რა არქეოლოგიურ აღმოჩენებს მიაკვლიეს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისას

თბილისი (BPI) – გუდიაშვილის მოედნის  რეაბილიტაციის პროცესში არაერთი არქეოლოგიური ნივთი აღმოაჩინეს. ქალაქის მერი ამბობს, რომ ყველა ნივთი მაქსიმალურად შენარჩუნდება  და მუზეუმში განთავსდება.

გუდიაშვილის მოედანის რეაბილიტაციის ფარგლებში ცოტა ხნის წინ, ახოსპირელის 3/7-ში  გამოვლინდა გუმბათოვანი სარდაფი, რომელიც სპეციალისტების ვარაუდით მე-17-18 საუკუნეებს განეკუთვნება. ამავე მისამართზე მომიჯნავე სარდაფში აღმოჩენილია მოჭიქული თასი, რომელიც მე-11-12 საუკუნეებს ეკუთვნის. იანვარში სულ7 მოჭიქული თასი და 3 ჭრაქი აღმოაჩინეს.

აღმოჩენების გამო, სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები.

აღმოჩენების შენარჩუნების მიზნით, თბილისის განვითარების ფონდმა საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებები შეიტანა, რათა აღდგენილი ისტორიული ძეგლები მომავალში მაქსიმალურად საინტერესო და მიმზიდველი გახდეს ტურისტული თვალსაზრისითაც.

ამ ეტაპზე, გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს შენობების ნაწილის  შიდა სარემონტო, ფასადის მოპირკეთების, სველი წერტილების, შუშაბანდებისა და აივნების მოწყობის სამუშაოები. მეორე ნაწილზე, კონკრეტულად კი, აბო თბილელის N1-სა და ახოსპირელის 3/7-ში ისტორიული ძეგლების საძირკვლებისა და სარდაფების კონსტრუქციული გამაგრება-აღდგენის სამუშაოები, მხატვრული და ხის დეკორატიული ელემენტების სარესტავრაციო სამუშაოები, ასევე, ახლად გამოვლენილი არქეოლოგიური ნაგებობების შესწავლის მიზნით, მათი გაწმენდის სამუშაოები.

ჯიბლაძის N3-სა და N5-ში მიმდინარეობს შენობების დემონტაჟის სამუშაოები, ხოლო აბესაძის N21-ში – შენობის კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოები.

შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს წინ უძღოდა მოედნის კონსერვაციის გეგმის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების აღდგენის სამუშაოები.

ლადო გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულ აღდგენას ექვემდებარება 26  შენობა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის 22 ძეგლი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 2018-2019 წლებში შეადგენდა 37 მლნ.  2019-2020 წლებისთვის კი დამატებით გამოიყო 25 მლნ ლარი.

გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო პროექტის საერთო ღირებულება  62 მლნ ლარია.

პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 124-მდე  ბინათმესაკუთრეს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდება. ასევე, უძრავი ქონების ღირებულება გაიზრდება. ქალაქის ისტორიულ ნაწილში გაჩნდება ახალი, ტურისტულად აქტიური ქუჩები, რაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია.

გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე მოიცავს გუდიაშვილის მოედნისა და ბაღის გამწვანება-კეთილმოწყობას, ქუჩების საფარის აღდგენას, რეაბილიტირებულ არეალში მუზეუმის/საგამოფენო სივრცის მოწყობას.

გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.

შემთხვევითი სიახლე

როგორ უნდა მოიქცნენ სესხის გადავადების მსურველები – ბანკები განაცხადების მიღებას იწყებენ

თბილისი (BPI) – სესხების ივნისი-აგვისტოს პერიოდში გადავადების მსურველებისთვის კომერციული ბანკების ვებგვერდზე სპეციალური განაცხადი დაიდება, რომლის …