წლისთვის წყალი ყველა ქალაქში უნდა იყოს 24 საათიანი. ჩვენი ამოცანა ახლა არის ის, რომ ეს ვადები გადმოვწიოთ და წელსვე დავიწყოთ ამ პროექტების განხორციელება. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი შეთავაზებაა ბიზნესისთვის. ერთის მხრივ, მთავრობა საკუთარ პროექტებს განახორციელებს ვადაზე ადრე და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ბიზნესიც ამით ისარგებლებს, დაჩქარდება ეკონომიკური ზრდაც- დაეხმარება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს და ზოგადად, ძალიან სასარგებლო ინიციატივაა. ამას გარდა, მე მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტებში განსაზღვრული და გათვალისწინებულია ათასობით სამუშაო ადგილის შექმნა. ბუნებრივია, ჩვენ ამას ძალიან მალე დავასრულებთ. ბატონ ლევანს, მინისტრებს ამ კვირაში საბოლოო შეხვედრები ექნებათ, კვირის ბოლოს კიდევ ერთხელ გავივლით და მომავალ კვირაში გვინდა, რომ ეს პროექტები გამოვაცხადოთ. პოლიციას აქვს უამრავი ობიექტი გასარემონტებელი, ასაშენებელი, გვინდა, რომ დავიწყოთ პოლიციის ქალაქის მშენებლობაც და ყველა მიმართულებით უნდა გავშალოთ ფრონტი. ჩვენ უკვე გვქონდა ბანკებთან წინასწარი საუბარი, ისინიც თანახმა არიან, რომ აღნიშნული პროექტები დააფინანსონ, გამოყონ დამატებითი ფინანსები და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

შემთხვევითი სიახლე

მსხვილი კომპანიები რუსეთიდან შემოტანილ საწვავს მაღალი ფასნამატით ყიდდნენ – ლექვინაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივ ბაზარზე საწვავის მაღალი ფასების გამო, მაისის დასაწყისში კონკურენციის სააგენტოს საწვავის …