სამაცივრე მეურნეობებმა I კვარტალში ₾36 მლნ-ის პროდუქცია გაყიდეს

თბილისი (BPI) – 2019 წლის I კვარტალში საქართველოში 68 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლში (47.1%) და თბილისშია (14.7%) განთავსებული. სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია სამეგრელო-ზემო სვანეთში (13.2%), ქვემო ქართშის (8.8%), იმერეთში (7.4%), კახეთში (4.4%), მცხეთა-მთიანეთში (2.9%) და გურიაში (1.5%).

სამაცივრე მეურნეობები 316 მომხმარებელს მოემსახურა. სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 803 კაცით განისაზღვრა. 2019 წლის I კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 60.9 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 63.1 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 17.3% პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 7.5% ხილ-ბოსტნეული, 7.4% – თევზეული, დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2019 წლის I კვარტლის განმავლობაში შესყიდულია 4.7 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს – 2.9 მლნ. ლარი შეადგინა. 2019 წლის I კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 36.0 მლნ. ლარის ღირებულების (9.8 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (53.0 პროცენტი) იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) ¬¬პროდუქციის 87.6 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (52.8 პროცენტი), თევზეული (19.5 პროცენტი) და ქათამის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (19.2 პროცენტი) წარმოადგენდა. სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული იქნა რეალიზებული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 55.4 პროცენტს, თებერვალში – 52.5 პროცენტს, ხოლო მარტში 47.6 პროცენტს.

შემთხვევითი სიახლე

1 დოლარი უკვე 2,9738 ლარი ღირს

თბილისი (BPI) – 19 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9738 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ …