სამშენებლო სექტორში გამოწვევები აფერხებს ადგილობრივი კომპანიების განვითარებას – BAG 

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ყურადღებას ამახვილებენ სამშენებლო კომპანიების წინაშე არსებულ პრობლემატიკაზე, რომელთა ძირითადი ნაწილი სახელმწიფო ტენდერების გზით შესყიდვებს უკავშირდება და ადგილობრივი სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებას აფერხებს.

როგორც ასოციაციაში აცხადებენ, მთავარ გამოწვევად რჩება ჯერ კიდევე საბჭოთა დროინდელი, მოძველებული ე.წ. „სნიპები“ (SNIP), რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება შესასყიდი მომსახურებისა და საქონლის ფასები და მახასიათებლები. შედეგად კი სამუშაოს შემსრულებელ კომპანიებს უწევთ ხანგრძლივი მოლაპარაკება შემსყიდველ უწყებებთან, კონკრეტული მასალის მახასიათებლებისა თუ სხვა ცვლილებებზე იმ მიზეზით, რომ მოცემულ სტანდარტში აღწერილი პროდუქცია ან აღარ იწარმოება, ან სახეცვლილი ფორმით შემოდის ბაზარზე. ასევე, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სამუშაოს შესრულების პროცესში მომსახურების შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის წარმოქმნილი დავების სწრაფად განხილვის შესაძლებლობის არარსებობა. აღნიშნული და დარგის სხვა პრობლემები საქართველოში სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების ხელისშემშლელია და აფერხებს ადგილობრივ სამშენებლო ბაზარზე კომპეტენციების დაგროვებას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ საწყის ეტაპზე მიმდინარეობს პრობლემათა იდენტიფიცირება, შედეგად, მომზადდება რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან ერთობლივად განიხილება და დაიგეგმება იმპლემენტაციის კონკრეტული ნაბიჯები.

შემთხვევითი სიახლე

ლიბერთის ახალი აქცია – #გულით პედაგოგებისთვის

თბილისი (BPI) – ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთვის, ახალი სასწავლო წლის შესამსუბუქებლად და პანდემიის მიერ …