ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჩინეთში Georgian Wine Roadshow გაიმართა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორ ქალაქში, შანხაისა და ჩენგდუში ქართული ღვინის წარდგენა სახელწოდებით „Georgian Wine Roadshow” გაიმართა. ანალოგიურ ღონისძიებას, 20 დეკემბერს, კიდევ ერთი ქალაქი – შენჭენი უმასპინძლებს. აღნიშნული ღონისძიებებით, ქართული ღვინის დეგუსტაციები ჩინეთის სამ ყველაზე მნიშვნელოვან პროვინციას მოიცავს.
ქართული ღვინის წარდგენას ღვინის მაგისტრი ჟულიენ ბულარი (Julien Boulard MW) უძღვებოდა. ჟულიენ ბულარი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media” მიერ „ქართული ღვინის საგანმანათლებლო პროგრამის” ფარგლებში შერჩეულ იმ ხუთ ღვინის პროფესიონალს შორისაა, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ჩინეთში სემინარებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს უძღვებიან.
გამართული ღონისძიებების ფარგლებში, ჟულიენ ბულარმა სტუმრებს საქართველოს ისტორია, ქართული ღვინის კულტურა, ქართული ვაზის ძირითადი ჯიშები, მევენახეობის რეგიონები და ღვინის დაყენების მნიშვნელოვანი ასპექტები გააცნო; მან ასევე საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო პარტნიორიობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ქართული ღვინის დეგუსტაციებზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სტილის ღვინო მომხმარებლის სხვადასხვა სეგმენტის მოსაზიდად. თითოეულ წარდგენას პოტენციური მყიდველები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები და სომელიეები დაესწრნენ.
ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც, ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2021 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media” ორგანიზებით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართა.
მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 5,5 მილიონამდე ბოთლი ღვინო, რაც 26%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შემთხვევითი სიახლე

საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე  ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია

ევროკომისიის 2021 წლის 22 დეკემბრის EU 2022/34  რეგულაციით,  საქართველო იმ ქვეყნების  ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის …