როდიდან შეძლებთ უჩივლოთ ონლაინ-მოვაჭრეს, თუ ნაკლის შემთხვევაში გაყიდულ ნივთს 14 დღის ვადაში არ დაიბრუნებს

1-ლი ივნისიდან ძალაში შევიდა „მომხმარებელის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი, რომლის თანახმადაც ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში მაღაზია ვალდებული იქნება გაყიდული პროდუქცია 14 დღის ვადაში უპირობოდ დაიბრუნოს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა სეფაშვილი, კომიტეტის თემატური მომხსენებლის რანგში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს.

როგორც ეკა სეფაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ სექტორი რამდენად მზად არის მომხმარებელთა უფლებების დასაცავად იმ კანონის საფუძველზე, რომელიც პარლამენტმა 2022 წლის მარტში მიიღო ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით, რაც ასოცირების შეთანხმების მიხედვით საქართველოს ვალდებულებას წარმოადგენს.

მართალია კანონი ძალაში შევიდა 2022 წლის 1-ლი ივნისიდან, მაგრამ პროცესის აღსრულება დაიწყება 2022 წლის 1-ლი ნოემბრიდან. კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყება კონკურენციის ეროვნული სააგენტო სწორედ ამ დროიდან განახორციელებს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების აღსრულებას.

შესაბამისად, 2022 წლის პირველი ნოემბრიდან, სააგენტოს განცხადებით შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა. სააგენტო საკითხს შეისწავლის სავარაუდო დარღვევის ისეთ ფაქტებზე, რომელმაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესების დარღვევა. დადგენილი წესის შესაბამისად, საქმის შესწავლის პროცესი მოიცავს 1 თვეს, რომელიც მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვემდე.

ამ კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული და უტყუარი ინფორმაცია – პროდუქტის სახეობაზე, მახასიათებლებზე, ვარგისიანობაზე და ა.შ. ასევე, უზრუნველყოს საქონელზე ან მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეული ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება. მომხმარებლის უფლებაა, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს საქონლის შეკეთება ან შეცვლა, იმ შემთხვევაში თუ ეს არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს არ მოითხოვს. თუ მომხმარებელმა ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება, ხოლო 6 თვის შემდეგ ნაკლის აღმოაჩენის შემთხვევაში – მტკიცების ტვირთი მომხმარებელზე გადავა. ასევე ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში შემოდის პროდუქციის უპირობო დაბრუნების 14 დღიანი ვადა.

 

 

წყარო: bpn.ge

შემთხვევითი სიახლე

მოემზადეთ სასკოლო სეზონისთვის Rakuten Viber-თან ერთად: მესენჯერის ფუნქციები, რომლებიც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გამოადგება

Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის საერთაშორისო ლიდერი, ახალი სასკოლო სეზონის სამზადისში …