პანდემია უმუშევრობის მაჩვენებელზე კვალს ტოვებს, თუმცა პრობლემა სისტემურია და საკითხის გადაჭრის განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს – CIU ბიზნეს ინსტიტუტი

2021 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5%-ით გაიზარდა და 19.5%-ი შეადგინა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ინსტიტუტის (CIU Business Institute) მიერ მომზადებული ანალიზის მიხედვით ირკვევა, რომ ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის ნაწილობრივ მართლაც COVID-პანდემიას უკავშირდება, თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი ბოლო წლებში მაღალი იყო.

“წარმოდგენილი მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დაფიქსირებული მაჩვენელი გასული სამი წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს აღემატება. შესაბამისად, ერთის მხრივ, დაშვება, რომ უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელის განმაპირობებელი პანდემიაა ნაწილობრივ რელევანტურია. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებლის პირდაპირ დაკავშირება მხოლოდ პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებთან ჩვენი შეფასებით არ იქნება სწორი მიდგომა. ვინაიდან, მაგალითად, 2018 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობა ასევე საკმაოდ მაღალ მაჩვენებელზე ფიქსირდება (18.3 პროცენტი). შესაბამისად, ფაქტია, რომ პრობლემა უფრო მეტად სისტემური ხასიათის არის და მისი მოწესრიგება კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს”, აცხადებენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ინსტიტუტში.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის კვლევების ცენტრის განმარტებით, ანალოგიურად შესაძლებელია შეფასდეს მიმდინარე წლის სამივე კვარტლის მაჩვენებელი, როგორც კვარტლების მიხედვით ისე საერთო (საშუალო მაჩვენებლის) ჭრილში. “ცხადია, პანდემია ტოვებს მის კვალს უმუშევრობის მაჩვენებელზე, თუმცა პრობლემა სისტემურია და მოითხოვს საკითხის გადაჭრის განსხვავებულ მიდგომას. უფრო მეტად სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს უმუშევრობის დონის ძალიან მაღალი – 5 პროცენტიანი სხვაობა ქალებსა და მამაკაცებს შორის. ფაქტია, რომ აღნიშნული მიმართულებით რაიმე ტიპის სპეციალური ანალიზი და/ან მიდგომა არ განხორციელებულა. შესაბამისად, ამ მხრივ საჭიროა უფრო მეტი დაკვირვება ანაზღაურების/შემოსავლის დონესთან, შესასრულებელი სამუშაოს სახეობასა და მოცულობასთან მიმართებაში”, აღნიშნულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

CIU ბიზნეს ინსტიტუტის ინფორმაციითვე, წარმოდგენილი მონაცემების ანალიზი ასევე ადასტურებს, რომ ოთხი წლის განმავლობაში დასაქმებულთა სტატუსი (დაქირავებული/ თვითდასაქმებული) მხოლოდ მცირე პროცენტულ მაჩვენებლებში მერყეობს და საშუალო სურათი პრაქტიკულად არ იცვლება.

საინტერესოა, ასევე ის ფაქტი, რომ პანდემიის პერიოდმაც კი დასაქმებულთა სტატუსის პროცენტულ ცვლილებაზე გავლენა პრაქტიკულად ვერ მოახდინა (მერყეობის კოეფიციენტი საშუალო მერყეობის კოეფიციენტის ფარგლებშია). გამომდინარე აღნიშნულიდან, რელევანტურია დაშვება, რომ შრომის ბაზრის სტრუქტურას დასაქმებულის სტატუსის ჭრილში მყარი საფუძველი აქვს და უახლოეს პერიოდშიც არ არის მოსალოდნელი ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები.

ცნობისათვის, 2021 წლის III კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 52.8 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 0.7 პროცენტული პუნქტით და 42.5 პროცენტს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.8 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 0.7 პროცენტული პუნქტით.

2021 წლის III კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.3 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.7 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით

შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ბაზაზე, ბიზნესისა და ეკონომიკის კვლევების ცენტრი – CIU ბიზნესის ინსტიტუტი (CIU Business Institute) დაფუძნდა. ბიზნეს ინსტიტუტმა უკვე მოიპოვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნეს გამოცემის ბიზნეს ინსაიდერის „კვლევის მხარდამჭერი ლიცენზია“ (“INSIDER Research Support License“). CIU ბიზნესის ინსტიტუტის კვლევები ძირითადად მიმართული იქნება ეკონომიკის, ბიზნესის, მდგრადი განვითარების, რისკ-მენეჯმენტის, მეწარმეობისა და ინოვაციების მიმართულებით. მომდევნო კვირიდან ბიზნესის ინსტიტუტი მიზნობრივ აუდიტორიას ბიზნესისა და ეკონომიკის შესახებ უკვე მიაწვდის ინფორმაციას კვლევების, ანალიტიკის, პოლიტიკის დოკუმენტების, პროგნოზებისა და რეიტინგების სახით.

კვლევითი ინსტიტუტი ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს აკადემიურ სივრცეში შექმნილი კვლევების ბაზარზე გატანის ორგანიზაციული მექანიზმების შემუშავებას, ხოლო მეორე მხრივ, დააფუძნებს აკადემიური სივრცისა (კსუ ბიზნესის ფაკულტეტის) და დარგების ერთობლივ კვლევით ლაბორატორიებს. შესაბამისად, მომდევნო ორი თვის განმავლობაში CIU ბიზნესის ფაკულტეტზე სხვადასხვა დარგში წარმატებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეიქმნება ხუთი ლაბორატორია: მეწარმეობისა და ინოვაციების, ფინანსური განათლების, დუალური განათლების, მარკეტინგისა და ბიზნეს მედიის მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის ინსტიტუტის კვლევით საქმიანობაში ჩართვისა და ბიზნეს ინსაიდერის „კვლევის მხარდამჭერი ლიცენზიის“ ფარგლებში არსებულ მონაცემებზე წვდომის საშუალება სრულად ექნებათ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორებს. ამავდროულად, კვლევითი ცენტრი უპრეცედენტო მასშტაბის ინიციატივას „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამას“ შესთავაზებს კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს, რომელიც „ახალი ეკონომიკური აზროვნების ინსტიტუტის“ (Institute for New Economic Thinking) კონცეფციას დაეფუძნება.

 

შემთხვევითი სიახლე

ვიწყებთ პროცესს, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას როგორც დაინტერესებულ პირებთან, ისე საქართველოს პარლამენტში – ლაშა ხუციშვილი

ვიწყებთ პროცესს, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას როგორც დაინტერესებულ პირებთან, ისე საქართველოს პარლამენტში, – განაცხადა …