“უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციური განათლების სარგებელსა და გამოწვევებზე კვლევა ჩატარდა”

თბილისი (BPI) – სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაფუძნებულმა ბიზნეს კვლევების სახლმა, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციური განათლების (e-learning) სისტემის გამოყენების სარგებლისა და გამოწვევების შესახებ კვლევა ჩაატარა.

ბიზნეს კვლევების სახლის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, კვლევა კომპლექსურია და მოიცავს არა მხოლოდ ქვეყანაში არსებული ვითარების პრაქტიკულ ანალიზს, რომელიც შეიქმნა ახალი კორონა ვირუსის COVID-19 წარმოქმნის გამო, არამედ არსებულ ვითარებამდე უმაღლესი განათლების სისტემაში ელექტრონული/დისტანციური განათლების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ხარვეზების ანალიზს. ასევე საერთაშორისო პრაქტიკის, მათ შორის კანონმდებლობის მიმოხილვას.

,,კვლევის ფარგლებში დეტალურადა არის მიმოხილული წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკა და წამყვანი უნივერსიტეტების მაგალითები.

ამასთან, კვლევაში შესწავლილია დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის პოტენციური დანახარჯები სახელმწიფოსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან. კვლევა აჩვენებს სახელმწიფოსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და დისტანციური განათლების მსურველების პოტენციურ სარგებელს. ეს ყოველივე მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებების მომგებიანობის ზრდას და ჯამში ქვეყნისთვის მშპ-ის შესაბამისი კომპონენტის ზრდას”-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კვლევის ფარგლებში შეიქმნა დანახარჯი-სარგებლიანობის ანალიზის მოდელი, რომელიც რეალურად აჩვენებს სახელმწიფოს მომგებიანობის გათვლას დისტანციური განათლების სრულფასოვნად დანერგვასთან დაკავშირებით.

კვლევის დროს მაქსიმალურადაა გამოკვეთილი ქვეყნის შედარებითი უპირატესობა საზღვარგარეთის ქვეყნებიდან სტუდენტების მოზიდვის მიმართულებით.

ამასთან, შემუშავდა რეკომენდაციები და ინიციატივები, რომელიც მნიშვნელოვანია გაითვალისწინოს სახელმწიფომ დისტანციური / ონლაინ განათლების  ყოვლისმომცველად დანერგვის მიმართულებით.

აღნიშნული რეკომენდაციები გადაეგზავნება სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

ბიზნეს კლევების სახლი მზადყოფნას გამოთქვამს შემდგომი განხილვისა და კონსულტაციებისათვის.

 

შემთხვევითი სიახლე

500 Startups – მა, საქართველოს ბანკმა და GITA-მ პროგრამის დემო დღეს უმასპინძლეს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით მსოფლიოში  წამყვანი …