სივრცითი დაგეგმარების კანონში ცვლილებები მომზადდა

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები მომზადდა. ცვლილებები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დაინტერესებულმა ინვესტორებმა თუ კერძო პირებმა მოახდინონ როგორც გენერალური გეგმის კონცეფციის, ისე დეტალური გეგმის და შესაბამისი სივრცითი დოკუმენტების დამუშავება. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მეტი წარმატებული პროექტის არსებობას,“- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა.
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების პაკეტი დღეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.
ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, კანონში განიმარტა საინვესტიციო პროექტის ცნება და ასეთად ჩაითვლება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ტერიტორიის არასაცხოვრებელი ფუნქციით განვითარებას და ქმნის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობას ან ხასიათდება განსაკუთრებული მიზნობრიობით. კანონით დადგინდება ასეთი პროექტის მინიმალური ღირებულებაც და მათი განხორციელებისას დაინტერესებულ პირს მიეცემა შესაძლებლობა ტერიტორია განავითაროს უშენ ტერიტორიაზეც კი. უშენ ტერიტორიაზე განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების საკითხებსაც დაარეგულირებს კანონი.
კანონის მოქმედი რედაქციით, განსაკუთრებული რეგულირების სტატუსი ენიჭება მხოლოდ დასახლებას. ცვლილებით კი, შესაძლებელი გახდება განსაკუთრებული რეგულირების სტატუსი დასახლებას მიენიჭოს მიმდებარე ან მომიჯნავე ტერიტორიასთან ერთად. ამასთან, ჩნდება განსაკუთრებული რეგულირების სტატუსის მინიჭების შესაძლებობა სპორტულ-გამაჯანსაღებელი, ეკოლოგიური, ტურისტული ანდა კულტურული ნიშნით იდენტიფიცირებული გეგმარებითი ერთეულისთვის. კანონის ცვლილებათა პაკეტით, ასევე, II კლასის შენობა-ნაგებობებისთვის მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტაციაზე საექსპერტო დასკვების მომზადება აღარ იქნება საჭირო.
„ამ ცვლილებებით ხელს შევუწყობთ ინვესტიციების განხორციელების პროცესს, ახალი არეალების გაჩენას, ოღონდ ამ არეალების უკვე გეგმარების სტანდარტების შესაბამისად განვითარებას და ამით თავს ავარიდებთ ქაოტურ განაშენიანებას. ამ ცვლილებების შედეგად, ველოდებით უფრო მეტი შესაძლებლობის პირობებში, კიდევ უფრო მეტი საინტერესო და შინაარსიანი პროექტის განხორციელებას, როგორც დასახლებები ასევე სხვადასხვა რეკრეაციული და დასასვენებელი ადგილების სახით, რომლებიც ხელს შეუწყობს, როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ასევე დასაქმებას“- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ ცვლილების პაკეტი დასამტკიცებლად გადაეგზავნება პარლამენტს.

შემთხვევითი სიახლე

სეს-მ ხორცის გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შეამოწმეს ქალაქ თბილისში, დ. ჟღენტის 2 ნომერში მდებარე ხორცის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც საქმიანობას ახორციელებდა სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით, კანონმდებლობით დადგენილი აღიარების მინიჭების გარეშე. საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული  შეუსაბამობები, მათ შორის, სანიტარიულჰიგიენური ნორმების, სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევები. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე (65-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). …