რა გავლენა ექნება შესაძლო გლობალურ რეცესიას საქართველოზე

მსოფლიოში ინფლაციის მაღალ დონეს ქვეყნების ეროვნული ბანკები მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით პასუხობენ, საპროცენტო განაკვეთების ზრდა ეკონომიკურ აქტივობას აფერხებს და ზრდის რეცესიის რისკს.

საერთაშორისო ორგანიზაციები, იქნება ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდი თუ მსოფლიო ბანკი, ომის შედეგების ფონზე ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს ამცირებენ, თუმცა მათ სცენარებში რეცესია ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია.

ბევრი ეკონომისტი ფიქრობს, რომ პროგნოზებს ვერ ვენდობით და დიდია ალბათობა იმისა, რომ წლის ბოლოს თუ არა, მომავალ წელს ქვეყნებს რეცესიასთან მოუწევთ გამკლავება. შესაძლო რეცესიაზე კვლევას მსოფლიო ბანკიც აქვეყნებს, სადაც 3 სცენარს განიხილავს.

მსოფლიოში რეცესიის რისკსა და საქართველოზე მის შესაძლო გავლენასთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი“ ესაუბრა ეკონომისტ გია ჯანდიერს, რომელიც ამბობს, რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ ბევრი რამ უცნობია, რაც პროგნოზის გაკეთებას ართულებს და ზოგადად, პროგნოზები ხშირად არ მართლდება.

„პროგნოზებს ვერ ვენდობით. ჯერ არ ვიცით, როდის და რამდენად მალე დამთავრდება ომი უკრაინაში და დასრულების შემდეგ რამდენ ხანს გაგრძელდება სანქციები, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ ესაა. ბევრი ამერიკული თუ ევროპული კომპანია რუსეთში ჩარჩა, ბევრი გაურკვევლობაა ჩვენ გარშემო და პროგნოზის გაკეთება რთულია.

არანაკლებ მასშტაბურია პოსტ-პანდემიური ეფექტები. არც ის ვიცით, ბოლომდე რას ვგულისხმობთ, როცა პოსტ-პანდემიურ პერიოდს ვამბობთ და პანდემია ბოლომდე დასრულდა თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ჩინეთში რომ არ დასრულებულა, ნათელია და ამასაც რა გავლენა ექნება, ბუნდოვანია“, – ამბობს ჯანდიერი.

რა გავლენა ექნება შესაძლო გლობალურ რეცესიას საქართველოზე? საერთაშორისო ვაჭრობა, სამომხმარებლო სექტორი და ფულადი გზავნილები ის სექტორებია, რომლებზეც, გია ჯანდიერის აზრით, რეცესია ყველაზე მეტად იმოქმედებს.

„ქართულ სინამდვილეშიც ძალიან ძნელია პროგნოზის გაკეთება. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, ჩვენ რამდენ შეცდომას დავუშვებთ და არა სხვა ქვეყნები. მე მგონია, რომ ხშირად ცეცხლს ვეთამაშებით იმ კუთხით, რომ ეროვნულ ბანკს ძალიან ბუნდოვანი პოლიტიკა აქვს – რატომ იღებს გადაწყვეტილებებს ან რასთანაა ისინი დაკავშირებული ცნობილი არაა.

მართალია, გააჩნია, რა პოლიტიკას აირჩევს ეროვნული ბანკი, თუმცა, როგორც წესი, საქართველოს ეკონომიკაზე იმ ქვეყნების პრობლემები აისახება, რომლებთანაც მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს. თუ რეცესია შეეხება ჩვენს ტურისტულ, სავაჭრო თუ ბიზნეს პარტნიორებს, ხალხს ნაკლები ფული ექნება მოგზაურობისთვის, ჩვენთან კიდევ ეს სექტორები მუშაობს ყველაზე მეტად.

რეცესია აუცილებლად იმოქმედებს მოხმარებაზე და სამომხმარებლო სექტორზე. ასეთ დროს ადამიანები იწყებენ ყოყმანს დახარჯონ თუ არა ფული და ფულის დახარჯვა მთავრობას მოუწევს. თუმცა, შიგნით არსებული სერვისები თავის ადგილზე დარჩება და იმუშავებენ, მათზე რეცესიას დიდი გავლენა არ აქვს ხოლმე.

შემცირდება ფულადი გზავნილებიც. თუ ევროკავშირში, აშშ-ში და რუსეთში იქნება რეცესია, ნაკლები ფული გამოიგზავნება და ეს ასევე ჩვენს ეკონომიკაზე აისახება. ბოლო 10 წლის განმავლობაში ფულადი ნაკადების მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 7%-დან 15%-მდე ავიდა, რაც სერიოზული მაჩვენებელია“, – ეუბნება ჯანდიერი „ბიზნესპრესნიუსს“.

ცნობისთვის, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, წელს ქვეყნის ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება, მომდევნო წლების, 2023 და 2024 წლების პროგნოზი, 5.5% და 5%-ია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, ქვეყანაში ზრდა წელს 3.2%-იანი იქნება, საქართველოს ეროვნული ბანკი კი ქვეყნის ეკონომიკის 9%-ით გაზრდას პროგნოზირებს.

 

წყარო: bpn.ge

შემთხვევითი სიახლე

მსოფლიოში 5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

5 დეკემბერს, მსოფლიო კონკურენციის დღე, სხვადასხვა აქტივობებით, 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო …