პროკურატურამ უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის დაბრუნების განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სამეგრელოს რეგიონში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი 2 ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულთა უფლებების აღდგენის მიზნით, მათთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით, მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ირიცხებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად და ისინი შესაბამისი კომპენსაციის მიღების გარეშე საკუთრებას არ თმობდნენ.

პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა, საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადაგზავნა. აღნიშნულის საფუძველზე, 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა. მათ შორის აღმოჩნდა ადგილობრივი მცხოვრებლების მიწის ნაკვეთებიც ისე, რომ მოსახლეობას რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღია, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება.

სახელმწიფოს საკუთრებაში უსაფუძვლოდ დარეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის მოექცა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მდებარე მალხაზი სარჩიმელიას მიწის ნაკვეთი ფართობით 6202 კვ.მ და რეზო სარჩიმელიას მიწის ნაკვეთი ფართობით 6702 კვ.მ.

დეპარტამენტი მიმართავს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, რათა დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული აღნიშნული მიწის ნაკვეთები.

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მათ მიმართ შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება და აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები ასევე ეტაპობრივად დაუბრუნდებათ სხვა დაზარალებულ მოქალაქეებსაც, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას.

ასევე, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში ჩატარებული ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად, ყოფილი მსჯავრდებულების – გაგი ხვედელიძის და ვასილ დავითიას მიმართ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

აღნიშნულ საქმეებზე დადგენილი და დაკითხული იქნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები. მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის ანალიზის საფუძველზე, აღნიშნული პირების მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი გამოირიცხა.

2006 წელს, გაგი ხვედელიძე გასამართლებული იქნა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის გამგებლობაში მყოფი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის ბრალდებით, არაერთგზის, დიდი ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ”, „გ” და „დ” ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით).

გაგი ხვედელიძეს, რომელიც მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე, იმჟამინდელი გამოძიება ედავებოდა 2002 წლის 1 აპრილიდან – 2004 წლის 1 ივლისამდე პერიოდში 15 ხელმძღვანელ მუშაკზე 5 400 ლარის ღირებულების, 5500 ლიტრი ბენზინის გაფლანგვას; ზ.უ-სთან საქართველოს კონტროლის პალატის კუთვნილი ავტომანქანის გაცვლის ოპერაციით 2 865 ლარის გაფლანგვას; მოქალაქე ს.ნ-სთან ავტომანქანის გაცვლის ოპერაციით 2 100 ლარის გაფლანგვას; 309 ლარად ღირებული ავტომანქანის მაგნიტოფონის და 209 ლარად ღირებული ფოტოაპარატ “კოდაკის„ მითვისებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენით, გაგი ხვედელიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გაგი ხვედელიძემ ბრალად შერაცხული 5 500 ლიტრი ბენზინი სამსახურებრივ ავტომანქანებზე დასახელებულ პერიოდში გასცა სამსახურებრივი დანიშნულებით, რა მიმართულებითაც თავის დროზე გამოძიება არ ჩატარებულა. ს.ნ-სთან ავტომანქანის გაცვლის ეპიზოდთან დაკავშირებით დადგინდა, რომ აღნიშნულ ფაქტთან მას არანაირი შემხებლობა არ  ჰქონია, ვინაიდან იმ პერიოდში იგი არ ასრულებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას. რაც შეეხება ზ.უ-სთან ავტომანქანის გაცვლის ოპერაციით 2 865 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს, გამოძიებით დადასტურდა, რომ ავტომანქანის გაცვლა მოხდა კანონის სრული დაცვით. ასევე, სრულად გამოირიცხა გაგი ხვედელიძის ბრალეული ქმედება ფოტოაპარატ „კოდაკისა” და ავტომანქანის მაგნიტოფონის მითვისების ეპიზოდში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩატარებული ხელახალი გამოძიების ფარგლებში დადასტურდა, რომ გაგი ხვედელიძის მიმართ გამოძიება წარიმართა ტენდენციურად და არ მომხდარა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა. შესაბამისად, ხელახალი გამოძიების შედეგად გამოირიცხა გაგი ხვედელიძის მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

რაც შეეხება ყოფილი მსჯავრდებულის, ვასილ დავითაიას მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეს, იგი მუშაობდა რა საქართველოს შს სამინისტროს მატერიალურ ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე 2004 წელს გასამართლებული იქნა სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, – მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიება ვასილ დავითაიას ედავებოდა, რომ მის მიერ სამსახურისადმი გულგრილი დამოკიდებულებით შსს მატერიალურ – ტექნიკური და ფინანსური დეპარტამენტის კუთვნილი სპეცსახსრების ანგარიშიდან 2000 წლის განმავლობაში სხვადასხვა ანგარიშვალდებულ პირებზე შვიდ შემთხვევაში ხარჯებში უსაფუძვლოდ ჩამოიწერა 100 456 ლარი.

2004 წლის 24 ნოემბერს ვასილ დავითაიას და საქართველოს გენერალურ პროკურატურას შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება სასჯელზე გარიგებით, ბრალის აღიარების გარეშე, რაც დამტკიცდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 24 დეკემბრის განაჩენით. ვასილ დავითაია ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 162 დღიური ანაზღაურებით 50 ლარის ოდენობით, სულ 8140 ლარი.

ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით კი დადასტურდა, რომ ანგარიშვალდებულ პირებზე (შვიდი ეპიზოდი) გაცემული ნაღდი ფულადი თანხები გაიხარჯა მიზნობრივად. ასევე დადასტურდა, რომ ვასილ დავითაიას მიმართ გამოძიება წარიმართა ტენდენციურად და არ მომხდარა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, შესაბამისად ხელახალი გამოძიების შედეგად გამოირიცხა ვასილ დავითაიას მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოფილი მსჯავრდებულების მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულების უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ. შესაბამისად, პროკურატურა მიმართავს სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის შუამდგომლობებით.

დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 443 პირი, რომელთაგან 315 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 59 610 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 112 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 90 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 30 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი.

 

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილება

პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მოწვევით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს …