თბილისი (BPI) –“საპენსიო რეფორმის ერთერთი მიზანი, “კეთილი სიბერის შექმნაა”, – წერს სოციალურ ქსელში საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე.
რეფორმას სხვა უმნიშვნელოვანესი მიზანიც აქვს, რომელიც ასევე სრულად გადაფარავს “კორონავირუსის” და ყველა სხვა ვირუსის ჟამიანობას, თუნდაც ავბედითს.
„საუბარია ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების კეთილდღეობაზე და არამარტო სიბერეში. თუ “კორონავისრუსის გამო შეიძლება ვერ მოვესწროთ კეთილ სიბერეს” და ამ რეფორმის სხვა სიკეთეებს – ჩვენი შვილები, მათი შვილები, შვილთაშვილები და თაოებები – მოესწრებიან და დააფასებენ. ჩვენ კი მშვიდად ვიქნებით, რომ ჩვენს ყოფას აზრი ჰქონდა – რომ თუნდაც ერთი, თანაც საყრდენი, აგური დავდეთ… “საპენსიო ფონდის მთელი მუღამი და დანიშნულება” არ არის მხოლოდ ის “რომ შეგროვდეს რაღაც ფული, რომელიც იმუშავებს შენი შენატანის მერე გასაორმაგებლად და გასასამმაგებლად”.
ინფორმაციისთვის, ყველას პირადი შენატანი მომენტალურად ოთხმაგდება (დაახლოებით) და შემდგომ, გაოთხმაგებულს ერიცხება კარგი სარგებელი. “შენ თვითონ შეიტანო და უყურო” – ვერ არის არგუმენტი – შეიტანთ და ან გაოთხმაგდება 10-15 წელიწადში (თუ კარგად დათვლით) ან არა…. გვესმის, რომ ძალიან ბევრს, მათ შორის დამსახურებულ და პატივცემულ ბიზნესმენებსაც არ აქვთ სრული ინფორმაცია ამ უპრეცედენტო და ძალიან საჭირო რეფორმის სიკეთეების შესახებ. გვესმის, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხარვეზია საპენსიო სააგენტოს მუშაობაში – ეს შევძელით მხოლოდ 1 წელიწადში. გვესმის ასევე, რომ არის მნიშვნელოვანი მიმდინარე ხარვეზები. მიუხედავად ამისა, ეს რეფორმა თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების კუთვნილებაა (!) და, ნებისმიერი 2%-იანი მერკანტილური მოტივაციიდან გამომდინარე ან/და რაოდენ პატივცემული ადამიანის აზრიც არ უნდა იყოს, რეფორმის ნებისმიერი ფორმით ხელყოფას ან/და დაკნინებას ვერასოდეს შევეგუებით”, – წერს სურგულაძე.