ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი ახალ პრიორიტეტებს ასახელებს

თბილისი (BPI) – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყანაში MICE ტურიზმისა და სამედიცინო ტურიზმის განვითარების მიმართულებით აქტიურდება.  როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაგეგმილი პროექტების წარდგენისას განაცხადა, მსოფლიოს რიგ ქვეყანაში MICE ტურიზმი ფინანსური შემოდინების მთავარი წყაროა.

„ამ კუთხით კერძო სექტორთან გაქვს მჭიდრო თანამშრომლობა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით აკეთებს არაერთ ტრენინგს, აწყობს ფორუმებს და სექტორის წარმომადგენლები დაჰყავს გამოფენებზე, რათა სექტორი მზად იყოს იმ ნაკადის მისაღებად, რასაც სახელმწიფო მარკეტინგულად მოიზიდავს“, განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში მუშაობა მიდის ასევე სამედიცინო ტურიზმის პროდუქტების შექმნაზე. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ამ სექტორში არის გარკვეული მიმართულებები სადაც საქართველოს ფასობრივად და ხარისხობრივად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს რეგიონალურ თუ საერთაშორისო ბზარებს.

ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნასთან ერთად ადმინისტრაცია მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვაზეც ხდება ორიენტირებული. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, უკვე ჩატარებულია შესაბამისი კვლევები, რომლის შედეგებზეც ადმინისტრაციას სწორებას მოახდენს, რათა მარკეტინგული კამპანია კიდევ უფრო კარგად დაიგეგმოს.

„დღეს გვაქვს სამიზნე ბაზრები, სადაც გაგვაჩნია კონკრეტული წილი, ან ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო. ჩვენ გვაქვს კვლევა, რომელიც ცოტახანში გახდება საჯარო, რადგანაც დახვეწის ბოლო ეტაპებს გადის. ძალიან მკაფიოა სამიზნე ბაზრებს, პირველად და მეორად ბაზრებს თუ რა სჭირდებათ და რა პროდუქტები გაქვს ჩვენ. შესაბამისად ძალიან პროდუქტიულად ვსაზღვრავთ, რომელი პროდუქტით, რა კონტენტით, რა მესიჯებით შევდივართ იმ სამიზნე ბაზრებზე, ან არსებულ ბაზრებზე.

ერთია, რომ არსებული ბაზრებიდან რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოვიზიდოთ. ზოგადად გვგონია, რომ ახლო აღმოსავლეთიდან ტურისტი არის მაღალმხარჯველი. ვხედავთ სტატისტიკაში, რომ მათი წილი რაოდენობრივად დიდია, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს ის ლუფტი, რომ უფრო მეტად ვიმუშაოთ იმ სეგმენტზე რომელიც იმ რეგიონში მაღალმხარჯველუნარიანია. ამიტომ ჩვენ შევცვლით მარკეტინგულად არხებს და იმ ადამიანებს მივაწოდებთ იმ მესიჯებს, რის გამოც მათთვის საქართველოში ჩამოსვლა იქნება საინტერესო”, განაცხადა ქვრივიშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან – შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახალი პროექტი იწყება

თბილისი (BPI) – ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან – შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახალი პროექტი იწყება. პროექტის …