რეკომენდაციების დადება ისეთი სტრუქტურის მიერ, როგორიც არის კონკურენციის სააგენტო ძალიან მნიშვნელოვანია – ირაკლი მარგველაშვილი

კონკურენციის სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის თანახმად, მედიკამენტებზე მაღალი დანახარჯები მომხმარებლების ნაკლები ინფორმირებულობითაა განპირობებული, რადგან შედარებით იაფი გენერიკული და სხვადასხვა ჩამნაცვლებელი მედიკამენტების არსებობის შესახებ მომხმარებლებს ინფორმაცია არ აქვთ.

„რეკომენდაციების დადება ისეთი სტრუქტურის მიერ, როგორიც არის კონკურენციის სააგენტო   – ძალიან მნიშვნელოვანია. 3 წელი მიდიოდა მონიტორინგი. არის ჩამოყალიბებული პუნქტობრივად რა, როგორ  და სად. ამის ერთ მთლიანობაში მოყვანა, თუნდაც, იმ საკითხების რაც მეტნაკლებად ცნობილი იყო, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. კონკურენციის სააგენტომ გააკეთა ანალიტიკა და ახლა მისივე რეკომენდაციით უნდა მოხდეს თანამშრომლობა ჩვენთან.

ანგარიშში ყველა პრობლემამ ერთად მოიყარა თავი და მოვიდა დრო, რომ თითოეულმა მხარემ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რა მეთოდოლოგიით შევცვალოთ და რა მიმართულებებით წავიდეთ. ჩვენი მოლოდინით, სწორი მიდგომა მედიკამენტებზე დანახარჯებს წელიწად-ნახევარში 15%-20%-ით შეამცირებს. თუ ამას დაემატება, რომ პოლიფარმაციას ელექტრონული რეცეპტებით, გაიდლაინებით შევებრძოლებით, 3-4 წლის განმავლობაში რესურსი გვაქვს, 25%-30%-ით შევამციროთ მედიკამენტებზე დანახარჯები, ეს ყველაფერი გასაკეთებელია“,- განაცხადა გადაცემაში “ბიზნესი ბლუმბერგთან ერთად” ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა.

სააგენტომ 6 ჯგუფის მედიკამენტების ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ თავისუფალი არჩევანისა და ბრენდირებული მედიკამენტების ჯენერიკებით ჩანაცვლების შემთხვევაში, პაციენტი 2016-2020 წლებში დაზოგავდა საშუალოდ 16 მილიონ ლარს და ამავე დროს იდენტურ სამკურნალო ეფექტს მიიღებდა.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორის, ირაკლი მარგველაშვილის განცხადებით, მედიკამენტებზე გაწეული ხარჯების შესამცირებლად საკანონმდებლო ბაზის ცვლილებაა საჭირო. როგორც მარგველაშვილმა „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა, მოქალაქეები ბევრს ხარჯავენ მედიკამენტებზე და ხშირ შემთხვევაში, მათი ნაწილი საერთოდ არ სჭირდებათ.

“პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ სამედიცინო დაწესებულებებში ექიმები რა წამლებს უწერენ პაციენტებს და რამდენად ადეკვატურია ეს წამლები არსებული დაავადების სამკურნალოდ. ხარჯს ძალიან ზრდის არაკეთილსინდისიერი ფარმაცევტული კომპანიების წნეხი ექიმებზე. მათი მხრიდან ხდება ექიმების ფინანსური მოტივაცია გამოწერილი მედიკამენტების სანაცვლოდ. ეს კი პირდაპირ კავშირშია პაციენტის ჯიბესთან. ეს მავნე პრაქტიკა უნდა აღიკვეთოს, რაც ძალიან მოკლე ვადაში მოგვცემს შედეგს და შეამცირებს ხარჯებს. სწორედ ამიტომაა საჭირო საკანონმდებლო ცვლილება“,- აცხადებს მარგველაშვილი.

ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში
📊🩺მონიტორინგის მიმდინარეობა დაყოფილია 2 ნაწილად: ზოგადი ეკონომიკური ანალიზი და კონკრეტული/შერჩეული მედიკამენტების ანალიზი. სააგენტოს ძირითადი დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს მედიკამენტების საცალო ფასები, ფასის ცვლილებაზე მოქმედი ძირითადი გარემოებების გავლენის შეფასება საცალო ფასის ფორმირებაზე. ანგარიში მოიცავს 2016-2020 წლის პერიოდს.
📈📉ქვეყანაში ფარმაცევტული ბაზრის არსებული სტრუქტურის, საკანონმდებლო რეგულირების, კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულების უზრუნველყოფისა და სააგენტოს ანალიზით გამორკვეული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, ჩამანაცვლებელ პროდუქტებს შორის მაქსიმალური კონკურენციისა და შედეგად გენერიკების წილის ზრდის უზრუნველსაყოფად, სააგენტო მიზანშეწონილად მიაჩნევს რეკომენდაციების 2 ჯგუფის გაცემას: 1. რეკომენდაციები, რომლებიც დააბალანსებს ბაზრის მაღალი ინტეგრაციისა და ჰოლდინგური სტრუქტურის შესაძლო უარყოფით გავლენას; გაანეიტრალებს შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობას და ანგარებიან ურთიერთობას და 2. რეკომენდაციები, რომლებიც დარგის მარეგულირებელს მისცემს შესაძლებლობას, ეფექტიანად განახორციელოს დარგის კონტროლი. სააგენტოს პოზიციით, წინამდებარე რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაძლებელია ბაზარზე საუკეთესო ხარისხის, ფასის და მედიკამენტებზე გაზრდილი არჩევანის მიღწევა – ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესება, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს მომხმარებლის მიერ მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვან შემცირებას.
🔎მონიტორინგის დასრულებამდე, დიალოგი დაინტერესებულ მხარეებთან რეკომენდაციების შეფასების და განხილვის მიზნით გაგრძელდება.
➡️ანგარიში ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ – https://admin.competition.ge/…/4748353bfd2c4622a18e0beb…

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.37 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.36 პროცენტია

2021 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 …