„საქართველოს საპატენტო კანონში“ ცვლილები უცხოელ განმცხადებლებს საქართველოში გამოგონებების დაპატენტების პროცედურას გაუმარტივებს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე „საქართველოს საპატენტო კანონში“ ცვლილების შეტანის შესახებ მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტისა და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თაობაზე იმსჯელა.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილემ (თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი) ნინო ჩიქოვანმა შეთავაზებული ცვლილების არსსა და მისი მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ცვლილება განპირობებულია ორი მიზნით – საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის 2019 წელს გაფორმდა ვალიდაციის შეთანხმება, რომლის ძალაში შესვლისათვის აუცილებელია განხორციელდეს წარმოდგენილი ცვლილებები. მეორე მიზანი, რომელსაც ეს კანონპროექტი ემსახურება, არის ევროპის საპატენტო კონვენციასთან, საპატენტო კანონის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებასთან და ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან ჩვენი კანონმდებლობის მიახლოება“, – განაცხადა მომხსენებელმა.

წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, მას შემდეგ რაც მოხდება ევროპის საპატენტო ორგანიზაციის EPO-ს მიერ შეთანხმების გამოქვეყნება, საქართველოში ვალიდირებულ ევროპულ პატენტს მიენიჭება იგივე იურიდიული ძალა და დაექვემდებარება იმავე პირობებს, რაც ვრცელდება ეროვნულ საპატენტო განაცხადზე და ეროვნულ პატენტზე საქართველოს საპატენტო კანონის მიხედვით.

განმცხადებლის მოთხოვნით, ევროპული საპატენტო განაცხადი და მის საფუძველზე გაცემული ევროპული პატენტი ვალიდირებული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც უცხოელ განმცხადებლებს საქართველოში გამოგონებების დაპატენტების პროცედურას გაუმარტივებს. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოში რეგისტრირებული პატენტების რაოდენობა.

მომხსენებლის განმარტებით ეს ფინანსურადაც მომგებიანი იქნება ქვეყნისთვის, რამდენადაც ევროპული პატენტების საქართველოს ტერიტორიაზე ვალიდაციისა და მისი ძალაში შენარჩუნების საფასურთან დაკავშირებული შემოსავლების წილი, ვალიდაციის საფასურის 75% საქპატენტში ჩაირიცხება.

განხილვის დასრულების შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

 

შემთხვევითი სიახლე

ფილმის “საქართველო ღვინის სამშობლო” ჩვენება ორჰუსში გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და კომპანიის „Georgisk vin” ინიციატივით,  დანიის ქალაქ ორჰუსში სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო …