საქართველოში 2021 წლის მეოთხე კვარტალში 4872 კონცენტრაცია განხორციელდა, ერთი კომპანიის მიმართ კი საქმისწარება დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში 4872 კონცენტრაცია განხორციელდა. განახლებული კანონმდებლობის ფარგლებში, სააგენტო ყოველკვარტალურად მონიტორინგს უწევს განხორციელებულ კონცენტრაციებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

საანგარიშო პერიოდში, ერთი კონცენტრაცია განხორციელდა სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინებით. თემა ეხებოდა ალკოჰოლური სასმელების/სხვადასხვა კვების პროდუქტების და ჭურჭლის/სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობის ბაზარზე ორი კომპანიის კონცენტრაციას, რაზეც კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ თანხმობა გასცა.

მეორე კონცენტრაცია განხორციელდა სააგენტოს წინასწარი შეტყობინების გარეშე. თემა ეხებოდა მშენებლობის და სამშენებლო მასალების ვაჭრობის ბაზარზე ორი კომპანიის კონცენტრაციას. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქმისწარმოება დაიწყო.

2021 წელს ქვეყანაში განხორციელდა სულ 21 423 კონცენტრაცია. ამ პერიოდში, 2 კონცენტრაცია შედგა სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ერთი კონცენტრაცია კი განხორციელდა სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, ეკონომიკურ აგენტს დაეკისრა კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა. საკითხის შესწავლის შემდეგ კი გაიცა თანხმობა.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე აღემატება 20 მილიონ ლარს. ამასთანავე, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს.

განახლებული კანონმდებლობის ფარგლებში, სააგენტოს გვერდის ავლით, შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში, განისაზღვრება ჯარიმა – მაქსიმუმ, 5%-მდე მოცულობით. თუ კონცენტრაციაზე დასკვნა უარყოფითია, სააგენტო მიმართავს სასამართლოს, რომ აღსდგეს კონცენტრაციაში მონაწილე კომპანიების თავდაპირველი მდგომარეობა.

კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.

 

შემთხვევითი სიახლე

მარტვილში საოჯახო სასტუმრო იხსნება

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მარტვილში საოჯახო სასტუმრო იხსნება. …