რა უნდა ვიცოდეთ სურსათის უვნებლობის შესახებ

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) აცხადებს, რომ სურსათის უვნებლობაზე ცნობიერების ამაღლება ასეთი მნიშვნელოვანი არასოდეს ყოფილა. ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ COV-19 კიდევ ერთხელ აფიქრებს ადამიანებს ამ საკითხის მნიშვნელობაზე, პანდემია კიდევ ერთხელ აფიქრებს ადამიანებს იმაზე, თუ რამხელა როლს ასრულებს უსაფრთხო, ცხოველური თუ მცენარეული წარმოშობის სურსათი ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ორგანიზაციის ცნობით, მიუხედავად სურსათის უვნებლობის უდიდესი მნიშვნელობისა, ხშირად ეს საკითხი იგნორირებული და მივიწყებულია. ადამიანები უგულებელყოფენ იმ გარემოებას, რომ არაჯანსაღ სურსათს (დაბინძურებული მავნებელი ბაქტერიებით, ვირუსებით, პარაზიტებითა და ქიმიური ნარჩენებით) ადამიანში 200-ზე მეტი დაავადების გამოწვევა შეუძლია

7-8 ივნისს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე აღინიშნება. წელს ამ დღის ლოზუნგია – “სურსათის უვნებლობა ყველას საქმეა” – რომელიც ნათლად გამოხატავს ფაქტს, რომ სურსათის უვნებლობა თანაბარ გავლენას ახდენს ნებისმიერ ადამიანზე.

1. დარწმუნდით, რომ ქვეყანაში არებობს კანონმდებლობა და სისტემები, რომელიც უზრუნველყოფენ სურსათის უვნებლობას.

სურსათის უვნებლობის დაცვის მიზნით, საქართველოში არაერთი რეგულაცია და კანონი არსებობს. უკვე სრულად ფუნქციურია ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემა (NAITS), რომელსაც გადამწყვეტი როლი ენიჭება ცხოველური წარმოშობის სასურსათო პროდუქციის ყველა რგოლის კონტროლში ფერმიდან – სუფრამდე. NAITS სისტემის ფარგლებში, სრულიად საქართველოს მასშტაბით, ვეტერინარები აღრიცხავენ წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვს, რომელთა შესახებ ინფორმაცია შეყავთ იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონულ ბაზაში, რაც უზრუნველყოფს ცხოველისა და მისგან წარმოებული ცხოველური ნაწარმის მომენტალურ მიკვლევადობას. ბაქტერიებით, ვირუსებით თუ სხვა პათოგენური ორგანიზმებით დაბინძურებული ცხოველური პროდუქტები: ხორცი, სოსისი თუ ძეხვეული, განსაკუთრებული საფრთხის მატარებელია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

უვნებელი სურსათის წარმოებისათვის მნიშვნელოვანია სისტემა “ჰასპი” Hazard Analyss and Critical Control Points System (HACCP) ანუ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა. „ჰასპი“, უზრუნველყოფს საწარმოებში იმ „წერტილების“ გამოვლენას, სადაც შეცდომით ან გაუფრთხილებლობით ისეთი ზემოქმედება მოხდა, რომელმაც შესაძლოა საბოლოო პროდუქტის დეფექტი (დაბინძურება, გაფუჭება) გამოიწვიოს. ყველა ასეთი ეტაპი წარმოადგენს (საბოლოო პროდუქტის უვნებლობისთვის) „კრიტიკულ წერტილს“, რომელზეც მუდმივად უნდა განხორციელდეს კონტროლი. საქართველოში დარეგისტრირებული ყველა სასაკლაოზე, 2018 წლიდან დანერგილია „ჰასპის“ სიტემა, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სურსათის უვნებლობაში.

2. ჰიგიენური ნორმების დაცვა, პესტიციდებისა და სარწყავი წყლის კონტროლი როგორც სურსათის უვნებლობის განუყოფელი ნაწილი

ფერმებში, ჰიგიენური ნორმების დაცვა და ჯანმრთელი (ვაქცინირებული – იდენტიფიცირებული) ცხოველის ყოლა სურსათის უვნებლობის პირველი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია. ამავე რგოლის ნაწილია, ნიადაგზე ზრუნვა იმ ფერმერული მეურნეობებისთვის სადაც ბოსტნეული კულტურები მოჰყავთ. პესტიციდების გონივრული მოხმარება, სარწყავი წყლის სისუფთავე სასარგებლო, უსაფრთხო და კეთილსაიმედო ბოსტნეულის თუ მარცვლეული კულტურების მოყვანის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ სამივე კომპონენტი (წყალი, ნიადაგი, პესტიციდი) სათანადოდ არაა შემოწმებული, ასეთ გარემოში წარმოებული პროდუქტი შესაძლოა საფრთხის მატარებელი იყოს.

3. ეტიკეტი, როგორც სურსათის უვნებლობის კომპონენტი

ეტიკეტირება, სურსათის უვნებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეტიკეტი მომხმარებელს ატყობინებს, თუ რისგანაა პროდუქტი წარმოებული (მზა პროდუქციის შემთხვევაში) ასევე, პროდუქტის შენახვის პირობებს (ტემპერატურა და ვადა, წარმოების თარიღი და ვარგისიანობის ვადა) ე.წ ნედლი პროდუქტების შემთხვევაში, როგორიცაა ხორცი, რომელიც მაღალი რისკის პროდუქტია (ხორცი შესაძლოა ისეთი დაავადებების გადამტანი გახდეს, როგორიცაა ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) ეტიკეტი უნდა ასახავდეს შემდეგ ინფორმაციას: ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია 2-დან 6-გრადუსამდე, ხოლო, შენახვის ვადაა 48 საათი. გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ქვეყნის დასახელება (სადაც დაიკლა ცხოველი), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი; ასევე დამზადების თარიღი და დრო; თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი; თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება; სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, ღორი, ფრინველი) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც. სავაჭრო ობიექტებში ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც პროდუქტი ინახება.

ყველა მომხმარებელი საგულდაგულოდ უნდა გაეცნოს ეტიკეტს, იმისათვის, რომ დარწმუნებული იყოს პროდუქტის ვარგისიანობაში, წარმომავლობასა და შენახვის პირობებში. ეტიკეტთან ერთად, ყურადღება უნდა მიექცეს სარეალიზაციო გარემო პირობების ჰიგიენას.

4. სასურსათო პროდუქტების სახლში დამუშავება და მომზადება

სურსათის უვნებლობა სახლში პროდუქტის მოტანით არ სრულდება. მაცივარში მოთავსებამდე ან მომზადებამდე პროდუქტები საგულდაგულოდ უნდა დამუშავდეს (გაირეცხოს). განცალკევებით უნდა განთავსდეს ხორცპროდუქტები და ბოსტნეული. ხორცი თერმულად სათანადოდ უნდა დამუშავდეს, რაც უზრუნველყოფს მასში არსებული პათოგენების განადგურებას. ხორცის მომზადებისას სასურველია თუ მზარეული ერთჯერად ხელთათმანებს გამოიყენებს. სურსათის მომზადების შემდგომ კი, კერძი მაცივარში უნდა ინახებოდეს და ის არ უნდა გაიყინოს თუ მის რამდენჯერმე გაცხელებას გეგმავთ (კერძის ხელახალი შეცხელება 1-ჯერ მეტად არაა რეკომენდირებული) მზადების პროცესთან ერთად ჯეროვნად უნდა გაიწმინდოს ზედაპირი, რომელზეც გაურეცხავი პროდუქტები იყო განთავსებული.

შემთხვევითი სიახლე

ბიოქიმფარმი StopCoV ფონდში 10 000 ლარს გადარიცხავს

კომპანია ბიოქიმფარმი უერთდება COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლას. ფაგის პრეპარატების მწარმოებელი კომპანია StopCoV ფონდში კორონავირუსის წინააღმდეგ …