რას აკეთებს RMG მდინარეების დაბინძურების აღსაკვეთად

თბილისი (BPI) – როგორ ასრულებს RMG -ი სახელმწიფოს მიერ დაკისრებულ გარემოსდაცვითი ღონისძიებებს კაზრეთში – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ქვემო ქართლს გარემოს დაბინძურების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფთან ერთად ესტუმრა.

ლევან დავითაშვილის თქმით, კომპანია მუშაობს დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე, კრიტიკული წერტილების გამოსწორებაზე.

მინისტრის თქმით, ინსპექტირება სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ჩაატარა, სპეციალისტები ახორციელებენ მუდმივ მონიტორინგს. “ვფიქრობთ, კრიტიკული საკითხების ძირითადი ნაწილი 2020 წელს მოგვარდება”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.„ბოლო 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაბინძურების აღმოფხვრის კუთხით, რაც სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის თანაშრომლობის ფორმატში საკითხების გადაჭრის საუკეთესო მაგალითია”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

როგორც საყდრისის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ნინო ბურჭულაძემ აღნიშნა, კომპანიამ რთული სამუშაოების შესრულება შეძლო.

„კომპანიის შესრულებული სამუშაოების ეფექტიანობის შესახებ დასკვნების გაკეთება კი გაზაფხულზე იქნება შესაძლებელი”, – განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

სამინისტროს მიერ კომპანიისთვის განსაზღვრული ვალდებულებების ძირითადი საკითხები წყალდაცვით ღონისძიებებს უკავშირდებოდა.

როგორც კომპანია აცხადებს, RMG-მ, სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, მოაწყო სადრენაჟე სისტემები, დაასრულა წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა, რის შედეგად, მდინარე კაზრეთულას, მაშავერასა და ფოლადაურის დაბინძურების წყარო აღკვეთა. ასევე დაასრულა მტვერდამჭერი სისტემის მოწყობა, რაც კომპანიის საქმიანობიდან გარემოზე მიყენებული ზიანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამაბინძურებელს წარმოადგენდა.

„კომპანიამ შეძლო და შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებების დიდი ნაწილი. წლევანდელ წელს დასრულდება გაწმენდითი ნაგებობების მშენებლობა და მდინარეების დაბინძურება სრულად აღმოიფხვრება”, – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე ლიპარტიამ.

შემთხვევითი სიახლე

“უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციური განათლების სარგებელსა და გამოწვევებზე კვლევა ჩატარდა”

თბილისი (BPI) – სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაფუძნებულმა ბიზნეს კვლევების სახლმა, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციური განათლების …