სებ-მა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით, მდგრადი დაფინანსების ფორუმს უმასპინძლა

24 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების ონლაინ ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი) და IFC-თან არსებულ მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელთან (SBFN) თანამშრომლობით, და შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მხარდაჭერით გაიმართა. ონლაინ ფორუმში მონაწილეობდნენ ევროპისა და ცენტრალური აზიის ცენტრალური ბანკები და ფინანსური ბაზრის მარეგულირებლები, SBFN-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, IFC-ის ექსპერტები, და სხვა დაინტერესებული მხარეები.

ფორუმი მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გახსნა. მან მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებისთვის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მან ასევე აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის თანამშრომლობა მდგრადი დაფინანსების სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელებისთვის: “2018 წლიდან  წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ, საქართველოში მდგრადი დაფინანსების ხელშესაწყობად, წელს სებ-მა IFC-თან თანამშრომლობის მეორე შეთანხმებას მოაწერა ხელი.  შეთანხმების ფარგლებში ახალ პროექტებზე მუშაობის პარალელურად, ეროვნული ბანკი განაგრძობს ცნობიერების ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით IFC-თან თანამშრომლობას. დღევანდელი შეხვედრა ამ თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითია. ეს არის შესაძლებლობა სფეროს ექსპერტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად სხვადასხვა პერსპექტივიდან განვიხილოთ მდგრადი დაფინანსების საკითხები და ერთმანეთს ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები გავუზიაროთ.”

ივანა ფერნანდეს დუარტემ, IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში, განაცხადა: “გარემოსა და სოციალური საკითხების მხრივ მდგრადობა გადამწყვეტია ბიზნესის წარმატებისთვის და COVID-19 კრიზისმა ეს გადაუდებელი საჭიროება კიდევ უფრო აშკარა გახადა. ახლა უნდა დაჩქარდეს მდგრადი, მწვანე და ინკლუზიური ინვესტიციების განხორციელება, რაც ხელის შეუწყობს არა მარტო აღდგენას, არამედ “უკეთესად აღდგენას“. კლიმატის ცვლილებების შერბილებაზე მიმართული პროექტების დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო საფინანსო ინსტიტუტებია. ამავდროულად ეს პროექტები ამ ინსტიტუტებისთვის მნიშვნელოვან საინვესტიციო შესაძლებლობებს წარმოადგენს. IFC-ის გამოცდილებით, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი რისკების სწორი მენეჯმენტი ხელს უწყობს ასეთი ინვესტიციების განხორციელებას. საფინანსო მარეგულირებლებს, როგორიცაა საქართველოს ეროვნული ბანკი, შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეუწყონ ხელი საფინანსო ინსტიტუტებს გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი სტანდარტების გაუმჯობესებაში. სწორედ ამიტომ, IFC, მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელის (SBFN) 44 წევრის გამოცდილებაზე დაყრდნობით, განაგრძობს თანამშრომლობას საქართველოს ეროვნულ ბანკთან რეფორმებისა და რეგულაციების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს მდგრადი კერძო ინვესტიციებისთვის შესაძლებლობების შექმნას.“

“კერძო სექტორს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) გლობალურად მიღწევაში  მნიშვნელოვანი როლი აქვს. ფინანსური ინსტიტუტებს შეუძლიათ დიდი წვლილი შეიტანონ კერძო სექტორის ახალ ეკონომიკურ რეალობასთან ადაპტაციაში და დაეხმარონ მათ ინვესტიციების  მწვანე და პასუხისმგებლიანი პროექტებისკენ წარმართვაში. შვეიცარია, ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) წარმომადგენლობით, მხარს უჭერს IFC-ის პროგრამას ჯანსაღი გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორაციული მმართველობის პრაქტიკის დანერგვისთვის, რაც მდგრადი დაფინანსების აუცილებელი წინაპირობაა“, – აღნიშნა დანიელ მევლიმ, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა.

მდგრადი დაფინანსების საკითხებისადმი მიძღვნილი ეს ფორუმი ეროვნული ბანკის მასპინძლობით, IFC/SBFN-სთან ერთად გამართული მესამე ღონისძიებაა. პირველი შეხვედრა 2018 წელს გაიმართა. მას შემდეგ ის ყოველწლიურ ღონისძიებად იქცა, რომელიც სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის, საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში მდგრადი დაფინანსების განვითარების შესახებ, ნაყოფიერი დისკუსიების პლატფორმას წარმოადგენს. ბოლო კონფერენციის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. სებ-მა “კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში“ გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებთან დაკავშირებით ცვლილებები შეიტანა, “ESG საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპები“ და შესაბამისი შაბლონი შეიმუშავა და “მდგრადი დაფინანსების ანგარიშის“ გამოქვეყნება დაიწყო.

ფორუმის მონაწილეებმა მდგრადი დაფინანსების მიმართულებით არსებული გამოწვევების, ESG ანგარიშგების მნიშვნელობისა და გამჟღავნების თანმიმდევრულობის და შესაბამისობის უზრუნველყოფაში ცენტრალური ბანკების როლის შესახებ იმსჯელეს. მონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს მწვანე და სოციალური ტაქსონომიის მნიშვნელობას და მის როლს მდგრადი დაფინანსების ნაკადების მხარდაჭერასა და ამ მიმართულებით ახალი ფინანსური ინსტრუმენტების სანდოობის უზრუნველყოფაში.

შემთხვევითი სიახლე

“ინტერ რაომ” საქართველოს საარბიტრაჟო დავა მოუგო

რუსულმა ენერგეტიკულმა კომპანია “ინტერ რაომ” საქართველოს საარბიტრაჟო დავა მოუგო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სტოკჰოლმის …