სიღნაღში მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა

თბილისი (BPI) – სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში, თანამედროვე სტანდარტების, მესაქონლეობის ფერმა შპს „თეთრი ფერმა“ გაიხსნა.

„ფერმა ნამდვილად გამორჩეული და ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. დაცულია ყველა ის სტანდარტი, რაც დღეს მესაქონლეობის და სურსათის უვნებლობის კუთხით არსებობს. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ რა მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პროგრამებს. პროგრამებს, რომლებიც პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რაც მესაქონლეობის კუთხით არსებობს და რაზეც, სამინისტრო ბოლო წლებში ინტენსიურად მუშაობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში გვქონდეს სულ უფრო მეტი მაღალპროდუქტიული, ეკონომიკურად ძლიერი, განვითარებული ფერმა, სადაც ყველა სტანდარტი დაცული და გათვალისწინებული იქნება. ეს საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ ქვეყნის კონკურენტუნარიანობა მესაქონლეობის მიმართულებით“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ფერმა სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. პროექტში ჯამურად, 15 200 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. აქედან, 1 500 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიციაა.

„თეთრი ფერმა“ ნიდერლანდურ-ქართული ინვესტიციით შექმნილი კომპანიაა, რომელიც ყოველდღიურად აწარმოებს პირველი კატეგორიის 10 ტონა ნედლ რძეს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. კომპანიაში, მუდმივად დასაქმებულია 35 ადგილობრივი მცხოვრები.

 

შემთხვევითი სიახლე

გალტ & თაგარტი მომხმარებელს G&T Trader-ის განახლებულ ვებგვერდს სთავაზობს

თბილისი (BPI) – სს „გალტ & თაგარტი“ მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფას აგრძელებს. საინვესტიციო ბანკმა …