სოციალური სერვისები შშმ პირებისთვის – ასოციაცია “ანიკა” ევროკავშირის დახმარებით ახალ პროექტს იწყებს

თბილისი (BPI) – ასოციაცია “ანიკა” ევროკავშირის დახმარებით ახალ პროექტს იწყებს.

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“ 27 აპრილს 11:00 საათზე პლატფორმა „ზუმის“ მეშვეობით ვირტუალურად გაიხსნება.

პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი და მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას მოწყვლად პირთა უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელებისათვის. პროექტს ასოციაცია “ანიკა” „თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან“ ერთად ახორციელებს.

“პროექტი ეხმიანება საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებას განახორციელოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ადამიანური უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები ინკლუზიური გარემოს დანერგვისა და ხარისხიანი სოციალური მომსახურებების მიწოდების გზით”, – განმარტავენ ასოციაციაში.

პროექტის ფარგლებში საქართველოს 4 რეგიონში შეიქმნება შშმ პირთა საჭიროებებზე დაფუძნებული სოციალური სერვისები და შემუშავდება სოციალური მომსახურებების ეროვნული სტრატეგია. პროექტი ხელს უწყობს „საქართველოს ახალი კანონის – შშმ პირთა უფლებების შესახებ“ იმპლემენტაციას.

ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები; ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი შშმ პირთა საკითხებში; სახელმწიფო რწმუნებულების წარმომადგენლები ოთხი რეგიონიდან; საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ოფისის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ასოციაცია „ანიკა“ 1997 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებმა შექმნეს და მისი მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის თანაბარი შესაძლებლობებისა და პირობების შექმნა, ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფა.

ღონისძიებაზე პლატფორმა „ზუმის“ მეშვეობით დასასწრებად შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია

შემთხვევითი სიახლე

აიღეთ თქვენთვის სასურველი ფერის ციფრული ბარათი

თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკში უკვე შესაძლებელია განახლებული დიზაინის ციფრული ბარათების მომენტალურად გააქტიურება. ციფრული ბარათები 6 …