საქართველო 2022 წლისთვის სამხრეთის გაზის კორიდორით 2-ჯერ მეტ ბუნებრივ აირს მიიღებს

თბილისი (BPI) – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო მხარს უჭერს სამხრეთის გაზის კორიდორის განვითარებას.

“მნიშვნელოვანია, რომ ევროპა ბუნებრივ აირს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი აღნიშნული კორიდორის მეშვეობით მიიღებს. პროექტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვის და ამავე დროს, მას საგრძნობი მატერიალური სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის. 2022 წლისთვის აღნიშნული მილსადენით ჩვენ დღევანდელზე დაახლოებით ორჯერ მეტი ბუნებრივი აირის მიღების შესაძლებლობა გვექნება,” – განაცხადა ნათია თურნავამ ბაქოში „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე.

მისი თქმით, პროექტი რეგიონის სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური ერთობის გამოვლინებაა საერთო სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, რომელიც კასპიის ნახშირწყალბადების მდიდარი მარაგების ევროპის ბაზრამდე მიტანას ემსახურება,

მრჩეველთა საბჭოს სხდომა ოფიციალურად გახსნეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ევროკომისარმა საბიუჯეტო და ადამიანის რესურსების საკითხებში გიუნტერ ოტინგერმა, რომელიც ამავე დროს „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს მოქმედი თანათავმჯდომარეა.

ნათია თურნავას თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია შაჰ-დენიზის მეორე ფაზის დასრულება, რომლითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება გაზის მიწოდება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებზეც TANAP-ის (ტრანსანატოლიური) და TAP-ის (ტრანსადრიატიკული) გაზსადენები გადის. აღსანიშნავია, რომ ევროპამ აღნიშნული მარშრუტით პირველი გაზის 2020 წლისთვის უნდა მიიღოს.

შემთხვევითი სიახლე

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მეტროს შახტის რეაბილიტაციაზე ₾1 მლნ-ზე მეტი დაიხარჯება

თბილისი (BPI) – ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე არსებულ მეტროს 50-ე შახტს სარეაბილიტაციო …