შრომა საფრთხის ქვეშ

თბილისი (BPI) – საქართველოში უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად რჩება. ოფიციალური მონაცემებით, 2011-2016 წლებში საწარმოო შემთხვევების შედეგად სამუშაო ადგილზე დაშავდა 776 ადამიანი, გარდაიცვალა 270 დასაქმებული. ბოლო წლებში უამრავი გაფიცვის მიუხედავად, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი კვლავ ხელშეუხებელი რჩებოდა.

ხელისუფლებამ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი
2015 წელს შექმნა. ამის მიუხედავად, დეპარტამენტის მანდატი შეზღუდულია მხოლოდ შრომითი უსაფრთხოების საკითხებით. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის შექმნის მიუხედავად, საწარმოო შემთხვევების შედეგად დაშავებულ და დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა ნამდვილად არ შემცირებულა.

სიტუაცია განსაკუთრებით გაამწვავა ჭიათურის მაღაროს ტრაგიკულმა შემთხვევებმა, ამის შემდეგ ხელისუფლება მიხვდა, რომ აუცილებელი იყო სიტუაციის შეცვლა – კანონის გადახედვა და ბიზნეს სექტორის ინფორმირება/გაფრთხილება.

2018 წელს პარლამენტმა „კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ“ გადახედა და ასოცირების ხელშეკრულებით გაფორმებული ვალდებულებები გაითვალისწინა. მიღებული კანონის მიხედვით, შრომის უსაფრთხოება გულისხმობს სამუშაოს ნეგატიური ასპექტებისგან დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ფუნქციონალური შესაძლებლობების დაცვის სისტემას, რომელიც ქმნის პირობებს ჯანსაღი და უსაფრთხო საქმიანობისათვის და რომელიც მოიცავს სამართლებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ, სანიტარულ-ჰიგიენურ, სამკურნალო-პროფილაქტიკურ და სხვა ღონისძიებებს; განსაკუთრებით არის გათვალისწინებული მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების საქმიანობის სავალდებულო რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

2019 წელს ვაკეში მშენებლობის შედეგად მუშა დაიღუპა.
საქართველოში მოქმედმა ერთ-ერთმა ბიზნეს ასოციაციამ „ევროპულმა ბიზნეს ასოციაციამ“ საკითხთან მიმართებით შეხვედრა გამართა. მისმა წევრმა კომპანიებმა სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართეს, სადაც სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. შეხვედრაზე კომპანიებმა შრომითი რეგულაციების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

„ევროპული ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, მარიამ ქუჩულორიამ აღნიშნა, რომ შრომის უსაფრთხოება სწორედ ის საკითხია, სადაც აუცილებელია სახელმწიფოს ჩართულობა და ბიზნეს სექტორთან აქტიური თანამშრომლობა.

„მიმაჩნია, რომ კერძო სექტორს არანაირი უკმაყოფილება თუ წინააღმდეგობა არ გააჩნია მიღებულ კანონთან მიმართებით. აქ მთავარია სახელმწიფოს სწორი კომუნიკაცია ბიზნესთან და საზოგადოებასთან. კერძო სექტორს მან ზუსტად უნდა მიაწოდოს სწორი ინფორმაცია ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ბევრი დეტალია კვლავ განსახილველად დარჩენილი“ – აღნიშნა მარიამ ქუჩულორიამ.

შეხვედრები ბიზნეს სექტორში შრომითი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით კვლავ იგეგმება.

სალომე გეგუჩაძე

საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი

შემთხვევითი სიახლე

მაგნიტმა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ფინანსური რესურსი გამოყო   

თბილისი (BPI) – კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ,,მაგნიტმა“ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის 50 000 ლარი …